Baby Bag

„ადამიანები იმუნურები გახდებიან... და კორონაც გაუდგება სხვა კორონავირუსების გზას... მთავარია, ვისწავლოთ მასთან თანაცხოვრება“ - გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

„ადამიანები იმუნურები გახდებიან... და კორონაც გაუდგება სხვა კორონავირუსების გზას... მთავარია, ვისწავლოთ მასთან თანაცხოვრება“ - გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ქართველი ექიმი ნინო ნაცვალაძე, რომელიც გერმანიაში ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს, ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. როგორც ის აღნიშნავს, გერმანიამ ააზრებული ნაბიჯებით შეძლო ინფექციის შეკავება და მასთან სწორი მიდგომებით ბრძოლა:

„ამ დილით ჩემს კლინიკაში აპარატიდან მოიხსნა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გავწერეთ, ეპიდემიის პირველი ტალღის, ბოლო პაციენტი...
მძიმე კოვიდიანთა მკურნალობის ზედამხედველობა და მენეჯმენტი თავიდანვე ჰქონდა ჩაბარებული ქალ. საბინე პეხერს....როგორც ყველაზე გამოცდილ, მრავლისმნახველ და გამორჩეულ პროფესიონალს... საბინე დღეს გახარებულიც იყო და ცოტა გულდაწყვეტილიც. ბოლო დღეებში მეზობელ კლინიკებშიც მსგავსი სიმშვიდე იყო, ამიტომ, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, დარეკა სპეც. ნომერზე....უკვე შეგვიძლია პაციენტების მიღება საფრანგეთიდანაც და ინგლისიდანაცო...

შემდეგ ჩემთან, სახლში წამოვედით... ძალიან მაინტერესებდა, ბოლო კვირაში მის მიერ ჩამოყალიბებული, ჩვენი და პარტნიორი კლინიკების ახალ და ჯერ მაინც მწირე გამოცდილებაზე დამყარებული, კოვიდიანი მძიმე პაციენტების მკურნალობის მეთოდები, რჩევები და თავისებურებები. დისკუსიაც გვქონდა... გაოგნებულიც ვიჯექით... ვფიქრობდით, როგორ იცვლებოდა მკურნალობის მიდგომები ყოველ კვირას... რაც თავიდან სწორი გვეგონა, ახლა შეცდომა იყო... რასაც ადრე ვამტკიცებდით, დღეს მცდარი აღმოჩნდა....არც დაავადების მიმდინარეობა ჰგავდა ხშირად დისტერს სინდრომს, რაშიც თავიდან დარწმუნებული ვიყავით...იყო ბევრი კითხვა...ინდივიდუალური მიდგომები და გადაწყვეტილებები..... გვიკვირდა, როგორ თავგზას უბნევდა ეს უჩინარი ვირუსი ჩვენს ცოდნას და გამოცდილებას...
გაღიზიანებული წამოვხტი, 3 საათიანი საუბრის შემდეგ, ვერაფერი ვერ გავუგე ამ წყეულს და სულ აირია ყველაფერი თავში.... დამამშვიდა... ნუ ითხოვ პასუხს იმაზე, რაც არავინ იცის... წამაკითხა სმს-ები და მიჩვენა ვიდეოები, როგორ ცდილობდა 27 სხვადასხვა კლინიკის შეფ - ექიმი ამ ერთი თვის განმავლობაში გამოცდილების გაზიარებას და კონსესუსის მოძებნას.

და ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია ბევრი კითხვა... ინფორმაციის ზღვა მოდის... სარწმუნო კვლევები ჯერ არ დადებულა... გამოცდილება საკმარისი არაა...მართლა თავდაყირა დააყენა თვალისთვის უჩინარმა ვირუსმა ყველაფერი....

და მაინც ვიბრძვით, ვცდილობთ მივუახლოვდეთ, უფრო მეტი გავიგოთ მასზე... ვეჩვევით მის გარემოცვაში ცხოვრებას...
გამარჯვებამდე დიდი დროა, ზეიმი მართლა ნაადრევია...
დღემდე დანაკლისებით, მაგრამ მაინც ორგანიზებულად და გააზრებული ნაბიჯებით შეძლო გერმანიამ ინფექციის შეკავება და მასთან სწორი მიდგომებით ბრძოლა... ჯერ რესურსების 30%-ია გამოყენებული ...

ზომიერად დატვირთული და არა გადატვირთული რეჟიმიდან, ძალიან ფრთხილად უბრუნდება გერმანიის კლინიკები ძველი ცხოვრების წესს... ორშაბათიდან ვიწყებთ გეგმიურ ოპერაციებს.... მოწესრიგებული სისტემის და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამო, ინფექციის გადაცემის დინამიკა იცვლება.... იზრდება, მაგრამ ისე, რომ მრუდი ბლაგვი ხდება... შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც დაანონსდა... არ გვავიწყდება მთავარი ვირუსოლოგის, ბატ. ქრისტიან დროსტენის გაფრთხილება: დაინფიცირების პროცესი გაგრძელდება... წელიც და მეტიც... ინფიცირებულების რიცხვი მოიმატებს, 70%-იც გახდება და საჭიროც არის ასეთი დიდი პროცენტით შემხებლობა ვირუსთან... ოღონდ ნელა, ნაკლები დანაკარგებით! მალე გვეყოლება დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომელთაც გამომუშავებული ექნებათ ანტისხეულები. ადამიანები იმუნურები გახდებიან... და კორონაც გაუდგება სხვა კორონავირუსების გზას. ჩვენ მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება, თუმცა, ის აღარ იქნება ისეთი საშიში, როგორიც ახლაა. მთავარია, ვისწავლოთ საზოგადოებამ მასთან თანაცხოვრება...

მე დღეს დავიჯერე, რომ ქართველი ხალხი გერმანელებთან და მსოფლიოს ცივილიზებულ ხალხებთან ერთად, იმ შეგნებულ საზოგადოებას წარმოადგენს, რომელიც ითვალისწინებს და საჭიროების მიხედვით ცვლის ცხოვრების წესს. რადგან ყოველთვის იქნება "ჩინეთი", რომელიც არაფერს ცვლის ყოფით ცხოვრებაში, დანაშაულის მიუხედავად....

დღეს ვიგრძენი, რომ უკვე სხვა ადამიანები ვართ, შეიძლება უფრო გულისხმიერები და თბილები!
ყველას გილოცავთ აღდგომის უდიდესს დღესასწაულს!“ - წერს ნინო ნაცვალაძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

კარგი სიახლეები COVID-19-ის ახალ შტამზე

კარგი სიახლეები COVID-19-ის ახალ შტამზე

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე COVID-19-ის ახალ შტამზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი ახალი შტამი, ჯერ კიდევ სექტემბერში ფიქსირდებოდა:

„საზოგადოებისთვის რამდენიმე დღეა ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის სამხრეთ ნაწილში დაფიქსირებულია კოვიდის ახალი შტამი. ამ ახალ შტამზე კი წერს მედია, რომ დეკემბერში აღმოჩნდაო, მაგრამ რეალურად დეკემბერში არ აღმოჩენილა. ეს შტამი ჯერ კიდევ სექტემბერიდან ფიქსირდებოდა. უბრალოდ დეკემბრის პერიოდში გახდა უფრო დომინანტური შტამი დიდ ბრიტანეთში. ერთ-ერთი გამოკვლევის დროს, როცა შეისწავლეს ვირუსის ნუკლეინის მჟავა, ნახეს, რომ თურმე ახალი შტამი ყოფილა და ამ ინფორმაციამ შეაშფოთა საზოგადოება. ჯერჯერობით არაა ასე ფართოდ გახმაურებული, მაგრამ კიდევ ერთი ახალი შტამია აღმოჩენილი, ეს არის სამხრეთ აფრიკის შტამი, ალბათ ამ დღეებში იტყვიან ამის შესახებაც ტელევიზიები. სამხრეთ აფრიკის შტამი და დიდი ბრიტანეთის შტამებია ახლა დომინანტი შტამები, რომლებმაც წინა ხაზზე წამოიწიეს,“ - საუბრობს ექიმი.

გიორგი ღოღობერიძე კორონავირუსის აგებულებას ხსნის და მოსახლეობას COVID-19-ის ახალ შტამზე ისეთ სიახლეებს აწვდის, რომლებიც პანიკის საფუძველს არ მისცემს:

„თუ თქვენ ერთხელ უკვე მოიხადეთ კოვიდინფექცია, მიუხედავად იმისა, რომ არის ახალი შტამები (დიდი ბრიტანეთის და სამხრეთ აფრიკის), ისინი ჩვენს ორგანიზმზე ვერ იქონიებენ გავლენას. მართალია, ეს ვირუსი ვრცელდება უფრო სწრაფად, მეტად გადამდებია, მაგრამ ის არ იწვევს მძიმე ინფექციებს, ჯერჯერობით ასე ჩანს (რადგან იგივე რჩება ვირუსის საერთო აგებულება). ის ვაქცინებიც, რომლებიც ახლა შეიქნა, 99%-იანი ალბათობით კვლავ აღმოჩნდება ეფექტური ამ შტამების წინააღმდეგ და რომც არ აღმოჩნდეს ეფექტური (ამის თეორიული ალბათობა 1%-ია), 6 კვირაში მაინც შეიქმნება ახალი ვაქცინა, ამიტომ ისევ მოხდება ამ ვირუსის განეიტრალება ძალიან მარტივად,“ - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

დასასრულს ექიმი მოსახლეობას რჩევებს აძლევს:

„კორონავირუსი ორგანიზმში რჩება დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, მაგრამ, როცა ადამიანის იმუნური სისტემა არის დაქვეითებული, შეიძლება ვირუსის რამდენიმე კვირის, თვის განმავლობაშიც დარჩეს. ამიტომაც არის, რომ იმ პაციენტებში ხდება კორონავირუსის მუტაციები, რომელთა იმუნური სისტემაც არის დათრგუნული. ჩემი რჩევა იქნება, რომ არ ინერვიულო, შეხვდი ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად. მერე რა, რომ ახალი შტამებია, ჩვენი სხეული მაინც ახერხებს მათთან გამკლავებას ძალიან მარტივად. შეიქმენი პოზიტიური განწყობა, ნუ ინერვიულებ, ნუ შეიქმნი სტრესით ხელოვნურ იმუნოდეფიციტს. არანაირი რეინფექციის რისკი ამ ახალი შტამისგან ჯერჯერობით არ არსებობს“, - დასძენს გიორგი ღოღობერიძე.

წაიკითხეთ სრულად