Baby Bag

მეცნიერები ბავშვების სახიფათო ტოქსინებისგან დასაცავად მშობლებს ძველ ხალიჩებზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ

მეცნიერები ბავშვების სახიფათო ტოქსინებისგან დასაცავად მშობლებს ძველ ხალიჩებზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ

სახლში ძველი ხალიჩები თუ გაქვთ და პატარებიც გყავთ, დეკორაციის ცვლილებაზე დაფიქრება მოგიწევთ. როგორც აღმოჩნდა, ბავშვებს ძველ ხალიჩებთან კონტაქტის დროს საშიშ ქიმიკატებთან აქვთ შეხება. PFAS - პერფუორალკილები საშიში ქიმიკატებია, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე უკიდურესად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.


PFAS ქიმიკატები ორგანიზმში ჰორმონული ბალანსის რღვევას, იმუნური სისტემის დისფუნქციებს, ნეიროგანვითარების დარღვევებს და სიმსივნეს იწვევს. მწარმოებლები აღნიშნულ ქიმიკატებს ხალიჩების ლაქებისა და ჭუჭყისგან დასაცავად იყენებდნენ, თუმცა თანამედროვე სამყაროში აღნიშნული ქიმიკატების გამოყენება თითქმის ყველა მწარმოებელმა შეწყვიტა. ოჯახებმა, სკოლებმა და საბავშვო ბაღებმა ბავშვების ტოქსინებისგან დასაცავად ძველი ხალიჩები ახლით უნდა ჩაანაცვლონ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევები აქტიურად ტარდება. მკვლევარების თქმით, სკოლამდელი ასაკის ბავშვების უდიდესი ნაწილი მთელი დღის განმავლობაში იატაკზე ძალიან დიდ დროს ატარებს, რის გამოც, მათ ხალიჩასთან შეხება ხშირად აქვთ.

საშიში ქიმიკატები, რომლებსაც ძველი ხალიჩები გამოყოფენ ბავშვების ხელებსა და სათამაშოებზე გროვდება. პატარები ხშირად ხელებს და თოჯინებს პირში იდებენ, რაც ორგანიზმში ტოქსინების მოხვედრას უწყობს ხელს.

მკვლევარებმა კალიფორნიის 18 საბავშვო ბაღიდან ხალიჩებსა და მტვერში PFAS ქიმიკატების კონცენტრაციის შესასწავლად სპეციალური კვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ძველი ხალიჩები 40-მდე PFAS ქიმიკატს შეიცავდა, რაც ბავშვების ჯანმრთელობისთვის უკიდურესად სახიფათოა.

საბედნიეროდ, სავაჭრო კომპანიების უდიდესი ნაწილი აღნიშნული ქიმიკატების შემცველი ხალიჩების გაყიდვაზე უარს აცხადებს. მკვლევარები თვლიან, რომ კომპანიების გადაწყვეტილება ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დადებით ზეგავლენას მოახდენს.

საბავშვო ბაღები, სკოლები და ოჯახები ახალი ხალიჩების შეძენით ბავშვების სახიფათო ქიმიკატების ზეგავლენისგან დაცვას შეძლებენ. PFAS ქიმიკატები საკმაოდ მდგრადი და გამძლეა, ამასთან აღნიშნულ ქიმიკატებს ორგანიზმისთვის უამრავი ზიანის მიყენება შეუძლია. მკვლევარები მშობლებს ძველ ხალიჩებზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ, რათა ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს. 


მომზადებულია ​usnews.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქალწული ბავშვები ძალიან აწვალებენ მშობლებს ჭამის კუთხით, უყვართ საჭმლის დაყნოსვა,“- როგორები არიან ბავშვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

„ქალწული ბავშვები ძალიან აწვალებენ მშობლებს ჭამის კუთხით, უყვართ საჭმლის დაყნოსვა,“- როგორები არიან ბავშვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ზოდიაქოს ნიშნის ბავშვებისა და მათთან სწორი მიდგომების შესახებ ისაუბრა.

როგორები არიან ბავშვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? თქვენ, როგორც მშობელს როგორი მიდგომა გამოგადგებათ, რომ კომპრომისზე წამოიყვანოთ თქვენი შვილი? რა სირთულეები შეიძლება შეგხვდეთ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ბავშვთან?

ვერძი

ვერძი არის ძალიან აგრესიული ნიშანი. პატარა ვერძი თუ გყავთ, ის ძალიან პატარა ასაკიდან არის პიროვნება „მე თვითონ.“ უნდა, რომ თვითონ ჭამოს, თავისით აიღოს კოვზი. ეს ის ბავშვია, რომელიც თქვენ რომც არ გინდოდეთ, დამოუკიდებლობას მაინც მოიპოვებს. ნუ შეზღუდავთ მას. სიყვარულის გამოხატვა იციან უცნაურად. მოგვარდებათ უცებ და შეიძლება წაგაქციოთ. პატარა ვერძები ძალიან ხშირად ურტყამენ თავს ყველაფერს. მშობლების გასაგონად ვიტყვი, რომ აზრი არ აქვს ვერძს რამე აუკრძალოთ. მას ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს. ერთხელ რომ იტკენს რამეს, მეორედაც იმავეს იმეორებს. ის არ არის ბუნებით ფრთხილი. ბავშვობაში რაც უფრო მეტ ტრავმას იღებს, ხშირად წამოაყენეთ და წააქეზეთ. ნუ შეიცოდებთ ვერძს. მას არ უყვარს, რომ იცოდებენ. მან უნდა ისწავლოს თავიდანვე ტრავმებთან გამკლავება. ვერძები იშვიათად ავადმყოფობენ. თუ ავადმყოფობენ, საწოლში ვერ გააჩერებთ. დიდი ენერგია აქვს და რაღაცით დააკავეთ, სპორტზე, ცეკვაზე ატარეთ. თუ სახლში გამოკეტავთ, აგრესიული გახდება და ყველგან იპოვის შარს. ნუ შეადარებთ ვერძს სხვებს. თუ ეტყვით, რომ ცუდია, ეცდება, რომ უფრო ცუდი იყოს. თუ შეაქებთ, ყველაფერს გააკეთებს, რომ თქვენი სიყვარული და ნდობა გაამართლოს.

კურო

კურო ბავშვი არის სიმშვიდის მოყვარული, დაკვირვებული, წყნარი. ითვლება, რომ ერთ-ერთი ადვილი გასაზრდელი ბავშვია. ძალიან ჯიუტია, ამიტომ ყველაფერი უნდა აუხსნათ. თუ მშვიდად აუხსნით, წივილ-კივილის გარეშე, ძალიან კარგად გაიგებს. მნიშვნელოვანია, რომ დედა და მამა იყვნენ მშვიდი ადამიანები. კუროს სჭირდება დრო. კურო ბავშვს ხშირად არ უნდა შეუცვალოთ საცხოვრებელი. კურო ვერ იტანს მკვეთრ ცვლილებებს. თუ რამე უნდა შეიცვალოს ცხოვრებაში, დიდი ხნით ადრე უნდა დასვათ, აუხსნათ. კურო ბავშვებმა ნივთების აჩემება იციან. თუ თქვენ კუროს ნიშნით დაბადებული ბავშვი გყავთ, მას აუცილებლად ექნება აჩემებული სათამაშო. არასდროს არ გადაუგდოთ ეს სათამაშო. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიჩვევა.

ტყუპები

ტყუპის ნიშნით დაბადებული ბავშვი ხშირად შეიძლება გეგონოთ, რომ ერთი არ არის, არის ორი. ტყუპის ნიშნით ყველაზე მეტი ბიოლოგიური ტყუპი იბადება. ერთიც რომ იყოს ტყუპი, მაინც ორის ხარჯი აქვს. ძალიან მოძრავი, სხარტი ბავშვები არიან. მუდმივად ყურადღება უნდა მიაქციოთ, იმიტომ, რომ ყველაფერი აინტერესებთ. ტყუპები გონებრივად მოქნილი ბავშვები არიან. ისინი იძინებენ და იღვიძებენ კითხვებით. იმდენად ჩამჭრელი კითხვები აქვთ, რომ მშობლები შეიძლება დააბნიონ. აქ ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ ეხუმროთ. ტყუპი იუმორს აფასებს. ეს არის ბავშვი, რომელიც შეგიძლიათ წაიყვანოთ ყველგან. სამსახურშიც შეგიძლიათ ატაროთ, თუ დამტოვებელი არ გყავთ. დედმამიშვილის გარეშე ტყუპი მოიწყენს.

კირჩხიბი

კირჩხიბი ბავშვი ძალიან არის მიწებებული დედას. კირჩხიბები ოჯახის ადამიანები არიან. ეს ბავშვები თავიანთ შესაძლებლობებს უფრო ავლენენ ოჯახის წრეში. გარეთ იქნება ძალიან მორცხვი, ამოეფარება დედის კალთას. შეიძლება არ უყვარდეს სახალხოდ გამოსვლა. ეს ისეთი ბავშვია, რომელიც ყველაზე მეტად ტრავმირებული შეიძლება გაიზარდოს, თუ მას არ ზრდის დედა. კირჩხიბისთვის ეს არის ყველაზე დიდი ტრავმა. კირჩხიბს ძალიან ნუ გაანებივრებთ. ის შეიძლება აბსოლუტურად უსუსური ადამიანი გაიზარდოს. კირჩხიბ ბავშვებს ძალიან უყვართ წყალი. ბევრი კირჩხიბი ბავშვი ვიცი, რომელიც ცხოვრობს აბაზანაში და იქ თამაშობს. უყვართ გამოგონილი პერსონაჟები. ხშირად შეიძლება გამოიგონონ ვიღაც. არ გეგონოთ, რომ რამე ნერვული პრობლემა აქვს თქვენს შვილს, უბრალოდ ძალიან განვითარებული ფანტაზიის უნარი აქვს.

ლომი

ლომი ბავშვი ძალიან შემოქმედებითია, აქტიურია და დომინირება უყვარს. ბავშვობიდან მიაჩვიეთ მასზე პატარების დაცვას და დახმარებას. დაავალეთ, რომ დედმამიშვილი ამეცადინოს, ყურადღება მიაქციოს. ლომები ძალიან თეატრალური ხალხია. ბავშვობიდან მიიყვანეთ რამე აქტივობაზე, სადაც შეუძლია თავისი თეატრალური ნიჭი აჩვენოს. ლომი ძალიან ცოდოა, თუ მას ჩაკეტავთ. აუცილებელია, რომ ლომი სხვებისთვის ანგარიშის გაწევას მიაჩვიოთ. ლომი ძალიან ეგოისტია და ხშირ შემთხვევაში ვერ ხვდება, რატომ უნდა გაუწიოს ვინმეს ანგარიში.

ქალწული

ქალწული ერთ-ერთი ყველაზე კარგად გასაზრდელი ბავშვია, მხოლოდ ერთი სირთულის გამოკლებით. ისინი ძალიან აწვალებენ მშობლებს ჭამის კუთხით. ქალწული ბავშვი არასდროს არ შეჭამს შერეულ საჭმელს. ძალიან ცუდი თვისება აქვთ და უყვართ საჭმლის დაყნოსვა. აჩემება იციან ტანსაცმლის, საჭმლის. მობილიზებული ბავშვები არიან, ადვილად ემორჩილებიან დისციპლინას. ენის მოჩლექით საუბარი ბავშვობიდანვე არ უყვართ. ქალწულებს ბავშვობიდან არ უყვართ ზღაპრები. მშობლებს ვურჩევ, რომ ქალწულებს ხშირად ელაპარაკონ დიდივით.

სასწორი

სასწორის ნიშნის ბავშვები გამოირჩევიან სილამაზით. არ არსებობს, რომ ყურადღება არ მიიქციონ. ყველას მოსწონს, ყველას უნდა, რომ მოეფეროს. გამოკვეთილი აქვთ ტუჩები, ყვავილის ფორმის ტუჩები აქვთ. სასწორი ბავშვი საკმაოდ ჯიუტია და უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ნუ დააყენებთ თქვენს შვილს არჩევანის წინაშე. სასწორები ყველაზე ხათრიანი ადამიანები არიან და არას თქმა უნდა ასწავლოთ.

მორიელი

მორიელის ნიშნით დაბადებული ბავშვი ერთ-ერთ ყველაზე ძნელად აღსაზრდელად ითვლება. თუ მორიელის ნიშნის ბავშვს ელოდებით, პირველ რიგში ნერვული სისტემა გაიკაჟეთ. ის არის დაბადებიდან პიროვნება. მას ჩვილობიდან ეტყობა, რომ არის გამოკვეთილი, დომინანტი პიროვნება. რაც არ უნდა, ვერ გააკეთებინებთ ვერასდროს, თუნდაც სულ თითისტოლა იყოს. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რომ დედა ხართ, ან მამა ხართ, თუ თქვენ არ ხართ იმის განსახიერება, რის პროპაგანდასაც ეწევით, მის თვალში ავტორიტეტი არ იქნებით. აკრძალვებს არ ცნობს, არ დაგემორჩილებათ. თუ გაგიბრაზდათ, შეუძლია დღეები არ გელაპარაკოთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ხშირად ცნობილი ადამიანების ოჯახებში იბადებიან, ბავშვობიდან ბევრს მოგზაურობენ. ყველაზე რთული რაც აქვს მშვილდოსანს, არის ის, რომ ძალიან გულმართალია. მას შეუძლია დედა და მამა შეარცხვინოს საზოგადოებაში, იმიტომ, რომ გაახმოვანოს ისეთი ისტორიები, რაც მხოლოდ ოჯახში უნდა დარჩეს. მას არ შეუძლია ტყუილი. მშვილდოსანს ბავშვობიდან უნდა ასწავლოთ დიპლომატია. მას ძალიან ნუ შეზღუდავთ. უყვარს ცხოველები. შეუძინეთ მშვილდოსან ბავშვს ცხოველები. ის ძალიან მეგობრულია, ადვილად შედის კომუნიკაციაში. მშვილდოსანი ბავშვები კარგად სწავლობენ უცხო ენებს. დააკავეთ სპორტით, რადგან წონისკენ აქვთ მიდრეკილება.

თხის რქა

თხის რქები დაბადებიდან არიან დიდები. ისინი უკვე გაზრდილები იბადებიან და მერე აკლდებათ ასაკი. ხშირად არის, რომ თხის რქები ბავშვობიდან დიდურ ვალდებულებებს იღებენ. მათ თვითონ ეჩქარებათ გაზრდა. მას არ უნდა ელაპარაკოთ ენის მოჩლექით. შეგიძლიათ ძალიან თანასწორუფლებიანი ურთიერთობა გქონდეთ. თხის რქებს ბავშვობიდან ხშირად აკლიათ სითბო. პატარა ასაკში ეცადეთ მაქსიმალურად გახსნილი იყოთ მის მიმართ. დიდ ასაკში მერე მას თავად აღარ გაუჭირდება ამ ყველაფრის გამოხატვა.

მერწყული

მერწყული ბავშვი არის ჩუმი მავნებელი. ის ანგელოზის სახით გიყურებთ, მაგრამ შეუძლია ძალიან ბევრი რამ გააფუჭოს. რაც არ უნდა ზეწოლა განიცადოს, ვერანაირად აზრს ვერასდროს ვერ შეაცვლევინებთ. აჯობებს, რომ მისცეთ თავისუფლება და ისე მოქმედების უფლება, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ. მერწყულს არ ახასიათებს შეწინააღმდეგება. თავს დაგიქნევთ, მაგრამ წავა და მაინც იმას გააკეთებს, რაც უნდა. ძალიან უყვარს არაორდინალური ადამიანები და შეიძლება სახლში „ბომჟები“ მოგიყვანოთ.

თევზები

თევზი ბავშვი თუ გყავთ, მოგიწევთ, რომ სახლში გქონდეთ საოჯახო კინოთეატრი. ეს არის ძალიან არტისტული ბავშვი, არის ძალიან მუსიკალური. თევზი ბავშვის ნიჭს თავიდანვე სჭირდება რაღაც ყალიბში ჩასმა, იმიტომ, რომ მეოცნებეა და შეუძლია დინებას მიჰყვეს. მშობლებს ვურჩევ, ბავშვობიდან აუცილებლად წააქეზონ და დისციპლინურ რეჟიმში გადაიყვანონ პატარა თევზები.

წყარო: ​„შენი დილა“

წაიკითხეთ სრულად