Baby Bag

მეცნიერები ბავშვების სახიფათო ტოქსინებისგან დასაცავად მშობლებს ძველ ხალიჩებზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ

მეცნიერები ბავშვების სახიფათო ტოქსინებისგან დასაცავად მშობლებს ძველ ხალიჩებზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ

სახლში ძველი ხალიჩები თუ გაქვთ და პატარებიც გყავთ, დეკორაციის ცვლილებაზე დაფიქრება მოგიწევთ. როგორც აღმოჩნდა, ბავშვებს ძველ ხალიჩებთან კონტაქტის დროს საშიშ ქიმიკატებთან აქვთ შეხება. PFAS - პერფუორალკილები საშიში ქიმიკატებია, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე უკიდურესად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.


PFAS ქიმიკატები ორგანიზმში ჰორმონული ბალანსის რღვევას, იმუნური სისტემის დისფუნქციებს, ნეიროგანვითარების დარღვევებს და სიმსივნეს იწვევს. მწარმოებლები აღნიშნულ ქიმიკატებს ხალიჩების ლაქებისა და ჭუჭყისგან დასაცავად იყენებდნენ, თუმცა თანამედროვე სამყაროში აღნიშნული ქიმიკატების გამოყენება თითქმის ყველა მწარმოებელმა შეწყვიტა. ოჯახებმა, სკოლებმა და საბავშვო ბაღებმა ბავშვების ტოქსინებისგან დასაცავად ძველი ხალიჩები ახლით უნდა ჩაანაცვლონ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევები აქტიურად ტარდება. მკვლევარების თქმით, სკოლამდელი ასაკის ბავშვების უდიდესი ნაწილი მთელი დღის განმავლობაში იატაკზე ძალიან დიდ დროს ატარებს, რის გამოც, მათ ხალიჩასთან შეხება ხშირად აქვთ.

საშიში ქიმიკატები, რომლებსაც ძველი ხალიჩები გამოყოფენ ბავშვების ხელებსა და სათამაშოებზე გროვდება. პატარები ხშირად ხელებს და თოჯინებს პირში იდებენ, რაც ორგანიზმში ტოქსინების მოხვედრას უწყობს ხელს.

მკვლევარებმა კალიფორნიის 18 საბავშვო ბაღიდან ხალიჩებსა და მტვერში PFAS ქიმიკატების კონცენტრაციის შესასწავლად სპეციალური კვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ძველი ხალიჩები 40-მდე PFAS ქიმიკატს შეიცავდა, რაც ბავშვების ჯანმრთელობისთვის უკიდურესად სახიფათოა.

საბედნიეროდ, სავაჭრო კომპანიების უდიდესი ნაწილი აღნიშნული ქიმიკატების შემცველი ხალიჩების გაყიდვაზე უარს აცხადებს. მკვლევარები თვლიან, რომ კომპანიების გადაწყვეტილება ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დადებით ზეგავლენას მოახდენს.

საბავშვო ბაღები, სკოლები და ოჯახები ახალი ხალიჩების შეძენით ბავშვების სახიფათო ქიმიკატების ზეგავლენისგან დაცვას შეძლებენ. PFAS ქიმიკატები საკმაოდ მდგრადი და გამძლეა, ამასთან აღნიშნულ ქიმიკატებს ორგანიზმისთვის უამრავი ზიანის მიყენება შეუძლია. მკვლევარები მშობლებს ძველ ხალიჩებზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ, რათა ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს. 


მომზადებულია ​usnews.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ ანტისხეულები თუ არ დაფიქსირდება, მაინც გაქვთ გარანტია, რომ ვირუსი მინიმუმ 6-8 თვე არ დაგემართებათ,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ  ანტისხეულები თუ არ დაფიქსირდება, მაინც გაქვთ გარანტია, რომ ვირუსი მინიმუმ 6-8 თვე არ დაგემართებათ,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

​​ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „დილის შოუ“ კოვიდ-19-ის დამარცხების შემდეგ ორგანიზმში ანტისხეულების დარჩენის საკითხზე საუბრობს. მისი თქმით, თუ ტესტირებამ კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები ვერ გამოავლინა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი არ აქვს ჩამოყალიბებული:

„ჩემდა გასაკვირად, ​კოვიდის გადატანის შემდეგ ბევრ ადამიანს არ უფიქსირდება ანტისხეულები ორგანიზმში. რამოდენიმე დღის წინ ახალ ზელანდიაში კვლევა გამოქვეყნდა, სადაც შეაფასეს ადამიანების ანტისხეულები. როდესაც ორგანიზმში ვირუსი შემოდის, მას ძალიან ბევრი კომპონენტი აქვს, გარედან გვირგვინები, ათასი კაფსიდი და ა.შ. ადამიანის ორგანიზმი თითოეული კომპონენტის მიმართ ცალ-ცალკე ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ბევრი სახეობის ანტისხეული ყალიბდებდა. ამ ანტისხეულებს შორის რომელი გაქრება, რომელი დარჩება, ეს საკითხი ახლა არის დახვეწის პროცესში. მთელ მსოფლიოში გაურკვეველია ჯერ ეს საკითხი. როდესაც ახალ ზელანდიაში კვლევა ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ ცალკეული ანტისხეულები უფრო მალე გაქრა, ზოგი კი დიდხანს შენარჩუნდა. ზოგიერთი ანტისხეული უფრო გამძლე აღმოჩნდა და რვა თვე დარჩა.“

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, თუ ტესტი ანტისხეულებს არ აჩვენებს, შესაძლოა, ეს უჯრედული იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე მიგვანიშნებდეს:

„ადამიანებს ფრუსტრაციაში აგდებს ის, რომ არ რჩებათ ანტისხეულები. ეს იმას ნიშნავს, რომ ანტისხეულები გაქვს, მაგრამ ვერ აღმოაჩინა ტესტმა, ან ჩამოგიყალიბდა უჯრედული იმუნიტეტი, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე ანტისხეულებით იმუნიტეტი, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ​ინფექცია მალე დაემართება ადამიანს. თუ ანტისხეულები არ დაფიქსირდება, მაინც გაქვთ გარანტია, რომ ვირუსი მინიმუმ 6-8 თვე არ დაგემართებათ.“

„მსოფლიოში რამდენიმე შემთხვევა არის რეინფიცირების, მაგრამ არ არის ეს მასობრივი. ვირუსი მუტაციებს განიცდის. იმის ალბათობა, რომ ადამიანს ვირუსი განსხვავებული შტამით დაემართოს, რა თქმა უნდა, არსებობს. საბედნიეროდ, ​ვირუსს კარდინალური და აგრესიული მუტაცია ჯერ არ განუცდია, ამიტომაც მასობრივი რეინფიცირება არ არის. პაციენტებში, რომლებმაც მსუბუქად გადაიტანეს ვირუსი, მანეიტრალიზებელი ანტისხეულები ნაკლებადაა, რაც იმას გულისხმობს, რომ მათი პლაზმა სხვა ადამიანს არ გამოადგება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელსაც კოვიდი მსუბუქად ჰქონდა, იმუნური დაცვა არ აქვს,“ - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

წყარო: ​დილის შოუ

წაიკითხეთ სრულად