Baby Bag

ეს შეიძლება მოხრჩობის რისკის შემცველი აღმოჩნდეს - რეკომენდებულია თუ არა მცირე ასაკის ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება?

ეს შეიძლება მოხრჩობის რისკის შემცველი აღმოჩნდეს - რეკომენდებულია თუ არა მცირე ასაკის ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება?

რეკომენდებულია თუ არა მცირე ასაკის ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება? - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ბოლო რეკომენდაციის თანახმად, თავშეყრის ადგილებში (განსაკუთრებით, მაღაზიებსა და აფთიაქებში) უნდა გამოიყენებოდეს ნიღბები, თუმცა ეს რეკომენდაცია არ ვრცელდება 2 წლამდე ასაკის ბავშვებზე და იმ ადამიანებზე, რომელთაც სუნთქვის გაძნელება აქვთ. ეს განსაკუთრებით ხაზგასმით არის ნათქვამი ქსოვილისგან დამზადებული პირბადეების შესახებ. ამის მიზეზებია:

- ბავშვებს ნიღბით უფრო მეტად უჭირთ სუნთქვა, ვიდრე მოზრდილებს
- ბავშვს სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში თავისით არ შეუძლია ნიღბის მოხსნა და ეს შეიძლება მოხრჩობის რისკის შემცველი აღმოჩნდეს
- ბავშვები ხშირად ეხებიან ნიღაბს და ამიტომ ნიღბის სწორად გამოყენება მათთან შეუძლებელია.

ამიტომ რამდენიმე ექიმმა სოციალური მედიით გააპროტესტა ამაზონზე განთავსებული, 0-3 წლამდე ასაკის ბავშვთა პირბადეების რეკლამა.

ვრცელდება რამდენიმე პროფილაქტიკური რეკომენდაცია მცირე ასაკის ბავშვებისათვის:

- ეტლით გასეირნებისას სასურველია ეტლს გადავაფაროთ (ეს რეკომენდაცია ისედაც არსებობდა ტრანსპორტით დატვირთულ ქუჩებში სეირნობისას გამონაბოლქვის ჩასუნთქვის რისკის შესამცირებლად)
- მეძუძურმა დედებმა სასუნთქი გზების დაავადების თუნდაც მცირედ გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში უნდა გამოიყენონ პირბადე ბავშვის კვებისას
- გარედან სახლში შემოსვლისას ჯერ მოზრდილმა უნდა დაიბანოს ხელი და შემდეგ დაბანოს ბავშვს.“

შეიძლება დაინტერესდეთ

თინეიჯერებს, რომლებიც ენერგეტიკულ სასმელებს რეგულარულად მოიხმარენ, ძილისა და სასწავლო მასალის ათვისების პრობლემები აქვთ

თინეიჯერებს, რომლებიც ენერგეტიკულ სასმელებს რეგულარულად მოიხმარენ, ძილისა და სასწავლო მასალის ათვისების პრობლემები აქვთ
უახლესი კვლევებით დგინდება, რომ 12-17 წლის ასაკის თინეიჯერების 1/3 რეგულარულად სვამს ენერგეტიკულ სასმელებს. ენერგეტიკული სასმელი დიდი რაოდენობით შაქარს, კოფეინს, დანამატებს: ლ-კარნიტინს, გოგირდის შემცველ ამინომჟავას და გუარანას შეიცავს. მართალია, მოცემული დანამატები მეხსიერების გაუმჯობესებას, ენერგიის მატებასა და კონცენტრაციის ზრდას უწყობს ხელს, მაგრამ აღნიშნული ინგრედიენტების ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის.

თინეიჯერების დიდი ნაწილი ენერგეტიკულ სასმელს იმ მოტივით სვამს, რომ დროის მოკლე შუალედში თავი უფრო ენერგიულად და გამოცოცხლებულად იგრძნოს. ზოგიერთი მათგანი ღამის გათენებას ცდილობს, ზოგს კი სურს რომელიმე კონკურსში მონაწილეობისას თავი უენერგიოდ ან უმოტივაციოდ არ იგრძნოს.
ენერგეტიკული სასმელი ორი სახისაა:

• ენერგეტიკული სასმელი, რომელიც ისეთ ქილაში ასხია, როგორშიც მსუბუქი ტკბილი სასმელები.
• ენერგეტიკული სასმელი, რომელიც პატარა ზომის ქილებშია ჩასხმული.
ორივე კატეგორიის ენერგეტიკული სასმელის მთავარ კომპონენტს კოფეინი წარმოადგენს. ამერიკის პედიატრთა აკადემიის ცნობით, ენერგეტიკული სასმელი მეტისმეტად დიდი რაოდენობის კოფეინს და ისეთ დანამატებს შეიცავს, რომელთა შეტანაა თინეიჯერთა რაციონში მიზანშეწონილი არ არის.
რატომ მოსწონთ თინეიჯერებს ენერგეტიკული სასმელები?
ენერგეტიკული სასმელები თინეიჯერებს სასურველი შედეგის მიღებაში ძალიან სწრაფად და მარტივად ეხმარება. ახალგაზრდა ათლეტები, რომლებიც ენერგეტიკულ სასმელს რეგულარულად მოიხმარენ, გაცილებით პროდუქტიულად ვარჯიშობენ, თუმცა კვლევებით დასტურდება, რომ მსგავსი ტიპის სასმელი მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ენერგეტიკული სასმელის დალევის შემდეგ ადამიანებს ენერგია ემატებათ და კონცენტრაციაც უუმჯობესდებათ, თუმცა აღნიშნული ეფექტი მოკლევადიანია. მათი ხშირი მიღება ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის მომტანიც შეიძლება აღმოჩნდეს. ენერგეტიკული სასმელის რეგულარული მოხმარებით გამოწვეული ზიანი მისგან მიღებულ სარგებელს მნიშვნელოვნად აღემატება.
დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებში ენერგეტიკული სასმელებისადმი დამოკიდებულების შესწავლას ისახავდა მიზნად, დაადგინა, რომ გემო, ფასი, რეკლამა, ხელმისაწვდომობა და ეფექტურობა ის ძირითადი ფაქტორებია, რომელთა გამოც თინეიჯერები მსგავსი ტიპის სასმელს აქტიურად ეტანებიან. მწარმოებლები პროდუქტს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასს ადებენ და სპეციალური მარკეტინგული გათვლების გამოყენებით, მას მოზარდი თაობის თვალში მიმზიდველობას მატებენ.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ენერგეტიკული სასმელი მოზარდებს სხვადასხვა მიზეზის გამო იზიდავს. დომინანტი ფაქტორი, რომელიც პროდუქტის მიმზიდველობას აბსოლუტურად განსაზღვრავს, არ გამოიკვეთა. სხვადასხვა ფაქტორთა ეფექტური კომბინაცია თინეიჯერებს ენერგეტიკული სასმელისადმი მეტად მიდრეკილს ხდის. მისი ხელმისაწვდომობა კი პროდუქტის მოხმარების სიხშირეს აორმაგებს. მსგავსი ტიპის სასმელის მზარდი პოპულარობა მისასალმებელი ნამდვილად არ არის. მშობლებსა და თინეიჯერებს მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებთ. აუცილებელია, რომ მათ ენერგეტიკული სასმელების გვერდითი ეფექტების შესახებ გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეთ, რათა მავნე პროდუქტის მიღებისგან თავის შეკავება შეძლონ.
ენერგეტიკული სასმელის გვერდითი ეფექტები
ენერგეტიკული სასმელის რეგულარული მიღება თინეიჯერების ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. კოფეინის მაღალი შემცველობისა და არაჯანსაღი დანამატების სიუხვის გამო აღნიშნული პროდუქტი ორგანიზმისთვის ზიანის მომტანია. ქვემოთ ენერგეტიკული სასმელის გვერდითი ეფექტების ნუსხას გთავაზობთ:
• კვლევებით დგინდება, რომ თინეიჯერებს, რომლებიც ენერგეტიკულ სასმელებს რეგულარულად მოიხმარენ, ძილის პრობლემები აქვთ, მათ სასწავლო მასალის ათვისება უძნელდებათ, გონებრივად ნაკლებად აქტიურები ხდებიან. არსებობს მაღალი რისკი, რომ ენერგეტიკულ სასმელზე მიჯაჭვული მოზარდები ნარკოტიკებს, ალკოჰოლს ან სიგარეტს მიეძალონ.
• ენერგეტიკულ სასმელს არანაირი კვებითი ღირებულება არ აქვს, ამასთან ის საკმაოდ დიდი რაოდენობით კოფეინს და შაქარს შეიცავს. მსგავსი ტიპის სასმელი მოზარდის ორგანიზმისთვის საზიანოა.
• ენერგეტიკული სასმელებით გატაცებული 13-19 წლის თინეიჯერების 40% უძილობას, გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას, გახშირებულ კანკალს, თავისა და მუცლის ტკივილს უჩივის. ექსტრემალურ შემთხვევაში ენერგეტიკული სასმელის ჭარბმა მიღებამ, შესაძლოა, კრუნჩხვების განვითარებას შეუწყოს ხელი.
• კვლევებით დგინდება, რომ თინეიჯერებს, რომლებიც ენერგეტიკულ სასმელებს რეგულარულად მოიხმარენ რისკის შემცველი ქმედებებისკენ მიდრეკილება უჩნდებათ. მათ ნარკოტიკების მოხმარება, ჩხუბი და დაპირისპირება იზიდავთ.
• ენერგეტიკულ სასმელში შემავალი კოფეინი, ვიტამინები, პროტეინები, ნახშირწყლები, ამინომჟავები, დანამატები და მინერალები, ისეთ კომბინაციას ქმნიან, რომელიც დეჰიდრატაციას უწყობს ხელს. კოფეინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დიურეტიკია.
• ენერგეტიკული სასმელების უმრავლესობა 500 მილიგრამზე მეტ კოფეინს შეიცავს. ამ რაოდენობის კოფეინის ხშირი მიღება თინეიჯერების ორგანიზმისთვის მომწამვლელია.
• ზოგიერთი ნაირსახეობის ენერგეტიკული სასმელი ალკოჰოლსაც შეიცავს. როგორც წესი, მსგავსი ტიპის სასმელს დანამატის სახით კოფეინს და სხვა სტიმულატორებს აღარ ამატებენ. მიუხედავად ამისა, მას მაინც ენერგეტიკული სასმელის სახით ყიდიან. ალკოჰოლი თინეიჯერების ორგანიზმისთვის განსაკუთრებით საზიანოა.
რა რაოდენობის ენერგეტიკული სასმელის მიღებაა თინეიჯერებისთვის ნებადართული?
თინეიჯერებისთვის ენერგეტიკული სასმელების მიღება უსაფრთხო არ არის. არ არსებობს დოზა, რომელიც მათთვის სასურველად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ზოგიერთი თინეიჯერი ფიქრობს, რომ ენერგეტიკული სასმელის დახმარებით მას ენერგია ემატება, ფიზიკურად აქტიურდება და იზრდება კიდეც. თუმცა მსგავსი წარმოდგენები რეალობას ყოველთვის არ შეესაბამება. გარდა ამისა, არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ ენერგეტიკული სასმელის მიღებით გამოწვეული დადებითი ეფექტები მოზარდის ორგანიზმისთვის სასარგებლოა. აუცილებელია თინეიჯერებმა კარგად გააცნობიერონ მსგავსი ტიპის სასმელების უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმსა და ჯანმრთელობაზე. თქვენს შვილებს წყლის დიდი რაოდენობით მიღებისკენ მოუწოდეთ და ეცადეთ, მის ეფექტურობასა და სარგებლიანობაში დაარწმუნოთ. 
მომზადებულია ​momjunction.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად