Baby Bag

ეს შეიძლება მოხრჩობის რისკის შემცველი აღმოჩნდეს - რეკომენდებულია თუ არა მცირე ასაკის ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება?

ეს შეიძლება მოხრჩობის რისკის შემცველი აღმოჩნდეს - რეკომენდებულია თუ არა მცირე ასაკის ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება?

რეკომენდებულია თუ არა მცირე ასაკის ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება? - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ბოლო რეკომენდაციის თანახმად, თავშეყრის ადგილებში (განსაკუთრებით, მაღაზიებსა და აფთიაქებში) უნდა გამოიყენებოდეს ნიღბები, თუმცა ეს რეკომენდაცია არ ვრცელდება 2 წლამდე ასაკის ბავშვებზე და იმ ადამიანებზე, რომელთაც სუნთქვის გაძნელება აქვთ. ეს განსაკუთრებით ხაზგასმით არის ნათქვამი ქსოვილისგან დამზადებული პირბადეების შესახებ. ამის მიზეზებია:

- ბავშვებს ნიღბით უფრო მეტად უჭირთ სუნთქვა, ვიდრე მოზრდილებს
- ბავშვს სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში თავისით არ შეუძლია ნიღბის მოხსნა და ეს შეიძლება მოხრჩობის რისკის შემცველი აღმოჩნდეს
- ბავშვები ხშირად ეხებიან ნიღაბს და ამიტომ ნიღბის სწორად გამოყენება მათთან შეუძლებელია.

ამიტომ რამდენიმე ექიმმა სოციალური მედიით გააპროტესტა ამაზონზე განთავსებული, 0-3 წლამდე ასაკის ბავშვთა პირბადეების რეკლამა.

ვრცელდება რამდენიმე პროფილაქტიკური რეკომენდაცია მცირე ასაკის ბავშვებისათვის:

- ეტლით გასეირნებისას სასურველია ეტლს გადავაფაროთ (ეს რეკომენდაცია ისედაც არსებობდა ტრანსპორტით დატვირთულ ქუჩებში სეირნობისას გამონაბოლქვის ჩასუნთქვის რისკის შესამცირებლად)
- მეძუძურმა დედებმა სასუნთქი გზების დაავადების თუნდაც მცირედ გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში უნდა გამოიყენონ პირბადე ბავშვის კვებისას
- გარედან სახლში შემოსვლისას ჯერ მოზრდილმა უნდა დაიბანოს ხელი და შემდეგ დაბანოს ბავშვს.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში პატარებს შეუძლიათ 24/7 თან ჰყავდეთ დედა ან მამა“ - ინტერვიუ დავით ციბაძესთან

„ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში პატარებს შეუძლიათ 24/7 თან ჰყავდეთ დედა ან მამა“ - ინტერვიუ დავით ციბაძესთან
ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი... რეანიმაცია... პალატები... უცებ უჩვეულო კარდი - პატარები მშობლებთან ერთად, ნახვის საათები არ იყო... ერთ-ერთი პაციენტის მამამ დაგვინახა, დავით ციბაძეს მადლობით შეეგება და შვილის მდგომარეობის განხილვა დაიწყო... აქ პატარა პაციენტების ფსიქო-ემოციურ სფეროს გამორჩეული სინატიფით ეპყრობიან და მენტალურ ჯანმრთელობაზე ფსიქოლოგის აქტივობებთან ერთად მშობლების ჩართულობით ზრუნავენ. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება ერთადერთია ქვეყნის მასშტაბით, სადაც პატარებს შეუძლიათ 24/7 თან ჰყავდეთ დედა ან მამა. ეს ყველაფერი კი სისტემური თანაარსებობის, პერსონალის გადამზადებისა და ინფექციის დაცვის პირობებში ხდება.

დღეს ​MOMSEDU.GE-ს რესპონდენტი სწორედ ​„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ​დავით ციბაძე გახლავთ, რომელიც ბავშვებში პოლიტრავმების მართვის შესახებ გვესაუბრება:
„ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტი სტრუქტურულად ბავშვთა გადაუდებელი დახმარების სამსახურს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებას, ამბულატორიასა და თერაპიულ პალატებს მოიცავს. ცენტრის კონცეფცია ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის სრული მასშტაბით სამართავადაა შექმნილი.
ბავშვთა ასაკში სიკვდილის მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა პოლიტრავმა, როგორებიც არის: სიმაღლიდან ვარდნა, ავტოსაგზაო შემთხვევა, ხრჩობა და სხვა. საშუალო ასაკი კი 7 წელია.
პოლიტრავმა წარმოადგენს ყველაზე მულტიდარგობრივ გუნდურ სამუშაოს, სადაც პრინციპულად მნიშვნელოვანია 24/7 ყველა დარგის სპეციალისტის ადგილზე ყოფნა.“
- მკურნალობის რა ეტაპებს გადის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ტრავმით შემოსული პაციენტი?

​დავით ციბაძე:
„პირველი ეტაპი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაა. პოლიტრავმის დროს, კლინიკაში შემოსვლიდან პირველი 6 საათი ყველაზე კრიტიკულია სისხლდენის მართვისთვის, რადგან ამ დროს მაღალია გარდაცვალების რისკი. ამიტომ ბავშვთა გადაუდებელი თერაპიის განყოფილება აღჭურვილია ნებისმიერი დაზიანების აღმოსაფხვრელად, ისევე როგორც ცენტრის რეანიმაციის განყოფილება. შემდეგი ეტაპია ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება.
კრიტიკული შეიძლება აღმოჩნდეს თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, რის გამოც სწრაფი, გადაუდებელი რადიოლოგიური კვლევების შემდეგ პაციენტი შეიძლება გადავიყვანოთ საოპერაციოში ნეიროქირურგიული ჩარევისთვის. საოპერაციოები „ნიუ ჰოსპიტალსში“ მუდამ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად. მათი აუცილებლობა შეიძლება გამოწვეული იყოს მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის დაზიანებების გამო ჩასარევად; ტრავმის შედეგად ამპუტირებული კიდურების თუ სხვა დაზიანებით ტრავმატოლოგებისთვის, ყელ-ყურ-ცხვირის, ოფთალმოლოგების, ყბა-სახის და ა.შ. ქირურგების სამუშაოდ.“
- ვინ ემსახურება ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსულ პაციენტებს?
დავით ციბაძე: „პოლიტრავმის მართვა გუნდურად, ყველა დარგის საჭირო სპეციალისტის მიერ ხდება. ამ გუნდის ძირითადი რგოლები ინტენსივისტი-რეანიმატოლოგები არიან. ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გუნდის ყველა წევრი წლების მანძილზე ჩართული იყო „მეიოს კლინიკის“ (USA Rochester MN) ტრავმა-ქირურგიის და შოკის მართვის პროექტში, მათ შორის არიან ამ პროექტის ტრენერები, პროვაიდერები, რომლებიც დღემდე აგრძელებენ პედაგოგიურ მუშაობას სხვა კლინიკების ექიმებთან. სწორედ ჩვენები არიან ის პირველი გუნდი, რომლებმაც ახალი გაიდლაინებითა და პროტოკოლებით მოახერხეს ტრავმების მართვა, რაც შედეგშიც აისახა.
ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში შემოსულ ნებისმიერი ასაკის, სიმძიმისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბავშვს 24/7 ემსახურება პროფესიონალთა გუნდი:

  • ბავშვთა ზოგადი ქირურგი;
  • ნეიროქირურგი;
  • ბავშვთა თორაკოქირურგი;
  • ტრავმატოლოგი;
  • ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგი;
  • ყბა-სახის ქირურგი;
  • ოფთალმოლოგი
  • პლასტიკური ქირურგი;
  • ბავშვთა რეანიმატოლოგიის გუნდი;
  • რეაბილიტოლოგი;
  • მაღალი პილოტაჟის ექთნები;
  • ნებისმიერი გართულების საჭიროებისთვის პედიატრიული სპექტრი (გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი, ნეფროლოგი, კარდიოლოგი და სხვა).
- დიაგნოსტირების რა შესაძლებლობები არსებობს ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში?
დავით ციბაძე: „ჩვენი კლინიკა განებივრებულია მაღალი ხარისხის ლაბორატორიითა და რადიოლოგიური (X-Ray, MRI, CT) სამსახურით. დაწყებული ექსპრეს ლაბორატორიით, როდესაც კვლევების პასუხი 2-3 წუთში გვაქვს, დამთავრებული ბიოქიმიურ-ჰემატოლოგიური და ბაქტერიოლოგიური კვლევებით. ამას გარდა ძალიან კარგი რადიოლოგიური ცენტი გვაქვს. ყველა კვლევა, რომელიც პოლიტრავმების მართვისთვისაა აუცილებელი, შეგვიძლია სრულფასოვნად ჩავატაროთ, რაც ნამდვილად ცვლის იმ გამოსავალს, რომელიც შეიძლება კონკრეტულ პაციენტთან გვქონდეს.
ამავდროულად, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინფრასტრუქტურა უპრეცედენტოა ქვეყნის მასშტაბით. კლინიკას აქვს ვენტილაციის, წყლის თუ ელექტრომომარაგების ევროპული სტანდარტის სისტემები, რომლის გამართულობაც მუდმივად კონტროლდება. პრინციპული მნიშვნელობა აქვს კომფორტულ ერთადგილიან პალატებში წნევათა სხვაობების არსებობას, რაც ინფექციის კონტროლის მნიშვნელოვანი რგოლია.“

აღსანიშნავია, რომ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი უწყვეტად თანამშრომლობს „მეიოს კლინიკასთან“. თანამშრომლობის ფარგლებში ხდება როგორც ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის განყოფილებების ფუნქციონირებისთვის პროტოკოლების დანერგვა და დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში გამართვა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, „მეიოს კლინიკის“ ექიმების ჩართვა პაციენტების მართვაში.

R.​

წაიკითხეთ სრულად