Baby Bag

ორგანიზმში D ვიტამინის დიდი ნაწილი კანზე მზის სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება

ორგანიზმში D ვიტამინის დიდი ნაწილი კანზე მზის სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება

რა კავშირია D ვიტამინსა და იმუნურ სისტემას შორის, - ამ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„მის შესახებ წინა საუკუნეში რომ დაგესვათ კითხვა ექიმებისათვის, გიპასუხებდნენ, რომ ეს ნივთიერება ცხიმში ხსნადი ვიტამინია და ის ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას არეგულირებს, მისი დეფიციტის დროს კი რაქიტი და ოსტეოპოროზი ვითარდება. მაგრამ რეალურად ის ჰორმონია. თუმცა კლასიფიკაციის მიხედვით დღესაც ცხიმში ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნება.

დიახ, D ვიტამინი, ჯადოსნური D ჰორმონი. და იცით, რატომ ჰორმონი?

  • იმიტომ, რომ სხვა ვიტამინებისაგან განსხვავებით, მისი მხოლოდ მცირე ნაწილის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად. უდიდესი ნაწილი კი მზის სხივების კანზე ზემოქმედების გზით მიიღება, შემდეგ კი ღვიძლსა და თირკმლებში ციკლს გადის და ამ გარდაქმნების შედეგად ვიღებთ ბიოაქტიურ ნივთიერებას, რომელსაც ჩვენს ორგანიზმში სასწაულების მოხდენა შეუძლია.
  • სხვა ვიტამინებისაგან იმითაც განსხვავდება, რომ ყველა ორგანოსა და ქსოვილში საკუთარი რეცეპტორები აქვს და ამიტომაც ზემოქმედებს ის პრაქტიკულად ყველა ორგანოზე.

თუ გახსოვთ, D ვიტამინის თემას ორი თუ სამი ბლოგი უკვე მივუძღვენი. დღეს იმუნურ სისტემაზე მის ზეგავლენაზე გიამბობთ. არა, იმას თუ ელოდებით, რომ D ვიტამინი პირდაპირ კავირშია კორონავირუსის ან სხვა ავი ვირუსების განადგურებასთან, უნდა გაგაწბილოთ. სამწუხაროდ, მას არ აქვს ანტივირუსული ზემოქმედება.

რას ამბობენ კვლევები?

დადგენილია, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც D ვიტამინის დონე სისხლში დაბალი აქვთ, გაცილებით მაღალი აქვთ სეზონური გრიპით და სხვა რესპირაცილი ინფექციებით ავადობის რისკი. D ვიტამინის საჭირო დოზის დამატებისას კი ეს რისკი მკვთრად მცირდება. მისი ერთ-ერთი ფუნქცია იმ T-ლიმფოციტების აქტივაციაა, რომლებიც ვირუსებსა და ბაქტერიების ანადგურებენ. გარდა ამისა, D ვიტამინის გავლენით ჩვენს ორგანიზმში წარმოიქმნება შინაგანი ანტივირუსული და ანტიბაქტერიული დაცვის ფაქტორები - დეფენსინები და კათელიციდინი, რომლებიც აქტიურად ებრძვიან და ანადგურებენ დაავადების გამომწვევ ვირუსებსა და ბაქტერიებს. და კიდევ, აღმოჩნდა, რომ D ვიტამინი ამცირებს იმუნური სისტემის ჰიპერაქტივობას და თავიდან გვაცილებს „ციტოკინურ შტორმს“, რაც ფილტვების დაზიანების და სიკვდილის მიზეზი ხდება ზოგიერთი ინფექციის, მათ შორის COVID-19 -ის დროს.

სულ ახლახან მკვლევარებმა (Vadim Backman და თანაავტორები) ჩიკაგოს ჩდრილოდასავლეთის უნივერსიტეტიდან, შეისწავლეს სხვადასხვა ქვეყანაში (ჩინეთი, საფრანგეთი, იტალია, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო) კლინიკების მონაცემები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ იმ კლინიკებში, სადაც პაციენტებს, სისხლში D ვიტამინის დაბალი დონე აღენიშნებოდათ, სიკვდილობის უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ.

ასე, რომ სანამ კარანტინი ჯერ კიდევ ძალაშია, გახსოვდეთ ეს მაგიური ვიტამინი. მისი მნიშვნელოვანი საკვები წყარო თევზი, რძე და მისი პროდუქტები, კვერცხია, თუმცა ორგანიზმში D ვიტამინის დიდი ნაწილი კანზე მზის სხივების ზემოქმედებებით წარმოიქნება. და არ დივიწყოთ თქვენი ექიმის დანიშნულებით D ვიტამინის დანამატის მიღება.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან არასწორია, როდესაც კონსერვს ობი აქვს მოკიდებული, იმას აშორებენ და შემდეგ ამ კონსევრს მიირთმევენ,“- სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა

სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა მარიამ ჩაჩუამ ზაფხულში კონსერვების მირთმევასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ისაუბრა:

„კონსერვს ყოველთვის აწერია შენახვის პირობები. სათავსო უნდა იყოს მზის სხივებისგან დაცული აუცილებლად. ძალიან ცხელ წერტილში, სადაც მზე ადგება, არ უნდა შევინახოთ. კონსერვები საფრთხილოა და ზაფხულში ნაკლებად სასურველია, რომ მივირთვათ. კიტრის მწნილსაც ზაფხულში უმჯობესია მოვერიდოთ. ჩვენ მაღაზიაში რომ ვიყიდეთ, იმ წამს შეიძლება იდო ბნელ და გრილ ადგილას, მაგრამ არ ვიცით სად როგორ ხვდება ხოლმე. თუ ქილა დაზიანებულია, ასეთი პროდუქტი საერთოდ არ შეიძინოთ. მზის სხივები ხელს უწყობს იმ მავნე ნივთიერებების გამოვლენას, რომლითაც პროდუქტი არის დაკონსერვებული.

სახლში კონსერვების მომზადება საფრთხილო ამბავია ზუსტად იგივე ბოტულინუმის ჩხირის გამო, რომელიც სპორას იქმნის ირგვლივ და დუღილის პროცესშიც შეუძლია გადარჩეს. კონსერვი აუცილებლად უნდა წამოდუღდეს, როდესაც გავხსნით. ის მაღალ ტემპერატურაზე უნდა გაცხელდეს.

გარდა ტოქსინებისა, მნიშვნელოვანია ობის სოკო. ხშირად გამიგია, რომ ობის სოკოს აშორებენ კონსერვს. როდესაც ხსნიან და ხედავენ, რომ ობი აქვს მოკიდებული, იმას აშორებენ და ისე მიირთმევენ. ეს ძალიან არასწორია. როგორც ბოტულინუმი, ასევე ობის სოკო არის საშიში. არსებობს განსაკუთრებით საშიში სოკოები, რომელსაც რამოდენიმე ათასი წელიც კი შეუძლია გაძლოს. მისი ტოქსინები მომშხამავი და მომწამვლელია. შეიძლება მყისიერი რეაქციაც ჰქონდეს ადამიანს,“- მოცემულ საკითხზე მარიამ ჩაჩუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“

წაიკითხეთ სრულად