Baby Bag

ბოლო ხანებში ვრცელდება ინფორმაცია ბავშვებში კორონავირუსთან ასოცირებულ რაღაც მისტიკურ გართულებაზე, რაც შიშსა და პანიკას იწვევს მშობლებში

ბოლო ხანებში ვრცელდება ინფორმაცია ბავშვებში კორონავირუსთან ასოცირებულ რაღაც მისტიკურ გართულებაზე, რაც შიშსა და პანიკას იწვევს მშობლებში

რა არის კავასაკის სინდრომი, რომელზეც ბოლო ხანებში ვრცელდება ინფორმაცია, როგორც კორონავირუსთან ასოცირებულ რაღაც მისტიკურ გართულებაზე, რაც შიშს და პანიკას იწვევს მშობლებში, - ამ თემაზე ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

„ბოლო პერიოდში კავასაკის დაავადებას ხშირად ახსენებენ, როგორც ბავშვთა ასაკში კორონავირუსული ინფექციის საშიშ გართულებას. რეალურად, შემთხვევების რაოდენობამ პანდემიის ეპოქაში მოიმატა, თუმცა თავისთავად ეს დაავადება ახალი არ არის.

კავასაკის სინდრომი არის მწვავე, ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. ახასიათებს ასევე ლიმფური კვანძების გადიდება, „ჟოლოსებრი“ ენა, გამონაყარი და ა.შ. დაავადების დროს ხდება სისხლძარღვების და გულის დაზიანება, უმეტეს შემთხვევაში, განკურნებით მთავრდება, თუმცა შეიძლება მძიმე გართულებებიც ახლდეს თან. ეს არის გულის შეძენილი დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვებში განვითარებად ქვეყნებში. გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ხშირად ინფექციურ დაავადებებთან არის ასოცირებული. ამიტომ, როდესაც რომელიმე ინფექციური დაავადების მაღალი გავრცელებაა, შეიძლება დაფიქსირდეს კავასაკის დაავადების შემთხვევების მატება, მათ შორის, ამჟამად, კორონავირუსის პანდემიის დროს. ამჟამად აშშ-ში დაფიქსირდა კავასაკის დაავადების 85 შემთხვევა, მათ შორის 73 ნიუ-იორკში, 3 ბავშვი გარდაიცვალა. უმრავლესობას ჰქონდა დადებითი ახალი კორონავირუსის PCR ან ანტისხეულები.

ბერგამოში (იტალია, ლომბარდია), რომელიც, ფაქტობრივად, COVID-19 ეპიცენტრი იყო, ერთ-ერთ მთავარ ბავშვთა კლინიკაში დაფიქსირდა კავასაკის სინდრომის 10 შემთხვევა 2 თვის განმავლობაში (18 თებერვალი-20 აპრილი). მათგან 8-ს ჰქონდა კორონავირუსის ანტისხეულები.
ტაივანში 2014 წელს ჩატარებული კველევით, რომელმაც შეაჯამა კავასაკის დაავადების მქონე 226 ბავშვის ცხვირ-ხახის ნაცხის PCR შედეგები, გამოვლინდა, რომ 27%-ში იყო რინოვირუსი, 16%-ში ენტეროვირუსი, 16.8%-ში ადენოვირუსი და 7.1%-ში კორონავირუსი (რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ახალი კორონავირუსი). კავასაკის დაავადების შემთხვევები აღწერილი იყო ბავშვებში H1N1 პანდემიის დროსაც.

შეიძლება დაინტერესდეთ

„სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები „წამოწოლილი“ პაციენტებისგან!“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

„სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები „წამოწოლილი“ პაციენტებისგან!“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

​„სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები „წამოწოლილი“ პაციენტებისგან! ზოგიერთები კი მაკრიტიკებენ, პაციენტი არ უნახავს და აზრზე არ არის, ვინ უნდა დააწვინონ და ვინ არაო:), მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უამრავი ჩემი ამბულატორიული პაციენტი (ახლობლებზე აღარაფერს ვამბობ), ვისთანაც სიტუაცია ზუსტად ვიცი, რომ სტაციონარში მოთავსებას საერთოდ არ საჭიროებდა, სრულიად გაუგებრად მოხვდა საავადმყოფოში ან პაციენტისვე დაჟინებული მოთხოვნით ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. მათ შორის, არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უტარდება ბევრ ბავშვს!

ამას შემდეგ მოსდევს სრულიად გაუმართლებელი ჰორმონოთერაპია, (რასაც სტაციონარში მოხვედრილების უმრავლესობას უტარებენ), ანტიკოაგულაცია (ასევე უმრავლესობას უკეთდება) და ანტიბიოტიკოთერაპია. აღარაფერს ვამბობ გაუთავებელ კომპიუტერულ ტომოგრაფიებზე (მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ მაინც პრობლემაა).
თუ ოდესმე გვეღირსება და მხოლოდ ათგვერდიანი პასკვილების მაგივრად, დასაბუთებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც ვნახავთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის და გამოსავლების შესახებ, ეს ყველაფერი აშკარა გახდება, მაგრამ ახლა ამის გარჩევის დროც არ არის. მთავარია, დროულად გავათავისუფლოთ სტაციონარები (ანუ დროულად გავწეროთ პაციენტები) და ასევე შევწყვიტოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციები, თორემ თუ ტემპი ასე გაგრძელდა, მივიღებთ ისევ იგივე სურათს, ისტერიულად რომ იწყებოდა თავისუფალი საწოლების ძებნა კლინიკებში და მართლა მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ძალიან ხშირად ყოვნდებოდა.
და კიდევ, რემდესევირი რომ არ მუშაობს, მტკიცებულება კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა და თუ ჩვენთან სხვა მონაცემებია, იქნებ, ესეც გვაჩვენონ. ნუღარ ვაწვალებთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების პატრონებს ამ უსარგებლო წამლის გამოყენების ნებართვის აღებაზე,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

წაიკითხეთ სრულად