Baby Bag

1 წლამდე ასაკის ჩვილს ზურგზე უნდა ეძინოს - უსაფრთხო ძილის წესები ყველაზე პატარებისთვის

1 წლამდე ასაკის ჩვილს ზურგზე უნდა ეძინოს - უსაფრთხო ძილის წესები ყველაზე პატარებისთვის

ჩვილების უსაფრთხო ძილის წესებზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„გასული საუკუნის 80-იან წლებში აშშ-ის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციის თანახმად, ჩვილებისათვის ძილის საუკეთესო ფორმა მუცელზე ნებივრობა და ძილი იყო, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი და აუხსნელი რამ - სწორედ ამ რეკომენდაციის შემდეგ მკვეთრად იმატა ჩვილთა უეცარი სიკვდილის სიხშირემ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში. რეკომენდაციის შეცვლის შემდეგ სიკვდილობა შემცირდა.

აი, უსაფრთხო ძილის წესები ჩვილებისათვის:

1 წლამდე ასაკის ჩვილს უნდა ეძინოს ზურგზე, როგორც დღის ძილის, ისე ღამის განმავლობაში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ 4 თვემდე ასაკის ბავშვებს, რადგან ჩვილთა უეცარი სიკვდილიანობა სწორედ ამ ასაკშია უფრო ხშირი.

რატომ არა გვერდზე? იმიტომ, რომ გვერდიდან მუცელზე ის გაცილებით იოლად ტრიალდება.

კვებეთ ჩვილი ძუძუთი. დადგენილია, რომ ძუძუთი კვება ამცირებს ჩვილთა უეცარი სიკვდილის რისკს.

თუ პატარას მგზავრობისას ჩაეძინა მანქანის სავარძელში, სლინგში, სამგზავრო კალათაში ან ეტლში, ის, რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანეთ საწოლში.

1 წლამდე ასაკის ბავშვის საწოლში ნუ დატოვებთ რბილ სათამაშოებს, არ არის საჭირო ბალიში, საწოლის რბილი ბამპერები.

უმჯობესია, თუ ტრადიციული საბნის ნაცვლად ე.წ. ჩასაცმელ საბანს გამოიყენებთ. მისი შემთხვევით თავზე წამოხურება და სასუნთქი გზების დახშობა გამორიცხულია.

თუ მაინც იყენებთ გადასაფარებელს, მისი გვერდები კარგად დააფიქსირეთ მატრასის ქვეშ, რათა პატარამ მისი გადახურება და სასუნთქი გზების ბლოკირება ვერ შესძლოს.

საწოლის ზედაპირი უნდა იყოს მყარი.

სიცოცხლის პირველი წლის მანძილზე ბავშვს უნდა ეძინოს თქვენს ოთახში, მაგრამ არა თქვენს საწოლში. აღმოჩნდა, რომ ასეთი ძილი 50%-ით ამცირებს ჩვილთა უეცარი სიკვდილის რისკს განსაკუთრებით 4 თვემდე ასაკში.

ერთ ოთახში ძილი საშუალებას გაძლევთ, უფრო ფხიზლად იყოთ და ჩვილს მეტი ყურადღება მიაქციოთ. თქვენს საწოლში ჩვილი შეიძლება კვების დროს გადაიყვანოთ. კვების დასრულების შემდეგ კი ის თავის საწოლში უნდა დააბრუნოთ.

არ დატოვთ ჩაძინებული ბავშვი დივანზე, ტახტზე ან სოფაზე.

განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, თუ თქვენი პატარა დაბადებულია დღენაკლი ან მცირე წონით.

უმჯობესია, თუ მოწევას თავს დაანებებთ. მწეველობა ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის რისკს, თუნდაც საწოლ ოთახში არ ეწეოდეთ.

თუ იღებთ საძილე საშუალებას ექიმის დანიშნულებით და ამის გამო ღრმად გძინავთ, ღამით პატარას მეთვალყურეობისათვის სჯობს, სხვა მომვლელს უხმოთ.

ჩაძინებისას რეკომენდებულია მატყუარა საწოვრის გამოყენება, თუ, რათქმაუნდა, ბავშვი მას იღებს. დადგენილია, რომ ძილის დროს საწოვარის გამოყენება ამცირებს ჩვილთა უეცარი სიკვდილის რისკს. ჩაძინების შემდეგ პირიდან გადმოვარდნილი საწოვარის ძალით მიცემა არ არის რეკომენდებული.

საძინებელი ოთახი ხშირად გაანიავეთ. გახსოვდეთ, რომ ოთახში ჰაერის მაღალი ტემპერატურა კიდევ ერთი საფრხთისშემცველი ფაქტორია.

ყოველთვის, როცა ძილისათვიოს საჭირო საბავშო პროდუქტს ყიდულობთ, გაითვალსწინეთ ექიმის რჩევები.
სანამ შეიძენთ, გაარკვიეთ, არის თუ არა ის ეფექტური ჩვილთა უეცარი სიკვდილის პრევენციისათვის.
მაგალითად, თუ გადაწყვიტეთ ძილის პოზიციონერის ყიდვა, გახსოვდეთ, რომ ის არ ამცირებს უეცარი სიკვდილის რისკს, პირიქით, თუ პატარას უკვე შეუძლია გადაბრუნება, პოზიციონერის ამობურცულმა გვერდებმა შესაძლებელია ადვილად დაახშოს მისი სასუნთქი გზები.

ძალიან მოსახერხებელია დედის საწოლთან მისადგმელი საბავშო საწოლები, რომელიც ჩვილის ახლოსყოფნის საშუალებას იძლევა, შეგიძილიათ კვებისათვის მარტივად გადაიყვანოთ ის თქვენს საწოლში და დააბრუნოთ უკან ადგომის გარეშე. ამავდროულად ადვილია ღამის განმავლობაში მასზე მეთვალყურეობა. თუმცა ამ ეტაპზე არ არის კვლევები, რომელბიც დაადასტურებენ ამ სა წოლების გავლენას ჩვილთა უეცარი სიკვდილის სიხშირეზე.

საწოლის ყიდვისას მიაქციეთ ყურადღება საწოლის დამცავი კედლების ხარიხებს. მათ შორის არ უნდა იყოს ფართო მანძლი, სადაც პატარას თავი გამოეტევა . ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მისი მოხრჩობა.
ასევე დააკვირდით, რომ არ იყოს დიდი მანძილი მატრასსა და საწოლის გვერდებს შორის. მატრასი ახლოს უნდა იყოს გვერდებთან.
დაბოლოს, გახსოვდეთ, მშვიდი ძილი ყველა საკში აუცილებელია!“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნუღარ პანიკობ, ეგ დრო უკვე წავიდა... ეს ინფექცია ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე საწყისი შტამები იყო,“- გიორგი ღოღობერიძე

„ნუღარ პანიკობ, ეგ დრო უკვე წავიდა... ეს ინფექცია ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე საწყისი შტამები იყო,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ომიკრონის სახლში მართვის წესებზე ისაუბრა და საზოგადოებას საინტერესო რჩევები მისცა.

„ბოლო დღეებში ბევრი ადამიანია ჩვენ გარშემო ინფიცირებული. ძალიან ბევრი პანიკობს. ბევრი უჩივის ხველას, სურდოს, სიცხის დაგდების პრობლემას. როგორ უნდა მართო ამ შემთხვევაში სწორად, მარტივად და სწრაფად? არ ღირს აქ პანიკა. ეს აბსოლუტურად მარტივი, ჩვეულებრივი ინფექციაა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ჩვენთვის სერიოზულად აღქმადი დაავადება არ არის, როგორიც თავიდან იყო.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ომიკრონი 5 მთავარი სიმპტომით ამოიცნობა:

​მინდა გითხრა, როგორ გამოიცნო ომიკრონი ძალიან სწრაფად, რა გჭირდება, რაში არ დახარჯო ფული, რა გააკეთო სწრაფად და მარტივად. ომიკრონისთვის ტიპური ნიშანი არის სურდო. ხველა და გამოხატული სუნთქვის უკმარისობა ნამდვილად არ არის. ადამიანს აქვს სურდო, სხვა არაფერი. შეიძლება სიცხეც კი არ ჰქონდეს, ისე ჩაიაროს ინფექციამ. უმარტივესი შტამია. სურდო შეიძლება ჰქონდეს 10-დან 7 ინფიცირებულს. 68%-ს აქვს თავის ტკივილი, არის დაღლილობის განცდა, ცემინება. ბოლო პერიოდში ყელის ტკივილმაც მოიმატა.“

„ზოგიერთი ადამიანი, რომ გაიკეთებს ტესტს, დაუდგინდება კოვიდი, პანიკობს. დამშვიდდი, ეგ დრო უკვე წავიდა. ახლა ნუღარ პანიკობ. ეს ინფექცია ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე საწყისი შტამები იყო. ძალიან მარტივად ჩაივლის. რომც არ გაიგო, რომ კოვიდი გაქვს, ბევრად მარტივად ჩაივლის, ვიდრე როცა საქმის კურსში ხარ, რომ კოვიდი გაქვს, პანიკას იწყებ და ათას წამალს სვამ, რომელიც არაფერში არ გჭირდება. ფულს ყრი ტყუილად,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

სახლში ომიკრონის მკურნალობასთან დაკავშირებით დეტალურ რჩევებს გაეცანით თანდართულ ვიდეოში.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი 

წაიკითხეთ სრულად