Baby Bag

„ეს მოდაა, ძალიან არასწორი და სულელური მოდა“ - მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე საკეისრო კვეთის მზარდი პოპულარობის შესახებ

მეან-გინეკოლოგმა ზაზა სინაურიძემ „იმედის დღეში“ ორსული ქალბატონებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრა. მან მომავალ დედებს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და რჩევები მისცა:

„ძველი მონაცემებით ორსული ქალისთვის წონის მატების ნორმად ითვლებოდა 15 კილო, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ასე არ არის. გააჩნია, საწყისი წონა რამდენია. ამის მიხედვით, შეიძლება, შესავსები იყოს ორსული და მერე მოიმატოს. ამ შემთხვევაში კონკრეტულ ციფრს არ აქვს მნიშვნელობა. ნორმად ითვლება 12-15 კილო.“

ზაზა სინაურიძე საკეისრო კვეთის მზარდი პოპულარობის საკითხსაც გამოეხმაურა:

„საკეისრო კვეთის შესახებ სრულფასოვანი პასუხის გასაცემად, ალბათ, 3-4 დღე დამჭირდება, მაგრამ მარტივად რომ გითხრათ, მედიცინა არის რისკების შეწონვა. თუ საკეისრო კვეთის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის, როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საკეისროს არ ვნიშნავთ. თუ ბუნებრივი მშობიარობა უფრო მეტ რისკს შეიცავს, ვიდრე საკეისრო კვეთა, ამ შემთხვევაში ვნიშნავთ. აქ არის ძაღლის თავი დამარხული. რისკების შეფასებისთვის თქვენ გჭირდებათ კვალიფიციური ექიმი. როდესაც დედას არ აქვს ფსიქოლოგიური მზაობა და შფოთავს, არც ეს არის რისკი. ბევრი კარგი სახელმძღვანელო არსებობს, რომლებიც ოჯახის წევრებს და ექიმებს ქალის მშობიარობის პროცესისთვის მომზადებაში ეხმარება. საკეისრო კვეთის მოთხოვნილების ზრდა მოდაა, ძალიან არასწორი და სულელური მოდა, იმიტომ, რომ ქალბატონებმა არ იციან, რა რისკები შეიძლება მოჰყვეს საკეისრო კვეთას. ეს პროცესი ადვილი ჰგონიათ, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებით საკეისროს გაკეთებას 15 წუთი სჭირდება. ამას ბევრი გართულება შეიძლება მოჰყვეს. სწორედ ამიტომ, ხაზს ვუსვამ, რომ რისკების შეფასებას სჭირდება კვალიფიციური ექიმი.“

„ორსულ ქალს თუ აქვს მიომა, ის არ საჭიროებს საკეისრო კვეთას. თუ საკეისრო კვეთა უნდა გაკეთდეს, უმჯობესია, ეს მოხდეს სპინალური ანუ რეგიონალური გაუტკივარებით და არა ზოგადი ანესთეზიით (ნარკოზი). ეს უკანასკნელი რამდენიმე ეტაპს მოიცავს: სუნთქვა უნდა გაჩერდეს, გადავიდეს ხელოვნურ სუნთქვაზე და შემდეგ სუნთქვა აღდგეს. ამ ყველაფერს 18-20 დასახელების პრეპარატი სჭირდება, რომელიც პლაცენტარულ ბარიერს გადალახავს. თუ ქალბატონი საკუთარ თავზე უფრო ღელავს, ვიდრე პატარაზე, მაშინ შეიძლება, ამაზე წავიდეს. თუმცა დღეს მსოფლიოში პრაქტიკულად არ კეთდება ზოგადი ანესთეზია საკეისრო კვეთის დროს. რეგიონალური ანესთეზიისას ორგანიზმში შედის მხოლოდ ერთი პრეპარატი, ნოვოკაინი, რომელიც აბსოლუტურად უვნებელია, როგორც ქალისთვის, ასევე ბავშვისთვის,“ - აღნიშნა ზაზა სინაურიძემ.

„ბოლო დროს მოდაში შემოვიდა წყალში მშობიარობაც. სამი წლის წინ, როდესაც საქართველოში ეს მეთოდი გამოვიყენეთ, წყალში მხოლოდ უცხოელები მშობიარობდნენ. მე ამ მეთოდით არავინ მიმშობიარებია. ერთადერთი, რაც მეცნიერულ დონეზე შემიძლია გითხრათ, წყალში მშობიარობა არის სრულიად უსაფრთხო. წყალში თქვენც მსუბუქად ხართ, სტრესი გეხსნებათ. ბავშვისთვის, რომელიც 9 თვე იყო წყალში და ისევ წყალში გადადის, ეს პროცესი ნაკლებად სტრესულია. მშობიარეებს აღნიშნული მეთოდი ძალიან მოსწონთ,“ - განაცხადა ზაზა სინაურიძემ. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„არის შემთხვევები, როდესაც ვირუსიან ბავშვებს წამლებს ატანენ მშობლები ბაღებში,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ საქართველოში ვირუსული ინფექციების მატარებელი ბავშვების ბაღებში გაშვების საზიანო პრაქტიკაზე ისაუბრა:

„არის შემთხვევები, როდესაც ვირუსიან ბავშვებს წამლებს ატანენ მშობლები ბაღებში. მათ დეკრეტული შვებულებები საკმაოდ მოკლე აქვთ. ეს არის ჩვენი კომერციული აგრესია მშობლებზეც. ამ მშობლებმაც ერთის მხრივ რა ჰქნან?! მშობლებს ვურჩევ, რომ ნებისმიერი ვირუსული ინფექციის პერიოდში ბავშვი მინიმუმ ერთი კვირა, ათი დღე იყოს სახლში.“

თემურ მიქელაძის თქმით, ვირუსული ინფექციების თავიდან ასაცილებლად პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა აუცილებელია:

​იმისთვის, რომ ვირუსული ინფექციები თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა. ხელების ხშირად დაბანა, ხველის ან ცემინების დროს არა ხელისგულის, არამედ იდაყვის აფარება. ხელისგული არის ყველაზე ხშირი დამაინფიცირებელი საშუალება ბავშვების. საჭიროა დიდი რაოდენობით სითხეების მიღება, ბალანსირებული, ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება, ხილით დატვირთვა. დახურული სივრცეების განიავება დღეში 3-4-ჯერ მაინც.“

„განიავების დროს ბავშვი იქ არ უნდა იმყოფებოდეს. უნდა გავიდნენ. ე.წ. ორპირი უნდა გაკეთდეს დაახლოებით 2-3 წუთი და მერე ისევ შემოვიდნენ. ამას არ ახორციელებენ, როგორც წესი და როგორც კი დაიწყება სწავლა სკოლამდელ დაწესებულებებში, ვრცელდება ვირუსები,“ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო: ს​აპატრიარქოს ტელევიზია

წაიკითხეთ სრულად