Baby Bag

,,ზაფხულში ბავშვები სოფლებში გაუშვით, მეტია ცხოველი, ბაქტერია და გამომუშავდება იმუნიტეტი“

,,ზაფხულში ბავშვები სოფლებში გაუშვით, მეტია ცხოველი, ბაქტერია და გამომუშავდება იმუნიტეტი“

როგორ უნდა გამომუშავდეს იმუნიტეტი, რა რეკონედაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ზაფხულში და სად ჯობს დასვენება - აღნიშნულის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ყარამან ფაღავამ ისაუბრა.

„დაავადებები ადრეც იყო, არის და იქნება, უბრალოდ იცვლება სტრუქტურა. სამწუხაროდ ჩვენში ბოლომდე ვერ იქნა რესპირატორული (ხველა, ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი) და კუჭ-ნაჭლავის (ფაღარათი, შეკრულობა არასწორი კვების გამო) დაავადებების აღმოფხვრა. არის ასევე ე.წ. „ცივილიზაციის დაავადებები“, რომლებიც უფრო მეტად დასავლეთშია, ესენია: ავტოიმუნური დაავადებები, ალერგოზები, რევმატული დაავადებები. 

საქართველოში იშვიათ დაავადებებზე საკითხი მე წამოვწიე პირველად და ლექციებს ვკითხულობ. ჩემს სპეციალობაში მთავარი ხიბლი ისაა, რომ იშვიათ დაავადებას გამოვავლენ და ვმკურნალობ პაციენტს. 

მთელი მსოფლიო დგას დაავადებების გამომწვევი მიკრობების ეპიდემიის წინაშე, რომლებიც ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულნი არიან. მაშინ, როდესაც პენიცილინი აღმოაჩინეს, ეს იყო რევოლუცია და ის ყველაფერს კურნავდა. 

ახალგაზრდა ექიმი ვიყავი და ფილტვების ანთებას პენიცილინით ვმკურნალობდით. ახლა კი უძვირეს ანტიბიოტიკებს ვიყენებთ, დიდხანს ვმკურნალობთ, იძლევა უამრავ ალერგიულ გართულებას, გვერდით მოვლენას და ა.შ. ამიტომ ახალი მიდგომებია საჭირო და ხშირად ახალი არის კარგად დავიწყებული ძველი.

ბაქტერიოფაგოთერაპიაში საქართველო პიონერია, ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი მთელს მსოფლიოში პირველად საქართველოში დაარსდა. რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიყავი, ჩვენი შედეგები მოვახსენე კუჭ-ნაწლავის ბაქტერიოფაგოთერაპიის შესახებ და დიდი ოვაციები გამოიწვია ამან. აღსანიშნავია ნევროზის საკითხიც, იმატა არასწორი ქცევით განპირობებულმა დაავადებებმა. ზედმეტ სტერილურ გარემოში ვზრდით მშობლები ბავშვებს, უნდა გავარჯიშდეს ბავშვის ორგანიზმი. არიქა, ცხოველთან კონტაქტი საშიშია… არადა ისტორიულად ადამიანი ყოველთვის კონტაქტში იყო ცხოველთან. ახლა კი ორგანიზმის იმუნური სისტემა გახდა სამიზნის გარეშე. სწორედ ეს არის ავტოიმუნური დაავადებების მიზეზი. თქვენ წარმოიდგინეთ, ჭიებიც კი პერიოდულად ესაჭიროება ორგანიზმს...ზაფხულში ბავშვები სოფლებში გაუშვით, ქართულ ენას ისწავლიან. მეტია ცხოველი, ბაქტერია და გამომუშავდება იმუნიტეტი“.

წყარო:​ fortuna.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად