Baby Bag

სამი ყველაზე გავრცელებული დაავადება ჩვილ ბავშვებში

სამი ყველაზე გავრცელებული დაავადება ჩვილ ბავშვებში

ბავშვის ავად გახდომა ნებისმიერი მშობლისთვის შემაშფოთებელია, თუმცა, თუ საქმე ჩვილის ჯანმრთელობას ეხება, შფოთვა ორმაგად მატულობს. მართალია, მშობლები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ პატარების ჯანმრთელობა საფრთხისგან დაიცვან, მაგრამ ყველაზე ჯანმრთელი ბავშვებიც კი ზოგჯერ ავადდებიან. ნებისმიერმა მშობელმა უნდა იცოდეს, თუ რომელი დაავადებებია ყველაზე გავრცელებული ბავშვებში. ჩვილებს სუსტი იმუნიტეტი აქვთ, რის გამოც მათ ორგანიზმს ბანალურ გაციებასთან გამკლავებაც კი უჭირს. სწორედ ამიტომ, ბავშვის სიცოცხლის პირველი ორი თვის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის მანძილზე უარესდება, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს, რათა მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი

რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი განსაკუთრებით ხშირია ორ წლამდე ასაკის ბავშვებში. ის ფილტვებისა და სასუნთქი გზების ინფექციებს იწვევს. ჯანმრთელ ბავშვებში რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი ჩვეულებრივი გაციების სიმპტომებით შემოიფარგლება, თუმცა სუსტი იმუნიტეტის მქონე პატარებისთვის ძალიან საშიშია. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ის სწრაფად გადაიზრდება ბრონქიტსა და პნევმონიაში. აღნიშნული ვირუსი ჩვილების ჰოსპიტალიზაციის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად გვევლინება.

რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსის ძირითადი სიმპტომები:

  • სურდო და მადის დაქვეითება
  • ხველება, ცემინება, სუფებრილური ტემპერატურა (პირველადი მსუბუქი სიმპტომების აღმოცენებიდან 1-3 დღეში)
  • ცხელება
  • გახშირებული სუნთქვა
  • სუნთქვის გაძნელება
  • ხრიალის ხმა სუნთქვისას
  • კანის მოლურჯო შეფერილობა (რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ორგანიზმს ჟანგბადი სათანადოდ არ მიეწოდება)

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვი რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსით დაავადდა:

  • ვირუსის სპეციალური მკურნალობის მეთოდი არ არსებობს.
  • ვირუსის პროგრესირებისა და პნევმონიის განვითარების შემთხვევაში ექიმი ბავშვს ანტიბიოტიკს დაუნიშნავს.
  • ბავშვისთვის შვების მომტანია ორთქლის აბაზანის გამოყენება.
  • ოთახში ჰაერის ტენიანობა უნდა გაზარდოთ.
  • ბავშვს სასთუმალი აუმაღლეთ.
  • პატარას დიდი რაოდენობით წყალი მიეცით.
  • 2 წლამდე ასაკის ბავშვებში სუნთქვის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ ზღვის მარილის წვეთები.
  • სიცხის დამწევის გამოყენებამდე აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა ექიმს. ჩვილებისთვის ყველა სახის მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება.
  • მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

როგორ უნდა დაიცვათ ბავშვი რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსისგან?

აღნიშნული ვირუსის ვაქცინა არ არსებობს, ამიტომ ბავშვს ყოველდღიური ჰიგიენის წესების დაცვა უნდა ასწავლოთ.

გასტროეზოფაგური რეფლუქსი

გასტროეზოფაგური რეფლუქსი აშკარად შესამჩნევი სიმპტომებით იშვიათად ვლინდება და ბავშვებს დისკომფორტსაც ნაკლებად უქმნის, თუმცა, თუ ის რთული ფორმით მიმდინარეობს, შემდეგი სიმპტომები იკვეთება:

  • საკვების მიღების შემდეგ დისკომფორტი
  • ხშირი ამოქაფება
  • გახშირებული სლოკინი

რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა?

  • ბავშვს თავი მაღლა აუწიეთ.
  • ჭამის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში ჩვილი ვერტიკალურ პოზაში გეჭიროთ.
  • ბავშვი დღის განმავლობაში ხშირად და მცირე ულუფებით გამოკვებეთ.
  • 6 თვიდან სოლიდურ კვებაზე გადასვლა ბავშვის მდგომარეობას შეამსუბუქებს.

აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, თუ:

  • ბავშვი წონაში არ იმატებს.
  • ხშირად და ძლიერად აღებინებს.
  • ბავშვი სისხლს ან მოყვითალო-მომწვანო შეფერილობის ლორწოს ამოიღებს.
  • კვებაზე უარს აცხადებს.
  • ბავშვს განავალში სისხლი აქვს.
  • ქრონიკულად ახველებს ან სუნთქვა უჭირს.
  • ღებინებას და ამოქაფებას 6 თვის ასაკიდან იწყებს.

მსუბუქი ფორმის რეფლუქსის დროს მედიკამენტებით მკურნალობა საჭირო არ არის. ზემოთ დასახელებული ღონისძიებები გასტროეზოფაგური რეფლუქსის პრევენციაში დაგეხმარებათ.

ყურის ინფექციები

ყურის ინფექცია სხვადასხვა სახისაა. ბავშვებში ყველაზე მეტად გავრცელებული შუა ყურის ინფექცია, იგივე შუა ყურის ოტიტია. ამ დროს შუა ყურში სითხე გროვდება და ანთებითი პროცესი იწყება, რის გამოც ინფექცია მტკივნეული მიმდინარეობით ხასიათდება. ბავშვებს ის ძალიან ხშირად უმეორდებათ, რის გამოც მშობლებს ყურის ინფექციების ყველაზე მეტად ეშინიათ.

ყურის ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:

  • ტემპერატურის მატება
  • ყურის ტკივილი (ბავშვი ხშირად იკიდებს ყურზე ხელს)
  • ღებინება და დიარეა (მხოლოდ ჩვილებში)
  • სმენის დაქვეითება
  • ბალანსის პრობლემები
  • ტირილი
  • მადის დაქვეითება
  • ძილის დარღვევები

ყურის ინფექციების დიდი ნაწილი თავისთავად გაივლის და მკურნალობა არ სჭირდება. თუ სიმპტომები მძიმეა, ბავშვებს შესაბამისი მედიკამენტებით მკურნალობენ.

ყურის ინფექციების პრევენციისთვის:

  • ჩვილი სულ მცირე ექვსი თვის მანძილზე დედის რძით გამოკვებეთ.
  • თუ ბავშვს ბოთლით კვებავთ, მისი თავი ყოველთვის მუცელზე მაღლა უნდა გეჭიროთ.
  • ერთ წლამდე ასაკის ბავშვი მასობრივი თავშეყრის ადგილებს მოარიდეთ.
  • ბავშვი არ გააჩეროთ ისეთ სივრცეში, სადაც მწეველები არიან.

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება რომ არ გამოგეპაროთ, დააკვირდით პატარას ქცევას, განწყობას და ნებისმიერი უმნიშვნელო სიმპტომის მიმართ ყურადღება გამოიჩინეთ.

მომზადებულია kinsahealth.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

რა არის სუდანი და რატომ არ უნდა იყოს ის საკვებ პროდუქტებში

რა არის სუდანი და რატომ არ უნდა იყოს ის საკვებ პროდუქტებში

რა არის სუდანი და რატომ არ უნდა იყოს ის საკვებ პროდუქტებში? - აღნიშულ თემაზე პედაიტრმა თამარ ობგაიძემ ​ისაუბრა. 

გთავაზოვთ პედიატრის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ყველა საღებავს თავის ადგილი აქვს - ზოგს საკვებში, ზოგს ტექტილის, პლასტამისის თუ კოსმეტიკურ მრეწველობაში, ზოგსაც - მედიცინაში.

სუდანი ულამაზესი ფერის საღებავების ჯგუფია. მისი რამდენიმე ფორმა არსებობს. სუდანი I,II,III, IV ისეთი ლამაზი ფერის წითელი საღებავია, აუცილებლად მოგტაცებთ თვალს.

შეიცავს აზოტის ჯგუფს, კარგად იხსნება ცხიმში. სწორედ ამიტომ მას პლასტმასის, ცვილების, ლაქების, ტექნიკური ზეთების, საღებავების წარმოებაში იყენებენ.
სუდანი გამოიყენება მედიცინაშიც, უჯრედებისა და ქსოვილების მიკროსკოპით შესწავლისათვის მათს შესაღებად. იყენებენ გამოიყენება ტექსტილის მრეწველობასა და ზოგჯერ კოსმეტიკურ საშუალებების წარმოებისას მისი ძალიან ლამაზი წითელი ფერის გამო. და თურმე არამხოლოდ.

პირველი სკანდალი 2003 წელს საფრანგეთში აგორდა, როცა ინდოეთიდან შემოტანილი ჩილის სოუსებში სურსათის კონტროლის მესვეურებმა სუდანი აღმოაჩინეს.

ამავე წელს გაერთიანებული სამეფოს საკვების უვნებლობის სააგენტომ გააკეთა განცხადება ზოგიერი ჩილისშეცველი ფოპდუქტის დაბინძურების შესახებ.ამას სავაჭრო ცენტრებიდან 600-მდე საკვები პრდუქტის ამოღება მოჰყვა -მათ შორის მზა სუპების, ჩიფსების , სუნელების, სოუსების სხვადასხვა სახეობები.

შემდეგი სკანდალი 2006 წელს ჩინეთში იყო, სადაც სუდანი იხვის, ქათმის ხორცსა და კვერცხში ააღმოაჩინეს. როგორც ჩანს კვერცხის მწარმოებლებს ძალიან უნდოდათ თავი მკვეთრი ნარინჯისფერი კვერცხის გულით მოეწონებინათ, რისთვისაც ფრინველს სუდანისშემცველ საკვებს აძლევდნენ.

რა უნდა სუდანს საკვებში

შესანიშნავი წითელი ფერი, რითიც სუდანი გამოირჩევა, თურმე საკვებ პროდუქტებსაც აძლევს ისეთ ფერს, რითიც ის მიზმიდველი ხდება. დახლზეც აუცილებლად შენიშნავთ და სავაჭრო ურიკაშიც სწორედ მას მოათავსებთ.

ამგვარად, მწარმოებელისათვის ეს პროდუქტის პოპულარობის და გაყიდვების ზრდის მიზეზი ხდება.

სულ ტყუილად დაიწყებთ პროდუქტის ეტიკეტის თვალიერებას - იქ მას , რათქმაუნდა, ვერ იპოვით. სუდანი გამოყენება საკვები მიზნებით ხომ აკრძალულია. სამწუხაროდ, მის არსებობას შეცველობას საკვებ პროდუქტში ვერც სუნით მიხვდებით და ვერც გემოთი.

რეგულაციები

1973 წელს გაეროს საკვებისა და აგიკულტურების ორგანიზაციის FAO/WHO ექსპერტმა ჯგუფმა სუდანის ჯგუფის საღებავები საკვებად უვარგისად სცნო და მისი ამ მიზნით გამოყენება აკრძალა.

1975 წელს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (IARC) ექპერიმენტული კვლევებით დააგინა, რომ სუდანის კანქვეშა შეყვანა შეყვანა ექსპერიმენტულ თაგვებში თაგვებში სიმსივნურ დაავადებებს იწვევდა, თუმცა მსგავსი დასკვნა ადამიანებზე არ გამოქვეყნებულა.

მეცნიერები თვლიან, რომ სუდანი კანცეროგენული, გენოტოქსიური და ტერატოგენული ეფექტების მქონე ნივთიერებაა. ეს რთული სიტყვები ასე განიმარტება - სუდანის საკვებად გამოყენებას შეუძლია გამოიწვიოს სიმსივნური დაავადებები, გენური მუტაციები, აგრეთვე ნაყოფის სიმახინჯეები ორსული ქალის მიერ მისი ხშირი გამოყენებისას.

სუდანის გამოყენება საკვებ პროდუქტებში იკრალება ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, ჩინეთში, ავსტრალიაში, კანადაში.

როგორ შეიძლება დავიცვათ თავი

სურსათის კონტროლი სახელმწიფოს საქმეა და ეს რეგულარულად უნდა განხორციელდეს

უნდა გამკაცრდეს სასჯელები არაკეთილსინდისიერი მწარმოებელების მიმართ

ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, თავი ავარიდოთ სოუსებს, რომელთაც მკვეთრი, არაბუნებრივი წითელი შეფერილობა აქვთ.

და კიდევ, გახსოვდეთ, ერთჯერადი მიღება ამ მავნე ეფექტებს არ ქმნის. ჯანმრთელობისათვის საშიში შედეგები დგება მაშინ, თუ ჩვენ სუდანისშემცველ საკვებს სისტემატურად გამოვიყენებთ.

ჯანმრთელობას გისურვებთ!♥️♥️♥️“

წაიკითხეთ სრულად