Baby Bag

​როდის არის საშიში გაძლიერებული წყურვილი და შარდის ჭარბი გამოყოფა ბავშვებში და რას მივაქციოთ ყურადღება ექიმთან ვიზიტამდე

​როდის არის საშიში გაძლიერებული წყურვილი და შარდის ჭარბი გამოყოფა ბავშვებში და რას მივაქციოთ ყურადღება ექიმთან ვიზიტამდე

როდის არის საშიში გაძლიერებული წყურვილი და შარდის ჭარბი გამოყოფა ბავშვებში და რას მივაქციოთ ყურადღება ექიმთან ვიზიტამდე, - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე საუ​ბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

პოლიდიფსია სამედიცინო ტერმინია და გაძლიერებული წყურვილის გამო სითხის ჭარბად მიღებას ნიშნავს. ჯანმრთელ ბავშვს მომატებული წყურვილი შესაძლოა, ჰქონდეს ძალიან ცხელ ამინდში, მარილიანი საკვების მიღების ან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. თუმცა, თუკი ჭარბი წყურვილის მიზეზი არაა თვალსაჩინო და წყლის ჭარბად მიღება რამდენიმე დღე მაინც გრძელდება, განსაკუთრებით თუ შარდიც ჭარბად გამოიყოფა, საჭიროა დაუყოვნებლივ კონსულტაცია ექიმთან.

პოლიურიაც სამედიცინო ტერმინია და შარდის ჭარბად გამოყოფას ნიშნავს. თუკი ბავშვი შარდავს 3-4 მლ/კგ/24 საათში და მეტს, საჭიროა, გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

მაგალითისათვის: თუკი თქვენ გყავთ 5 წლის ბავშვი, რომელიც 20 კგ-ს იწონის და 2000 მლ-ზე მეტს შარდავს 24 საათის განმავლობაში ან/და სვამს 2 ლიტრზე მეტ წყალს, აუცილებელია დაუკავშირდეთ ექიმს და შეატყობინოთ ამის შესახებ.

როგორ შევაფასოთ სწორად?

სითხის ჭარბ მიღებასა და შარდის ჭარბ გამოყოფაზე ეჭვის დროს აუცილებლია დაკვირვება და სწორად შეფასება. სასურველია, სანამ ექიმს მიმართავთ, გქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია: რამდენი მიიღო და გამოყო ბავშვმა სითხე ბოლო 24 საათის მანძილზე.
აღრიცხვა დაიწყეთ დილით გაღვიძებისთანავე, ჩაიწერეთ როგორც მიღებული წყლის რაოდენობა, ასევე სხვა სითხეები, როგორიცაა წვნიანი და წვენი. შეეცადეთ, ყოველთვის გამოიყენოთ ერთი და იგივე საზომიანი ჭიქა ან ბოთლი. აღრიცხვა აწარმოეთ მეორე დილამდე, ღამის ჩათვლით. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ, თუ ბავშვი ღამით სპეციალურად რამდენჯერმე იღვიძებს წყურვილის ან მოშარდვის აუცილებლობის გამო.
შედარებით უფრო რთული, მაგრამ შესაძლებელია გამოყოფილი შარდის რაოდენობის განსაზღვრაც, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ბავშვი ჯერ კიდევ საფენებს იყენებს.
ათვლა დაიწყეთ დილის პირველი საფენის გამოცვლის შემდეგ. მოაგროვეთ ყველა მომდევნო საფენი მეორე დილით გამოცვლილის ჩათვლით, აწონეთ და გამოაკელით იგივე რაოდენობის გამოუყენებელი საფენების წონა. 24 საათის განმავლობაში მიღებული და გამოყოფილი სითხის რაოდენობა თითქმის უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.

განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ, თუ:

  • ბავშვი ღამით აღარ ისველებდა და უცებ კვლავ დაიწყო ჩასველება, არ იღვიძებდა ღამე მოსაშარდად და უკვე რამდენჯერმე უწევს ადგომა,
  • თუკი შარდის ფერი ძალიან ღია ან პირიქით უჩვეულოდ მუქია;
  • თუკი აღნიშნულ სიმპტომებს თან ახლავს წონის კლება, ზოგადი სისუსტე და ადინამია, ტემპერატურის მატება, გულისრევა-ღებინება, პირიდან აცეტონის სუნი, ცნობიერების შეცვლა და აშ.


​პოლიურია და პოლიდიფსია უმეტესად შაქრიანი ან უშაქრო დიაბეტისათვის დამახასიათებელი ნიშნებია და მოითხოვს დროულ შეფასებას.
აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს სისხლში გლუკოზის დონე, გაკეთდეს შარდის საერთო ანალიზი და მიმართოთ თქვენს პედიატრს ან ბავშვთა ენდოკრინოლოგს.

წყარო: პედიატრ თამარ ობგაიძის ბლოგი 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ დასასვენებლად წაყვანილი ბავშვი 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ მშობლებს ურჩია ბავშვის დასასვენებლად წაყვანის შემთხვევაში გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო გაითვალისწინონ:

„გარემოსთან ადაპტაცია დიდსაც და ბავშვსაც ესაჭიროება დაახლოებით 7-დან 10 დღემდე, როდესაც ბავშვი იცვლის გარემოს, იცვლის საკვებს, წყალს და ა.შ. ამ გარემოსთან შეგუებას დაახლოებით 7-დან 10 დღემდე ესაჭიროება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა მიიღოს იმ გარემოდან რაღაც სარგებელი, ეს შეეხება ჰავის ცვლილებას, თუ მის ფსიქო-ემოციურ შეწყობას იმ გარემოსთან, თუ ის 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში.

ბავშვს ორი კვირით თუ წავიყვანთ დასასვენებლად, ეს დანაშაული არ არის, რა თქმა უნდა. სასურველია, თუ იქნება 20-30 დღე. ადაპტაციის დღეების რაოდენობა უნდა გავითვალისწინოთ. თუნდაც იყოს 2 კვირა, რომ 7 დღე იყოს ადაპტაცია, შემდეგ 7 დღე მიიღებს გარემოს და დაბრუნდებით სახლში. აუცილებელი არ არის ჩარჩო, რომ 20 დღე იყოთ დასასვენებლად და 21-ე დღეს წამოხვიდეთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად