ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საზოგადოებას პირბადეების დანიშნულების შესახებ საინტერესო ცნობებს აწვდის და აცხადებს, რომ ნიღაბს ჯანმრთელი ადამიანის ვირუსისგან დაცვა არ შეუძლია. მისი თქმით, ნიღაბი დაავადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები უკვე აღენიშნება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
„პირბადე ბავშვის ჯანმრთელობაზე არავითარ უარყოფით გავლენას არ ახდენს“
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, პირბადე ბავშვის ჯანმრთელობაზე არავითარ უარყოფით გავლენას არ ახდენს.
„არსებობს ბევრი კვლევა და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუციაა მსოფლიოში ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომლის გაიდლაინში წერია, რომ ექვსი წლიდან ბავშვებისთვის დასაშვებია პირბადის ხმარება და ის არავითარ უარყოფით გავლენას ბავშვის ჯანმრთელობაზე არ ახდენს. არის გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, რა თქმა უნდა, თუ არის ბავშვთან სხვადასხვა დაავადება, სადაც ექიმის დანიშნულებით შესაძლებელია, რომ უარი ითქვას პირბადეზე. მაგრამ ზოგადად და ხაზს ვუსვამ, ძალიან ბევრ ქვეყანაში დღეს სკოლებში პირბადე სავალდებულოა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შედეგ.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 15 თებერვლიდან პანდემიის პერიოდში პირველად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სწავლა სკოლის შენობებში გაგრძელდა.