Baby Bag

„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ალერგიული ადამიანებისთვის თბილისი იდეალური ადგილია“

„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ალერგიული ადამიანებისთვის თბილისი იდეალური ადგილია“
რა შეიძლება იყოს ალერგიის გამომწვევი ფაქტორები, რა სახით ვლინდება ბავშვებში ის და სად შეიძლება დაისვენონ ალერგიულმა ადამიანებმა? - MomsEdu.ge-ს ამ და სხვა კითხვებს ალერგოლოგმა ნინო მეტრეველმა უპასუხა. 

- ქალნატონო ნინო, ალერგიის სეზონი, როგორც წესი, გაზაფხულიდან იწყება და ზაფხულშიც გრძელდება. ვიცვლით კლიმატსა და ადგილმდებარეობას, როგორ უნდა მოვემზადოთ ამისთვის ?
- პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ ალერგია შესაძლებელია იყოს ოთხივე სეზონზე. გაზაფხული ალერგიის სეზონად ყვავილობის გამო მიიჩნევა, გაზაფხულს მოსდევს ზაფხული და ყვავილობის პერიოდი გარკვეულწილად ზაფხულშიც გრძელდება. ალერგიული პაციენტები აუცილებელია, რომ მომზადებულები იყვნენ მედიკამენტოზურად პრევენციის მიზნით. აქვე ვიტყვი, რომ ნიღაბი (პირბადე) საუკეთესო საშუალებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყვავილობის სეზონია. ნიღბის საშუალებით ძალიან ბევრმა პაციენტმა უსიმპტომოდ გაიარა სეზონი. კარგი იქნება, თუ ალერგიული პაციენტები წინასწარ მოემზადებიან მედიკამენტოზური სახით გარე გამღიზიანებლებისგან (მედიკამენტები აუცილებლად ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ უნდა დაინიშნოს).
- რა შეიძლება იყოს ალერგიის გამომწვევი ფატორები?
- ალერგიის გამომწვევი ფაქტორი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად, მცენარის მტვერი არის ძალიან ძლიერი გამღიზიანებელი, ცხოველის ბეწვი, საკვები, განსაკუთრებით ის საკვები, რომელიც შეიცავს ემულგატორებსა და კონსერვანტებს, მატყლი, ხალიჩა, ქიმიური ნივთიერებები, სარეცხი საშუალებები, სუნამო, ლითონის ნაკეთობა...
- კონკრეტულად ბავშვებზეც რომ ვისაუბროთ, რა სახით ვლინდება ბავშვებში ალერგია?

- ზემოთჩამოთვლილი გამოვლინებები ვრცელდება როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში. ბავშვების მიმართ კი განსაკუთრებულად საჭიროა მეტი ყურადღება. ჩვილი ბავშვებისთვის დამახასიათებელია დიათეზი, რომლის გამოხატულებაა გაღიზიანებული, შეწითლებული სახის კანი. ამ შემთხვევაში გამღიზიანებელი არის საკვები - რძე. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი არის ხელოვნურ კვებაზე, ალერგიული ბავშვებისთვის არსებობს ჰოპოალერგიული ფაფები რძის გარეშე, ძუძუთი კვების შემთხვევაში კი აუცილებელია დედა იცავდეს მკაცრ დიეტას.

- როგორ შეგვიძლია თავიდან ავარიდოთ მათ ეს დიდი უსიამოვნება ?

- პირველ რიგში, თუ ბავშვი ალერგიულია, აუცილებელია, რომ ალერგოლოგთან გაიაროთ კონსულტაცია. დანიშნული მედიკამენტები რეცეპტის მიხედვით მისცეთ წინასწარი პრევენციის მიზნით, მაგრამ მხოლოდ მედიკამენტებით შესაძლოა, ვერ დავეხმაროთ, ამიტომ აუცილებელია ხელშეწყობა, მედიკამენტების მიღების პარალელურად, უნდა მოერიდოთ გარე გამღიზიანებელს, მაგალითისთვის, თუ ბავშვი ციტრუსზეა ალერგიული, მნიშვნელოვანია, რომ მოარიდოთ ციტრუსს.

- ასევე ხშირია მწერების კბენა და მისგან გამოწყვეული ალერგიული ფონები, როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?

- ეს არის ინსექტური ალერგია, რაც საკმაოდ ხშირია. შეიძლება მოერიდო ყვავილს, მაგრამ მეტად რთულია მოერიდო მწერს. ალერგიული ადამიანებისთვის მწერის კბენა შეიძლება, ფატალურად დასრულდეს. მაგალითად, ალერგიული ადამიანისთვის კრაზანის ნაკბენი, თუ მომენტალურად არ მოხდა მასში ინექციის შეყვანა, ძალიან სახიფათოა და დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ ვერ გადარჩეს. ამიტომ, ყოველთვის თან იქონიეთ დექსამეტაზონი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიდიხართ დასასვენებლად, სადაც მწერების სიხშირის ალბათობა დიდია, სახლისთვის კი შეიძინეთ ბადეები. ბავშვების მიმართ კი განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, მოერიდეთ ღამით მათ გასეირნებას, რადგან ამ დროს მწერი შეუმჩნეველია.

- ასევე აღსანიშნავია, რომ ალერგიის და გრიპის სიმპტომები საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს - როგორ უნდა მივხვდეთ და განვასხვავოთ ერთმანეთისგან გრიპი და ალერგია?

- ალერგია არსებობს სხვადასხვა სახით და ვლინდება მრავალი სიმპტომით. არიან პაციენტები, რომლებსაც ერთმანეთში ერევათ გრიპი და ალერგია, არ შეიძლება გრიპი იყოს ხანგრძლივი დროით. გრიპის მსგავსი სიმპტომების გარდა ალერგიასთან კავშირშია: გამონაყარი, ქავილი, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, ყელის ქავილი, ხველა. ალერგიული ხველა არსებობს ორი სახის - მშრალი და სპაზმური. ასევე არსებობს სიცივის ალერგია ზამთარში, რომლის სიმპტომია ხელის შეშუპება, რასაც დაკრავს მოლურჯო ელფერი, მზის ალერგიის დროს კი დამახასიათებელია გამონაყარი და ქავილი.

- დაბოლოს, სად ურჩევთ დასვენებას ალერგიულ ადამიანებს?

- ალერგიული პაციენტებისთვის ძალიან კარგია მთის კურორტები. არ შეგიყვანოთ შეცდომაში იმან, რომ დამტვერვის სეზონის დროს, მაისში, ძალიან სასარგებლოა დასვენება. ეს აკრძალულია ალერგიული პაციენტებისთვის, რადგან მსგავს სიტუაციაში მოხვედრამ შეიძლება, სავალალო შედეგები გამოწვიოს. პაციენტები, რომლებიც ნესტზე ცუდად რეაგირებენ, მათთვის უმჯობესია, მოერიდონ ზღვას, ასევე ის პაციენტები, რომლებსაც მზის ალერგია აქვთ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ალერგიული ადამიანებისთვის თბილისი იდეალური ადგილია. დასვენების მხრივ ნებისმიერ შეთხვევაში გირჩევთ მთას, გასათვალიწინებელია ისიც, რომ საკურორტო თერაპიისთვის კარგი იქნება, შეარჩიოთ ივლისი და აგვისტო.

ესაუბრა მაკა ქაფიანიძე 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სინოფარმი/სინოვაკის აცრიდან 28 დღის გასვლის შემდეგ გაქვთ უფლება დაიმატოთ ფაიზერის ორივე დოზა,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„სინოფარმი/სინოვაკის აცრიდან 28 დღის გასვლის შემდეგ გაქვთ უფლება დაიმატოთ ფაიზერის ორივე დოზა,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ბუსტერ დოზების დამატების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბუსტერ დოზები მხოლოდ ფაიზერის ვაქცინის შემთხვევაშია დაშვებული:

„ბუსტერული დოზა მხოლოდ ფაიზერს დაემატება. ეს იქნება რისკ-ჯგუფებისა და 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის. სხვა არცერთ ვაქცინას მწარმოებელი არ უწერს,რომ სჭირდება ბუსტერული დოზა. ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით, თუ რომელიმე ქვეყანაში წასვლა გავალდებულებთ, გაქვთ უფლება ბოლო ​სინოფარმი/სინოვაკის აცრიდან 28 დღის გასვლის შემდეგ დაიმატოთ ფაიზერის ორივე დოზა. ეს ხდება მიზნობრიობის დოკუმენტის წარდგენით.“

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ანტივირუსული პრეპარატი ვაქცინას ვერ ჩაანაცვლებს:

„რასაკვირველია, პრეპარატი ვერ შეცვლის ვაქცინას. ერთი არის პრევენციისთვის, მეორე - მკურნალობისთვის. ყველანი ვაცნობიერებთ, რომ ვაქცინა არ არის 100%-იანი დაცვა. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ონკოლოგიური დაავადება, რომლებსაც აქვთ მაღალი ასაკი ვაქცინაციის მიუხედავად არ უყალიბდებათ მყარი იმუნური პასუხი, ამიტომ მათში არის სწორედ ვაქცინირებულებს შორის გარდაცვალების პროცენტი. იმ ადამიანებისთვის იქნება სწორედ მსგავსი ტიპის პრეპარატები მნიშვნელოვანი.“

„ადამიანებს, რომლებსაც მიუხედავად ვაქცინაციისა დაუდასტურდებათ კოვიდი და აქვთ ქრონიკული თანმხლები დაავადებები ან ასაკი, ​პირველ ორ-სამ დღეში მიეცემათ ეს პრეპარატი, რომელიც არის ტაბლეტირებული,“ - აღნიშნულ საკითხზე ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად