Baby Bag

რა სიმპტომები ახასიათებს და რა უნდა გავითვალისწინოთ გრიპის ვირუსის დროს

რა სიმპტომები ახასიათებს და რა უნდა გავითვალისწინოთ გრიპის ვირუსის დროს

„ზამთრის მოსვლასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსი დაავადებების რაოდენობა გაიზარდა,“ - აღნიშულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობს.

„ზამთრის მოსვლასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსი დაავადებების რაოდენობა გაიზარდა, მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო. ჯერჯერობით, საქართველოში H1N1 ვირუსია გამოვლენილი. გარდა ამისა, გავრცელებულია, რინოვირუსები და პარაგრიპის ვირუსები. ავადობა არის ისეთივე, როგორიც 2017 წელს ამავე სეზონზე იყო. დაახლოებით იგივე მაჩვენებელია პოლიკლინიკებში მიმართვიანობასთან დაკავშირებით, თუმცა 2016 წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია. წელს ლაბორატორიულად გრიპის 10-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებიც უფრო მეტია, ვიდრე შარშან ამ პერიოდში იყო. მიმდინარე პერიოდში გრიპის ვირუსი საგანგაშო მაჩვენებელზე არ არის და 100 000 ადამიანზე 170-ს შეადგენს. ვირუსის სიმპტომებია: სიცხე, ყელის ტკივილი და ღებინება. მოქალაქეებს ვურჩევ, აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმს დროულად მიმართონ. ასევე საჭიროა, ჰიგიენის ნორმების დაცვა - ხელების ხშირად დაბანა და გაციების ან ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, სახლში დარჩენა,“ - აღნიშნა პაატა იმნაძემ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც გვაქვს მწვავე სურდო ან მწვავე ბაქტერიული ინფექცია, შვიდი-თოთხმეტი დღე სისხლძარღვთა შემავიწროვებელი არის არაჩვეულებრივი პრეპარატი,“ - ქეთი გოცაძე

„როდესაც  გვაქვს მწვავე სურდო ან მწვავე ბაქტერიული ინფექცია, შვიდი-თოთხმეტი დღე სისხლძარღვთა შემავიწროვებელი არის არაჩვეულებრივი პრეპარატი,“ - ქეთი გოცაძე

​ოტორინოლარინგოლოგი ქეთი გოცაძე მედიკამენტოზური რინიტის პრობლემაზე საუბრობს, რომელიც საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს. მისი თქმით, სისხლძარღვთა შემავიწროვებელზე დამოკიდებულება სერიოზული პრობლემაა:

„მედიკამენტოზური რინიტი საკმაოდ გავრცელებულია, ეს არის სისხლძარღვთა შემავიწროვებელზე დამოკიდებულება. ეს პრეპარატები ძალიან დიდი რაოდენობით არის აფთიაქში. ამას აქვს არაჩვეულებრივი თავისი მოხმარების ნიშა. მოხმარების ნიშის იქით ბოროტად გამოყენება, რა თქმა უნდა, იწვევს დამოკიდებულებას. პაციენტს უჭირს ცხვირით სუნთქვა, ამიტომ ის იყენებს ამ სპრეის და ხდება მასზე დამოკიდებული. არსებობს ლოკალურად ცხვირის წვეთზე დამოკიდებულების დიაგნოზი. ეს არის ქრონიკული რინიტის ერთ-ერთი სახე. პაციენტს არანაირი სხვა თანმხლები პათოლოგია არ აქვს და გატაცებულია ამ წვეთებით. ერთხელ რომ ჩაიწვეთა და ნახა, რომ კარგად სუნთქავს, მერე თავისი ძველი სუნთქვა უკვე აღარ აკმაყოფილებს.“

​ქეთი გოცაძის თქმით, მწვავე სურდოს ან ბაქტერიული ინფექციის დროს სისხლძარღვთა შემავიწროვებლების გამოყენება საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა ეს კანონზომიერი უნდა იყოს:

„როდესაც ჩვენ გვაქვს მწვავე სურდო ან მწვავე ბაქტერიული ინფექცია, შვიდი-თოთხმეტი დღე სისხლძარღვთა შემავიწროვებელი არის არაჩვეულებრივი პრეპარატი. ეს იწვევს რას? ​ცხვირიდან სუნთქვის გაუმჯობესებას. სავალები უნდა იყოს ბუნებრივად გახსნილი, რომ თუ დაავადება მიმდინარეობს ძლიერი ცხვირის გაჭედვით, არ განვითარდეს სინუსიტი და ოტიტი. როდესაც ორი კვირა გაივლის და პრეპარატი თავის საქმეს ამოწურავს, მისი გამოყენება აღარ არის საჭირო. თვითონ ამ პრეპარატს ადგილობრივად აქვს ძალიან ბევრი უარყოფითი მოქმედება. თუ ვერ სუნთქავთ, ეს პერიოდი უნდა გადალახოთ. ეს მარტო მედიკამენტზე დამოკიდებულება არ არის, ეს არის ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაც. შეუძლებელია პაციენტს უთხრა, რომ არ შეგიძლია ცხვირით სუნთქვა, ისუნთქეო, მაგრამ თუ ფსიქოლოგიურად განაწყობ თავს, გადალახავ დამოკიდებულებას. რაღაც პერიოდი იქნება გაჭირვება. სურდოს დროსაც გვიჭირს ერთი დღე, ორი დღე. თუ არ მიეხმარე საკუთარ თავს, ვერაფერს მიაღწევ. არსებობს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქრონიკულად იწვევს ცხვირის გაჭედვას, მაშინ ამ ქრონიკული დაავადების მკურნალობამდე მივდივართ.“

„არსებობს მედიკამენტოზური რინიტები, რომლებიც ზოგადად​ მიღებული წამლებისგან  შეიძლება იყოს განვითარებული. მაგ. ასპირინის ჯგუფი, კარდიომაგნილს ყველა ღებულობს, კარდიო ასპირინს. წნევის დამწევი საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, ეს პრეპარატები ხშირად იწვევს რინიტს. პაციენტი მოდის, ცხვირის სპრეიზეა დამოკიდებული და აღმოჩნდება, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებს. ამ შემთხვევაში მთავარი არის დიაგნოზი. როდესაც დიაგნოზს ვსვამთ, მერე მართვა გაცილებით ადვილია,“ - აღნიშნულ საკითხებზე ქეთი გოცაძე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად