Baby Bag

რას გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესი? - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები MomsEdu.ge-ზე ყოველ სამშაბათს

რას გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესი? - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები MomsEdu.ge-ზე ყოველ სამშაბათს

მედიაპორტალი MomsEdu.ge ახალ რუბრიკას წარმოგიდგენთ - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები. ყოველ სამშაბათს გაეცანით ენდოკრინოლოგ თინათინ კაჭარავას რჩევებს, მოგვწერეთ თემები, რომლებიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ.

ექიმი პირველ თემად წარმოგიდგენთ - რას გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესი?

ცხოვრების ჯანსაღი წესი ჩვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა. ჯანმრთელობა კი გულისხმობს ფიზიკურ, სულიერ და სოციალურ კეთილდღეობას.

ცხოვრების ჯანსაღ წესში იგულისხმება:

  • დაბალანსებული, მრავალფეროვანი, ჯერადი კვება
  • შენარჩუნებული სითხის ბალანსი
  • ზომიერი ფიზიკური აქტივობა
  • ძილის რეჟიმის მოწესირგება
  • მავნე ჩვევებზე უარის თქმა

უფრო კონკრეტულად კი - რეკომენდებულია დღის მანძილზე 4-5 ულუფა საკვების მიღება: სრულფასოვანი საუზმე, საუზმიდან რამდენიმე საათში სეზონური ხილი, რომელიც არის ცალკე კვება და არა წახემსება, როგორც უმეტესობა მიიჩნევს, სადილი, რომელიც დაბალანსებულია ნახშირწყლებით, ცილებით და მცირე რაოდენობით სასარგებლო მცენარეული ცხიმებით, ვახშამი კი სასურველია, მსუბუქი იყოს: რძის ნაწარმი, ბოსტნეულის სალათი და ა.შ. უნდა ვეცადოთ, საღამოს 8 საათის შემდეგ საკვები არ მივირთვათ. დიდი ყურადღება ეთმობა, რომ დღის რაციონი იყოს მრავალფეროვანი და გაჯერებული სეზონური ხილ-ბოსტნეულით, რომლებიც შეიცავენ მინერალებისა და ვიტამინების დიდ რაოდენობას. რაციონთან ერთად სუსრველია საკვების მოცულობის და კალორაჟის კონტროლი.

შენარჩუნებული სითხის ბალანსი ორგანიზმში - ერთ-ერთი წამყვანი პირობა ჯანსაღი ნივთიერებათა ცვლისთვის. ჩვენი ორგანიზმი შედგება 70% წყლისგან. იგი არის უნივერსალური გამხსნელი, ასრულებს „სატრანსპორტო სისტემის“ როლს, გამოაქვს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის პროცესის პროდუქტები და ხელს უწყობს თერმული წონასწორობის შენარჩუნებას. სითხის ბალანსის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ წყლის მიღებით, მას ვერ ჩაანაცვლებს ვერც ერთი სხვა სითხე. ჯანმრთელი ადამიანისთვის (ვისაც არა აქვს რაიმე სახის ქრონიკული დაავადება) რეკომენდებულია მინიმუმ 1.5 ლ სითხის მიღება დღეში. სითხეზე მოთხოვნილება იცვალება გარემო პირობების შესაბამისად. ზაფხულის ცხელ დღეებში იზრდება წყალზე მოთხოვნილება, ამ დროს ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს და მასთან ერთად მინერალებს და ვიტამინებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მიკრო, მარკო ელემეტების დეფიციტი და ავიტამინოზი (ვიტამინების დეფიციტი), სწორედ ამიტომ ყოველდღიურად ჩვენს ორგანიზშმი დიდი ყურადღება უნდა მიექცეს შენარჩუნებულ სითხის ბალანსს. 

რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ვსაუბრობთ ფაქტობრივად ჯანმრთელ პოპულაციაზე. სასურველია, კვირაში 3-4 ჯერ დაახლობით 60-90 წუთი მსუბუქი ფიზიკური აქტივობა: ცურვა, ფიტნესი ან უბრალოდ სწრაფი ნაბიჯით სეირნობა.

რაც შეეხება ძილის რეჟიმს, არასრულფასოვანი ძილის დროს ორგანიზმში ირღვევა: ჰორმონალური ბალანსი, კერძოდ კი ჰორმონ ინსულინის დონე (რომელიც არის მაშენებელი ჰორმონი), ხდება მის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობის დარღვევა, ქვეითდება იმუნური სისტემა, ხდება ნერვული სისტემის გადაძაბვა. ხშირად გამოუძინებელი ადამიანი უფრო მეტ კალორაჟს მიირთმევს, ვიდრე მას რეალურად ესაჭიროება. იზრდება გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი. 7-8 საათი სრულფასოვანი ძილი აუცილებელი წინაპირობაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ბოლოს კი დამეთანხმებით, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს ჩვენს ყოველდღიურობაში თან არ უნდა ახლდეს მავნე ჩვევები (თამბაქო, ალკოჰოლი და ა.შ). ვფიქრობ, მავნე ჩვევებზე უარის თქმა ერთ-ერთი ძირითადი და წამყვანი გამოწვევაა ცხოვრების ჯანსაღი წესის დროს.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოვრების ჯანსაღ რეჟიმზე გადასვლა არ გადავდოთ ხვალისთვის, ორშაბათისთვის და ა.შ. არამედ დავიწყოთ დღესვე ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ექიმი ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელია შემოდგომის მკურნალი ხილი? - ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანის რჩევები

ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა შემოდგომის ხუთი ხილი დაასახელა, რომელიც ორგანიზმისთვის ყველაზე დიდი სარგებლის მომტანია:

​ბროწეული დიდი რაოდენობით შეიცავს K ვიტამინს. ეს ვიტამინი არაჩვეულებრივია, რადგან კალცის შეწოვას უწყობს ხელს, ძვლის ფორმირებაში იღებს მონაწილეობას, გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, სისხლძარღვის კედლის მდგრადობაზეც. შევთანხმდით, რომ ბროწეული არის მეტად სასარგებლო.“

ქეთი ასათიანის თქმით, ფეიხოას მირთმევა სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების დროს:

„ძალიან ხშირად გვსმენია კითხვა: როგორ უნდა დავირეგულიროთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება? ის პირები, ვისაც ფარისებრივი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებული აქვთ, გვეკითხებიან: ​კივი და ფეიხოა რომ მივირთვათ, იოდის დეფიციტი აღმოიფხვრება? მხოლოდ კივის და ფეიხოას მირთმევით ჰიპოთირეოზი არ აღმოიფხვრება, მაგრამ ფეიხოა ძალიან მდიდარია იოდით. ეს არის უჯრედისით მდიდარი პროდუქტი. ის ებრძვის ტოქსინებს და ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა მინარევებისგან, შლაკებისგან ათავისუფლებს. მის შემადგენლობაში შედის ფოლიუმის მჟავა. ფეიხოა მდიდარია C ვიტამინით.“

„შემდეგი ხილი არის ხურმა. ხურმას აქვს 200-მდე სახეობა. მას აქვს შარდმდენი მოქმედება, დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ხურმა მდიდარია A ვიტამინით. ის კარგად გამოიყენება სალათებშიც. ​ძალიან სასარგებლო ხილია კომშიც. მას ხშირად მკურნალ ხილსაც უწოდებენ. მას აქვს ანტისეპტიკური მოქმედება. ხურმა შეიცავს თუთიას,“ - აღნიშნულ საკითხზე ქეთი ასათიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად