Baby Bag

​როგორი უნდა იყოს რაციონი „ინტერვალური შიმშილის“ დროს? რატომ 16-საათიანი ინტერვალი და არა 18-საათიანი? დღეში რამდენჯერ და დაახლოებით რომელ საათებშია რეკომენდებული კვება?

​როგორი უნდა იყოს რაციონი „ინტერვალური შიმშილის“ დროს? რატომ 16-საათიანი ინტერვალი და არა 18-საათიანი? დღეში რამდენჯერ და დაახლოებით რომელ საათებშია რეკომენდებული კვება?

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. რადგან ​წინა კვირაში გამოქვეყნებულმა სტატიამ „ინტერვალური შიმშილი“ მკითხველთა დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია, დღესაც სწორედ ამ თემაზე შემოგთავაზებთ ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა კომპეტენტურ ინფორმაციას. როგორი უნდა იყოს რაციონი „ინტერვალური შიმშილის“ დროს? რატომ 16-საათიანი ინტერვალი და არა 18-საათიანი? დღეში რამდენჯერ და დაახლოებით რომელ საათებშია რეკომენდებული კვება? - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.

წინა სამშაბათს გამოქვეყნებულ სტატიაზე მკითხველთა დიდი გამოხმაურების გამო დღესაც შევეხებით „ინტერვალური შიმშილის“ კვების რეჟიმს. მათთვისაც, ვისთვისაც უცნობია, რას გულისხმობს აღნიშნული კვების რეჟიმი, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ​წინა სტატია. პირველ რიგში, მინდა შევეხო მოსახლეობაში გავრცელებულ „18-საათიან ინტერვალურ შიმშილს“. ამ რეჟიმის დროს უფრო მეტი გვერდითი მოვლენის განვითარების გამო მას პრაქტიკულად რეკომენდაცია არ ეძლევა. ასეთ დროს ხშირად თავს იჩენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჩივილები, როგორებიცაა: დისკომფორტი მუცლის არეში, კუჭის პერიოდული ტკივილი, გულისრევა, ნაღვლის ბუშტის გაღიზიანება და ა.შ.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ „ინტერვალური შიმშილის“ დროს ადამიანი 24 საათიდან 8 საათის განმავლობაში იკვებება, ხოლო დარჩენილი 16 საათი არაფერს მიირთმევს. კვებისთვის განკუთვნილი 8 საათი გაჯერებული უნდა იყოს უკვე არაერთხელ ნახსენები დაბალანსებული, მრავალფეროვანი ჯანსაღი საკვებით. ვსაუბრობთ პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებზე, ვისაც არ აქვს რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება (ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები პირადად მათთვის განკუთვნილ რეჟიმზე უნდა იყვნენ). ასევე აღნიშნული რეჟიმი არ ეხება ბავშვთა და მოზარდ თაობას.

როგორი უნდა იყოს რაციონი „ინტერვალური შიმშილის“ დროს და დღეში რამდენჯერ და დაახლოებით რომელ საათებშია რეკომენდებული კვება?

ერთ მაგალითზე განვიხილავ ინტერვალური შიმშილის“ დროს, როგორ და რომელ საათებში უნდა იკვებოთ. მაგალითად, საუზმე დილით 10:00 საათზე. ეს დღის ის მონაკვეთია, როცა შეგვიძლია, ვიყოთ შედარებით თამამები რაციონის შერჩევისას. მისაღებია, საუზმე იყოს მდიდარი როგორც ცილოვანი, ისე ნახშირწყლოვანი საკვებით. 

საუზმიდან დაახლობით 2-3 საათში რეკომენდებულია ხილით წახემსება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ხილი უნდა იყოს ჩვენს რაციონში,  როგორც ცალკე ულუფა, ცალკე კვება. სასურველია, მივირთვათ სეზონური ხილი 200-300 გრ. ოდენობით („აკრძალულ“ ხილში შედის: კარალიოკი, ბანანი, ყურძენი, ლეღვი, მსხალი). 

დაახლოებით 15:00 საათისთვის სასურველია მივირთვათ დღის ძირითადი ულუფა, სადილი. იგი მდიდარი უნდა იყოს ცილებით, ბოსტნეულით და ასევე შეგიძლიათ მიირთვათ მცირე ოდნებით ჯანსაღი მცენარეული ცხიმი. 

დღის ბოლო კვება, ვახშამი 18:00-ზე (ამ მაგალითზე, როცა საუზმე 10:00 იწყება, ვახშამი გამოდის 18:00 საათზე) შესაძლებელია, იყოს რძის ნაწარმი ან ბოსტნეულის სალათი. დღის მანძილზე გვერდს ვერ ავუქცევთ ორგანიზმში სითხის ბალანსის შენარჩუნებას. 

კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებზე, ვისთვისაც რეკომენდებულია დღის მანძილზე დაახლობით 1,5 ლ. წყალი, ზაფხულის ცხელ დღეებში წყალზე მოთხოვნილება თავისთავად იზრდება. სასურველია, წყლით ორგანიზმი არ დავტვირთოთ ძილისწინა პერიოდში, მისი მიღება მცირე ულუფებით დავიწყოთ უზმოდან და მივიღოთ კვებებს შორის პერიოდში. 

რაც შეეხება დარჩენილ 16 საათს, ამ დროს დაშვებულია მხოლოდ წყლის და უშაქრო ყავის ან ჩაის მირთმევა. უმჯობესია, ეს იყოს მხოლოდ წყალი ან მწვანე ჩაი.

ბოლოს ხაზგასმით უნდა დავაფიქსიროთ, რომ არ არსებობს ყველა ადამიანზე მორგებული კვების არც რეჟიმი, არც რაციონი. იმან, რაც შეიძლება ერთისთვის იყოს მისაღები და დადებითი გავლენა მოახდინოს მის მეტაბოლიზმზე, შესაძლებელია, სხვა ადამიანს ავნოს კიდეც. ნებისმიერი კვების რეჟიმის შერჩევისას სასურველია ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რათა წონაში კლება იყოს ჯანსაღი და არა ზიანის მომტანი.

ექიმი ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა

შეიძლება დაინტერესდეთ

„დამოკიდებულება „გაცივდა და მორჩა“ აბსოლუტურად სწორია, თუ მას არ ახლავს ტემპერატურა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

„დამოკიდებულება „გაცივდა და მორჩა“ აბსოლუტურად სწორია, თუ მას არ ახლავს ტემპერატურა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ბავშვების სეზონური ვირუსებით ავადობის შესახებ ისაუბრა:

„დამოკიდებულება „გაცივდა და მორჩა“ აბსოლუტურად სწორია, თუ მას არ ახლავს ტემპერატურა. ცხვირიდან გამონადენი და სურდო, რა თქმა უნდა, ნაკლები რისკის შემცველია. ამის უკან ძალიან ხშირად დგას ან ძველი კორონავირუსი, ან რინოვირუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი გაციებულია, მაგრამ სხვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ნუ გაუშვებთ გაციებულ ბავშვს საბავშვო ბაღში, სკოლაში. ის სხვებისთვის რისკის შემცველია. აუცილებელია ტემპერატურის კონტროლი. რჩევა გვაქვს, რომ ამ დროს ბავშვს დამატებით მისცეთ სითხე, ჩაი, რძე, მინერალური წყალი. სითხის დამატებით მიცემა და ტემპერატურის კონტროლი არის ბავშვის მოვლის აუცილებელი ნაწილი.

ბავშვის გამოჯანმრთელების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, ვუვლით თუ არა სწორად მას, გვაქვს თუ არა ფანჯრები ღია, ვანიავებთ თუ არა ოთახს, ვასუფთავებთ თუ არა მის გარშემო საგნებს სველი წესით. რინოვირუსის დროს ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ვეცადოთ ბავშვის იზოლირებას. ნუ შევუზღუდავთ მას მოძრაობას, უბრალოდ შეზღუდვა გვაქვს კონტაქტების. ნუ გავუშვებთ ბავშვს ბაღში. შეიძლება ერთი ბავშვისთვის ვირუსი აღმოჩნდეს მსუბუქი და მეორე ბავშვს გაურთულდეს. ბავშვი ბინის პირობებში უნდა იყოს იზოლირებული.

ვერცერთი ბავშვი ვერ გაიზრდება რესპირაციული ვირუსების გადატანის გარეშე. ეს წარმოუდგენელია. ჩვენთვის მთავარია არა ავადობის სიხშირე, არამედ მისი სირთულე. წლის განმავლობაში 10 გაციება ნორმალურია. ნუ თვლით გაციების ეპიზოდებს. ნუ ჩათვლით, რომ ეს ბავშვის სუსტი იმუნური პასუხის მიმანიშნებელია, სრულებითაც არა!“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

წყარო:​ „ერთსულოვნების დილა“ 

წაიკითხეთ სრულად