Baby Bag

ყველაფერი, რაც D ვიტამინზე უნდა ვიცოდეთ

ყველაფერი, რაც D ვიტამინზე უნდა ვიცოდეთ

გასული საუკუნის დასაწყისში ინგლისელმა ვეტერინარმა მელენბიმ შენიშნა, რომ ძაღლებს, რომელთაც ცხიმიან თევზს აძლევდნენ საკვებად, ძვლოვანი დეფორმაციები არ უვითარდებოდათ, გამოითქვა ვარაუდი, რომ თევზის ქონში არის ნივთიერება, რომელსაც რაქიტის პროფილქტიკა შეუძლია.

შემდგომი კვლევებით ამ ნივთიერების გამოყოფაც მოხერხდა, რასაც ქოლეკაცლიფეროლი ანუ D ვიტამინი უწოდეს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. დღეს უკვე ცნობილია, რომ კალციუმის და ფოსფორის ცვლის მოწესრიგების გარდა D ვიტამინს გულ-სისხლძარღვთა, სიმსივნური დაავადებების, ნერვული, ენდოკრინული პათოლოგიების პროფილაქტიკის უნარიც აქვს, აქტიურად მონაწილეობს ასევე იმუნურ რეაქციებში.
ერთი სიტყვით, ის უფრო ჰორმონულ უნარებს ფლობს, ვიდრე ვიტამინურს.

ფაქტები D ვიტამინის შესახებ

  • ხელს უწყობს ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვას
  • არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ცვლას და მათს ჩალაგებას ძვლებში
  • მონაწილეობს იმუნური სისტემის ფუნქიონირებაში. დადგენილია, რომ ადამიანები, რომელთაც ამ ვიტამინის დეფიციტი აქვთ, უფრო ხშირად ავადობენ გრიპითა და სხვა ვირუსული ინფექციებით
  • აქვთ სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი - უამრავი კვლევა ადასტურებს D ვიტამინის როლს ძუძუს, პროსტატის, სწორი და მსხვილი ნაწლავის პროფილაქტიკის კუთხით
  • ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დავადებების განვითარებას.


​აი, საიდან ვიღებთ D ვიტამინს

ცნობილია მისი 3 წყარო:

  • საკვები - ამ ვიტამინს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს თევზი. კარაქი, რძე, კვერცხი
  • მზის დასხივება - ცნობილია, რომ მზის ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენით კანში D ვიტამინის წინამორბედი წარმოიქმნება, რაც ორგანიზმში მის აქტიურ ფორმად გარდაიქნება
  • სინთეზური D ვიტამინი, რაც მედიკამენტების და საკვები დანამატების სახითაა წარმოდგენილი.

მზევ, შინ შემოდიო! 

მზით დასხივება არ ნიშნავს მზის პირდაპირი სხივების ზმოქმედებას. მზე პატარას ჩრდილშიც „მოძებნის“ ! დადგენილია, რომ ადრეულ ასაკში მზით კანის დამწვრობა შემდგომში კანის ავთვისებიანი დაავადებების განვითარების რისკს ქმნის.
ზამთარში დედების დიდი ნაწილი ბავშვს ისეთ ჩაფუთნულს ასეირნებს, მხოლოდ თვალები რომ უჩანთ. ასეთ სიტუაციაში მზეს ძალიან უჭირს „მოძებნოს” პატარას კანი.

შუშის მიღმა დარჩენილი მზე

მარტივი გამოსავალი - დახურულ ფანჯარასთან გაშიშლებული ჩვილი ულტრაიისფერი სხივებით დასხივების მოლოდინში, შეცდომაა! გახსოვდეთ, მინა კვარცს შეიცავს და მზის ულტრაიისფერ სხივებს არ ატარებს. შესაბამისად, ვერც რაქიტის პროფილაქტიკას განახორციელებთ.

რა დოზით გვჭირდება D ვიტამინი?

ყოველდღიური საპროფილაქტიკო დოზა 400 საერთაშორისო ერთეულია. თუ ჩვილს რაქიტი განუვითარდა, ეს დოზა საკმარისი არაა და რაქიტის ხარისხის და სიმძიმის მიხედვით ექიმი გაცილებით დიდ დოზას დაგინიშნავთ.
გახსოვდეთ, რაქიტი წლამდე ასაკის ბავშვის დაავადებაა, შემდგომში განვითარებული D ვიტამინის დეფიციტი ძვლოვან დეფორმაციებს აღარ იწვევს, თუმცა ვლინდება ხშირი ავადობა, ლულოვანი ძვლების ტკივილი, დაღლილობა. მოზრდილთა ასაკში ვითარდება ოსტეოპოროზი, ძვლების ხშირი მოტეხილობა.
ხანდაზმულთა ასაკში D ვიტამინის გაორმაგებული დოზა გვჭირდება, რადგან ასაკის მატებასთან ერთად კანი თხელდება და უჭირს მისი წარმოქმნა.
მოზრდილ ბავშვებში, სადაც D ვიტამინის დეფიციტია, რასაკვირველია, ასევე ინიშნება სამკურნალო დოზა მზის ინსოლაციასა დ კვების მოწესრიგებასთან ერთად.
ვიტამინის დონის განსაზღვრა სისხლში ლაბორატორიული კვლევითაა შესაძლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვები ძალიან ცოტას მოძრაობენ და ამის გამო არ შივდებათ,“- ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა უმადობის გამომწვევ მიზეზებზე

„ბავშვები ძალიან ცოტას მოძრაობენ და ამის გამო არ შივდებათ,“- ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა უმადობის გამომწვევ მიზეზებზე

ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ ბავშვების უმადობის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი დაასახელა და აღნიშნა, რომ ბავშვები ფიზიკურად ნაკლებად იტვირთებიან:

„ბავშვებს პირადი მაგალითიც უნდა ვუჩვენოთ. თუ ბავშვი ხედავს, რომ მშობელი კარტოფილის, მაკარონის, ხაჭაპურის მეტს არაფერს არ მიირთმევს, ნაკლები ალბათობაა, რომ თვითონ სხვა პროდუქტები გასინჯოს. ჩემი დაკვირვებებით, დღეს და უკვე ათწლეულებია ასეა, რომ ბავშვები ძალიან ცოტას მოძრაობენ და ცოტას რომ მოძრაობენ არ შივდებათ. აბა რეალურად ფიზიკურად დაღლილი, მოქანცული, ნარბენი ბავშვი მოვიდეს, ის ყველაფერს გადასანსლავს. თუ ყველაფერს არა, ბევრ რამეს გასინჯავს. მეტი ალბათობაა, რომ იგივე ტოლმა შეჭამოს ან სხვა რამე.

ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და წონაზე. ჩემი დაკვირვებებით, ბავშვები უფრო ხშირად ეტანებიან პურს. მათ უყვართ პური, იმიტომ, რომ ის ნახშირწყალია, ტკბილია. ის, რომ ბავშვი არ ჭამს პურს, ეს უფრო მეტად არის მშობლისა და ბებია-ბაბუის ახირება. ერთი პურის ნაჭერი იმდენ კალორიას შეიცავს, რომ ჰყოფნით ბავშვებს. საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია ცელიაკია. ცელიაკია ეს არის ხორბლის, ჭვავის, ქერისა და შვრიის აუტანლობა. მადაც ეკარგება აქ ბავშვს და თუ ჭამს, არ ერგება, ვერ იმატებს წონაში და არის გამხდარი,“- მოცემულ საკითხზე ირაკლი ფაღავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად