Baby Bag

რა საფრთხეს შეიცავს წამწამების დაგრძელება-გახშირების პროცედურები?

რა საფრთხეს შეიცავს წამწამების დაგრძელება-გახშირების პროცედურები?

წამწამების დაგრძელებისა და გახშირების პროცედურებს ქალბატონები საკმაოდ ხშირად მიმართავენ. აღნიშნული პროცედურების დახმარებით წამწამების სიგრძე და მოცულობა მნიშვნელოვნად იცვლება, რაც თვალებს უფრო მისტიკურ და მომხიბლავ ელფერს სძენს. მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად ქალბატონები პროცედურებს რამდენიმე თვეში ერთხელ იტარებენ.

წამწამების დაგრძელება-გახშირების პროცედურა სხვა კოსმეტიკური ჩარევების მსგავსად, სრულად უსაფრთხო არ არის და მას გარკვეული უკუჩვენებები აქვს. როდესაც წამწამების დაგრძელებას ან გახშირებას ცდილობთ, პროცედურა ხარისხიან ესთეტიკის ცენტრში უნდა ჩაიტაროთ. მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად და აღნიშნული პროცედურის უფრო ჯანსაღი ალტერნატივების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, ყურადღებით გაეცანით ჩვენს სტატიას.

წამწამების დაგრძელება-გახშირების გვერდითი ეფექტები

წამწამების დაგრძელება-გახშირების პროცედურა საკმაოდ ახალია და მისი ჩატარებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ მწირია, თუმცა პროცედურის ჩატარების შემდგომ გამოხატული გვერდითი ეფექტების შესახებ უკვე საკმაოდ დიდი ცოდნა დაგროვდა.

ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც წამწამების დაგრძელება-გახშირების პროცედურას ახლავს კანის გაღიზიანებაა. მართალია, თვალის ირგვლივ კანს კოსმეტოლოგები სპეციალური დამცავი საფენით ფარავენ, მაგრამ კერატინის წებოს კანზე მოხვედრის რისკი მაინც მაღალია. მშრალი თვალის, მგრძნობიარე კანისა და ალერგიის პრობლემა თუ გაქვთ, პროცედურაზე გამოყენებული ქიმიური ნაერთები თქვენთვის განსაკუთრებით საფრთხის შემცველია.

წამწამების დაგრძელება-გახშირების პროცედურის გვერდითი ეფექტები შემდეგია:

  • კანზე წყლულების გაჩენა
  • კანის სიწითლე
  • თვალების სიმშრალე
  • ცრემლდენა თვალებიდან
  • ანთებითი პროცესების განვითარება
  • მტვრევადი და დაზიანებული წამწამები

პროცედურის დროს კანის დაწითლება, გაღიზიანება და წყლულის გაჩენა ხშირად ხდება. თქვენ რქოვანას დაზიანების საფრთხეც გემუქრებათ, თუ პროცედურის შედეგად გაღიზიანებულ თვალს მოისრესთ და ან მოულოდნელად იტკენთ.

პროცედურის დროს გამოყენებული ქიმიური ნაერთები წამწამებს აზიანებს და შესაძლოა, დროებით მათ გარეშეც დარჩეთ.

რა უნდა იცოდეთ წამწამების დაგრძელება-გახშირების პროცედურის შესახებ?

პროცედურის დაწყებამდე აუცილებლად უნდა მოიხსნათ ლინზები, თუ მათ ატარებთ. უნდა დარწმუნდეთ, რომ ქუთუთოები და წამწამები კარგად გაქვთ გასუფთავებული, მათზე მაკიაჟის ან თვალების გამწმენდი სითხის კვალი არ უნდა იყოს დარჩენილი.

მართალია, წამწამების დაგრძელება-გახშირების პროცედურას უსაფრთხოდ მოიხსენიებენ, მაგრამ მისი ჩატარებისაც ქარხნული წარმოების კერატინი გამოიყენება. აღნიშნული პროცედურის ჩატარებისას ხშირად წამწამების შეღებვაც ხდება, რისთვისაც დამატებითი ქიმიური ნაერთები გამოიყენება. აღნიშნული პროცედურების ჩატარება სარისკოა, თუ თქვენ გაქვთ:

  • თვალის ალერგიები
  • თვალის ინფექციები
  • მგრძნობიარე კანი
  • ქრონიკული თვალის სიმშრალე
  • ცრემლდენა თვალიდან

რომელი ალტერნატიული პროცედურების გამოყენებით არის შესაძლებელი წამწამების დაგრძელება-გახშირება?

წამწამების დაგრძელება-გახშირების პროცედურაზე გვერდითი ეფექტები თუ გივლინდებათ, შემდეგი ალტერნატივები სცადეთ:

  • წამწამების დამხვევი - აღნიშნული მოწყობილობა შეგიძლიათ ყოველდღიურად გამოიყენოთ. ის წამწამებს უფრო ესთეტიკურს და ლამაზს ხდის. დამხვევის ეფექტი სახის დაბანის შემდეგ ქრება.
  • ტუში - შეგიძლიათ ისეთი ტუში შეიძინოთ, რომელსაც წამწამების დაგრძელებისა და დახშირების ეფექტი აქვს. ტუშის ფერი თქვენი თვალის ფერს შეუხამეთ. უპირატესობა წყალგამძლე კოსმეტიკას მიანიჭეთ.
  • წამწამების მოვლის პროცედურები - კოსმეტიკა ყოველდღიურად სრულფასოვნად მოიშორეთ თვალიდან. წამწამების დაგრძელება-გახშირების პროცედურები იშვიათად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ჩაიტარეთ.

თვალის, კანისა და წამწამების დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, ტუში და წამწამების დამხვევი მუდამ თან ატაროთ, ამგვარად კომპლექსური პროცედურების ჩატარების საჭიროება აღარ გექნებათ.

მომზადებულია ​healthline.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შილაკი - საფრთხე თქვენი ჯანმრთელობისთვის
ქალბატონების უმეტესობას მოვლილი და ლამაზი ფრჩხილები ძალიან მოსწონს, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ფრჩხილის ლაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალტერნატივა ჯანმრთელობის პოტენციურ რისკებს შეიცავს. ქალბა...

შეიძლება დაინტერესდეთ

ტკბილი და ცხიმიანი საკვები ტვინის კოგნიტურ ფუნქციებს არღვევს და ნერვულ სისტემას აზიანებს

ტკბილი და ცხიმიანი საკვები ტვინის კოგნიტურ ფუნქციებს არღვევს და ნერვულ სისტემას აზიანებს

დიდი ხანია ტკბილი და ცხიმიანი პროდუქტები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ადამიანის ორგანიზმს არაჯანსაღ კვებით ჩვევებთან გამკლავება უჭირს. იმავეს თქმა შეგვიძლია ჩვენი ტვინის შესახებ. არაჯანსაღი პროდუქტებით კვება მის ფუნქციებს ისევე აზიანებს, როგორც მთლიან ორგანიზმს. ჩვენი განწყობა, ემოციური მდგომარეობა და ფსიქიკა საკვების გავლენით მნიშვნელოვნად იცვლება. ყველამ კარგად ვიცით, რომ სწრაფი კვების პროდუქტები გვასუქებს, თუმცა მეცნიერების მტკიცებით, მსგავსი საკვების მიღება ჩვენს ტვინსაც აზიანებს.

ყველაფერი ჩვენი პირველი კვებიდან იწყება, როდესაც ჯერ კიდევ დედის მუცელში ვიმყოფებით. ადამიანის ტვინი მის დაბადებამდე ყალიბდება. დედის კვების რაციონი ნაყოფის განვითარებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ავსტრალიელმა მეცნიერებმა 23 000 ორსული ქალის კვებითი ჩვევების შესწავლის შემდეგ მათი შვილების ფსიქიკური ჯანმრთელობა და ქცევები გამოიკვლიეს. მკვლევარები ბავშვებს 18 თვის ასაკიდან ხუთ წლამდე აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ტკბილეულის, მარილიანი და ცხიმიანი საკვების მოყვარულ დედებს აგრესიული შვილები ჰყავდათ. იმ დედების შვილები, რომლებიც ორსულობისას ბევრ ტკბილეულსა და ცხიმიან საკვებს იღებდნენ, უხეში ქცევით გამოირჩეოდნენ და ისტერიკებსაც ხშირად აწყობდნენ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უდიდეს გავლენას ახდენდა მისი კვებითი ჩვევებიც, მიუხედავად იმისა, თუ რას მიირთმევდა დედა ორსულობის პერიოდში. მეცნიერების მტკიცებით, ბავშვები, რომლებიც ჯანსაღ საკვებს არ იღებენ და მეტისმეტად ბევრ ცხიმიან ან ტკბილ პროდუქტს მიირთმევენ, აგრესიულები და სევდიანები არიან. ისინი ხშირად ხედავენ ღამის კოშმარებს და შფოთვითი აშლილობებით იტანჯებიან. ავსტრალიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ნიდერლანდებში, კანადასა და ესპანეთში ჩატარებული კვლევებითაც დადასტურდა.

არაჯანსაღი საკვები სასარგებლო ნივთიერებებს თითქმის არ შეიცავს, რის გამოც ორგანიზმი იფიტება. საფრანგეთში, ბორდოს უნივესიტეტში მეცნიერები არაჯანსაღ კვებაზე მყოფ ვირთხებს აკვირდებოდნენ. ვირთხებს, რომლებსაც ორგანიზმში ჯანსაღი ცხიმების, კერძოდ კი ომეგა 3-ის დეფიციტი ჰქონდათ, შფოთვითი აშლილობა და შიშები აწუხებდათ. მათ სინათლის დანახვა აკრთობდათ და თავს გამუდმებით სიბნელეს აფარებდნენ. ომეგა 3 -ის დეფიციტის გამო ტვინი ნორმალურად ფუნქციონირებას ვეღარ ახერხებდა. საქმე იმაშია, რომ ომეგა 3 -ს ორგანიზმი თავად ვერ გამოიმუშავებს. ის საკვების სახით უნდა მივიღოთ. ცხიმიანი თევზი, ჯანსაღი ხორცი, მარცვლეული, მცენარეული ცხიმები და თხილი ომეგა 3-ის საუკეთესო საბადოებია. თანამედროვე მსოფლიოში ადამიანების უდიდეს ნაწილს ომეგა 3-ის დეფიციტის პრობლემა აქვს. ომეგა 3- ის საჭირო რაოდენობით მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულებისთვის, რათა ნაყოფის სრულფასოვან განვითარებას ხელი არ შეეშალოს. ომეგა 3 რეგულარულად უნდა მიიღონ მოზარდებმა და ასაკოვანმა ადამიანებმაც.

ტვინის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმს ჯანსაღი ნივთიერებებისა და მინერალების დეფიციტის პრობლემა არ შეექმნას. რა ემართება ნეირონებს, როდესაც სწორად არ ვიკვებებით და ყოველთვის ერთსა და იმავე პროდუქტებს მივირთმევთ? საფრანგეთში მეცნიერებმა ზაზუნებზე სპეციალური კვლევა ჩაატარეს. ისინი ზაზუნებს მხოლოდ სიმინდს აჭმევდნენ, სხვა საკვები პროდუქტები მათი რაციონიდან სრულად გამორიცხეს. ერთგვაროვანი პროდუქტებით კვებამ ზაზუნების ნერვულ სისტემაზე ნეგატიურად იმოქმედა. ისინი აგრესიულები იყვნენ და ხმაურისადმი ჰიპერმგრძნობელობას ავლენდნენ. მდედრი ზაზუნების 80 % ახალშობილ ზაზუნას დაბადების პირველივე დღეს კლავდა. ზაზუნების არანორმალური ქცევა არასწორმა კვებამ და ვიტამინ B3-ის დეფიციტმა გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ზაზუნების რაციონში სიმინდის გარდა ვიტამინ B3-იც ჩართეს, მათი ფსიქიკური მდგომარეობა გამოსწორდა. ზაზუნები არანორმალურ ქცევას აღარ ავლენდნენ. ისინი ახალშობილებზე ზრუნავდნენ და მათ მიმართ სითბოს გამოხატავდნენ.

მეცნიერების მტკიცებით, საკვები რაციონის ვიტამინებით, ცხიმოვანი მჟავებით და მინერალებით გამდიდრება ადამიანებში აგრესიული ქცევის შემცირებას შეუწყობს ხელს. ნიდერლანდებში მკვლევარებმა რვა ციხეში აწარმოეს კვლევა, რომელშიც პატიმრები მონაწილეობდნენ. სამი თვის განმავლობაში პატიმრებს ვიტამინებს, მინერალებსა და ცხიმოვან მჟავებს აძლევდნენ, შემდეგ კი მათ ქცევას აკვირდებოდნენ. იმ პატიმრებში, რომლებიც ჯანსაღად იკვებებოდნენ, დაპირისპირებისა და ინციდენტების რიცხვმა 1/3 - ით მოიკლო.

საკვები არამხოლოდ ჩვენს განწყობასა და იმპულსებზე ზემოქმედებს, ის ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც უდიდეს ზეგავლენას ახდენს. გერმანიაში ჩატარებული უახლესი კვლევებით დასტურდება, რომ საკვები ჩვენს ფიქრებზე ზემოქმედებს. ლაბორატორიაში 24 ცდისპირს ორი სხვადასხვა სახის საუზმე შესთავაზეს. საუზმობის შემდეგ ერთი და იმავე ადამიანი ერთსა და იმავე საკითხზე სრულიად სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებდა, აზრს კი იმის მიხედვით იცვლიდა, თუ რას მიირთმევდა საუზმედ. ერთ შემთხვევაში ექსპერიმენტის მონაწილეები ცილით მდიდარ საკვებს იღებდნენ, მეორედ კი ნახშირწყლოვან პროდუქტებს. აღმოჩნდა, რომ ცილებით მდიდარი საკვების მირთმევის შემდეგ ადამიანები უფრო გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ვიდრე შაქრით მდიდარი პროდუქტების მირთმევის შემდეგ. მკვლევარებმა ცდისპირების სისხლის ანალიზი აიღეს. ისინი მათ სისხლში ჰორმონებისა და ამინომჟავების დონეს ამოწმებდნენ. ისინი განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ კორტიზოლის, ინსულინისა და ადრენალინის დონით. მკვლევარებს ასევე აინტერესებდათ, რამდენად ცვლიდა საკვების მიღება სისხლში ამინომჟავების შემცველობას. როგორც აღმოჩნდა, განსხვავებული საკვები ტვინის ფუნქციებსა და ნეირონებს შორის კავშირზე განსხვავებულად ზემოქმედებს. გერმანიაში კვლევები კვლავ გრძელდება და მეცნიერები საბოლოო დასკვნის მოლოდინში არიან.

შაქრითა და არაჯანსაღი ცხიმებით გაჯერებული პროდუქტები ჩვენს განწყობაზე ძლიერად ზემოქმედებს. ავტრალიაში, სიდნეის უნივერსიტეტში მეცნიერებმა ვირთხებზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. ისინი ვირთხებს იაფფასიანი პროდუქტებით კვებავენ, რომლებიც ნებისმიერ სუპერმარკეტში იყიდება, მაგ. ჩიფსები, ნამცხვრები, ორცხობილები და ა.შ. არაჯანსაღი კვება ვირთხების კვებით ჩვევებს მნიშვნელოვნად ცვლიდა. ისინი ორმაგად მეტს მიირთმევდნენ, ვიდრე ჩვეულებრივ და დანაყრებულები არასდროს იყვნენ. როგორც აღმოჩნდა, არაჯანსაღმა საკვებმა ვირთხების მეხსიერების უნარიც დააქვეითა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მაღალცხიმიანი და შაქრის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების რეგულარულად მიღება ვირთხების ჰიპოკამპუსსაც აზიანებდა. ჰიპოკამსუპის დაზიანება სწავლისა და დამახსოვრების უნარს მნიშვნელოვნად ასუსტებს. კვლევებით დგინდება, რომ ოთხი დღის მანძილზე არაჯასაღი პროდუქტებით კვება ტვინის კოგნიტურ ფუნქციებს აქვეითებს.

მკვლევარები ასკვნიან, რომ მაღალცხიმიანი და შაქრის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებით კვება ანთებითი პროცესების განვითარებას უწყობს ხელს. როგორც აღმოჩნდა, ანთებითი მოლეკულები ტვინამდე აღწევს და ნეირონების ურთიერთკავშირსაც არღვევს. ითვლებოდა, რომ ნეირონები ანთებითი მოლეკულებისგან დაცულები იყვნენ, რადგან ისინი დამცავი ბარიერით არიან შემოსაზღვრული, თუმცა არაჯასაღი კვება აღნიშნულ ბარიერსაც აზიანებს და ტვინის ფუნქციების დაქვეითებას იწვევს. მეცნიერები ადამიანებს უკვე წლებია აფრთხილებენ, რომ მაღალცხიმიანი და შაქრის მაღალი შემცველობის მქონე არაჯანსაღი პროდუქტები არ უნდა მიირთვან, თუ სურთ, რომ სიმსივნის, დიაბეტის, ჭარბწონიანობისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები თავიდან აიცილონ. მიუხედავად ამისა, ადამიანები კვლავ აქტიურად მიირთმევენ სწრაფი კვების ნაწარმს და სხვა არაჯანსაღ საკვებს.

შაქრის შემცველ პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნილება მეცნიერების კვლევის საგანია. ითვლება, რომ შაქარი ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. კვლევებით დგინდება, რომ შაქარი ისეთივე ძლიერ დამოკიდებულას იწვევს, როგორსაც ნარკოტიკი. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს ვირთხებს რეგულარულად აძლევდნენ შაქარსა და კოკაინს. რამდენიმე კვირის შემდეგ ვირთხები არჩევანის წინაშე დააყენეს. მათ შაქრის შემცველი პროდუქტი ან კოკაინი უნდა აერჩიათ. როგორც აღმოჩნდა, ვირთხებმა უპირატესობა შაქარს მიანიჭეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შაქარი ნარკოტიკებთან შედარებით უფრო ძლიერ დამოკიდებულას იწვევს. ის ამ მხრივ კოკაინისა და ჰეროინის გავლენასაც აჭარბებს.

კვლევებით ასევე დგინდება, რომ რაც უფრო ხშირად მიირთმევს ადამიანი შაქრის შემცველ პროდუქტებს, მით უფრო ნაკლებად იღებს ის სიამოვნებას მათი მირთმევის დროს. ამასთან, მით უფრო იზრდება ტკბილი პროდუქტების მიღების მოთხოვნილება. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ტკბილეულს იშვიათად მიირთმევენ, კვების დროს გაცილებით მეტ სიამოვნებას იღებენ, ამასთან, მათ შაქრის შემცველი პროდუქტების დანახვისას მადის კონტროლი საერთოდ არ უძნელდებათ.

მეცნიერების მტკიცებით, ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისა და ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, რომ კვების რაციონი მაქსიმალურად გავამრავალფეროვნოთ. ის პროდუქტები, რომლებსაც მივირთმევთ კუჭ-ნაწლავის მიკრობიოტის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებს. მიკრობიოტა თავის მხრივ ტვინის ფუნქციებზე ზემოქმედებს. საკვების სწორად შერჩევით ჩვენ მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნება შეგვიძლია. უკანასკნელი წლების მანძილზე მეცნიერები რეკომენდაციას უწევენ ხმელთაშუა ზღვის დიეტას, რომელიც მცენარეული საკვებით ძალიან მდიდარია. აღნიშნული დიეტის მიმდევრები დიდი რაოდენობით ბოსტნეულს, ხილსა და პარკოსნებს მიირთმევენ. დიეტურ რაციონში გვხვდება თევზი, თხილი, ნიგოზი და ზეითუნის ზეთი. მრავალფეროვანი პროდუქტებით კვება ნაწლავის მიკრობიოტას მრავალფეროვნებას უნარჩუნებს. ხმელთაშუა ზღვის დიეტა ადამიანებს დეპრესიისა და სტრესის დამარცხებაშიც ეხმარება, რაც უკვე კვლევებითაც არის დადასტურებული.

საკვები ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში უდიდეს როლს ასრულებს. წითელი ხილი და კენკრა დიდი რაოდენობით პოლიფენოლს შეიცავს, რომელიც, თავის მხრივ, ნეირონების გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს. ტვინის განვითარებისთვის იდეალური რაციონის შერჩევა ჯერ ვერავინ შეძლო, თუმცა ბალანსირებული, მრავალფეროვანი დიეტა საუკეთესო არჩევანია. შაქრისა და არაჯანსაღი ცხიმის დაბალი შემცველობის მქონე პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული ორგანიზმის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. მეცნიერები ადამიანებს რაციონის სწორად შედგენისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ შაქრის შემცველ ან მაღალცხიმიან, არაჯანსაღ პროდუქტებზე საბოლოოდ თქვან უარი.

​წყარო

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად