Baby Bag

სასარგებლოა თუ არა საკვები რაციონიდან გლუტენის ამოღება წონის კორექციის მიზნით?

სასარგებლოა თუ არა საკვები რაციონიდან გლუტენის ამოღება წონის კორექციის მიზნით?

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას, რა არის გლუტენი, რას ნიშნავს გლუტენის აუტანლობა, სასარგებლოა თუ არა საკვები რაციონიდან გლუტენის ამოღება წონის კორექციის მიზნით?

გლუტენი არის პროტეინი (ცილა), რომელიც გვხვდება მარცვლეულში: ხორბალში, ქერსა და ჭვავში. თუ ადამიანს გააჩნია გლუტენის აუტანლობა, ასეთ დროს გლუტენმა შესაძლებელია, გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მარცვლეული, როგორიცაა: სიმინდი, ბრინჯი და ქინოა, ასევე შეიცავენ გლუტენს, ისინი ნაკლებად ქმნიან იმავე პრობლემებს, რასაც იწვევს ხორბალი, ქერი და ჭვავი. იმის გამო, რომ ხორბალი, ჭვავი, ქერი და მათგან დამზადებული პროდუქტები ჩვენს რაციონში ხშირია, მათი საკვები რაციონიდან ამოღება იწვევს ბოჭკოს, ვიტამინებისა და სხვა საკვები ნივთიერებების მიღების შემცირებას. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ უნდა ავარჩიოთ საკვები ორგანიზმის საერთო კვების მოთხოვნილებების შესაბამისად. 
ნებისმიერი კვების ტიპის დროს აუცილებელია, შევინარჩუნოთ დაბალანსებული კვების რაციონი. გლუტენისგან თავისუფალი რაციონი აუცილებელია ცელიაკიის ნიშნებისა და სიმპტომების დროს და ასევე გლუტენთან დაკავშირებული სხვა სამედიცინო მდგომარეობების მართვისას. გლუტენის აუტანლობით ხასიათდება შემდეგი პროცესები: ცელიაკია - არის აუტოიმუნური დაავადება, როდესაც გლუტენი იწვევს იმუნური სისტემის აქტივობას, ზიანდება წვრილი ნაწლავი, დროთა განმავლობაში ეს დაზიანება აფერხებს საკვები ნივთიერებების შეწოვას ორგანიზმში. გლუტენის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, რომელიც იწვევს ცელიაკიის მსგავს ზოგიერთ ნიშნებსა და სიმპტომებს - მათ შორის მუცლის ტკივილს, მუცლის შებერილობას, დიარეას, ყაბზობას, გამონაყარს, თავის ტკივილს - მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს წვრილი ნაწლავის ქსოვილები არ არის დაზიანებული, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აქაც იმუნური სისტემა თამაშობს გარკვეულ როლს, ეს პროცესი ამ ეტაპზე ბოლომდე შესწავლილი არ არის. ასევე არსებობს ხორბლის ალერგია, ისევე როგორც სხვა კვებითი ალერგიები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება, სუნთქვის გაძნელება და ალერგიისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები.
გლუტენისგან თავისუფალი დიეტა პოპულარული გახდა იმ ადამიანებში, ვისაც გლუტენთან დაკავშირებული სამედიცინო მდგომარეობა არ აქვთ დიაგნოსტირებული. ამის სავარაუდო მიზეზია, რომ გლუტენისგან თავისუფალი კვების სარგებელი არის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება, წონის კლება, თუმცა ამ კუთხით საჭიროა დამატებითი ღრმა კვლევები.
ადამიანებს უჩნდებათ მცდარი მოლოდინები საკვები რაციონიდან გლუტენის ამოღებასა და წონის კორექციას შორის. ხშირ შემთხვევებში ის პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავენ გლუტენს, ბევრად მაღალი კალორაჟის შემცველნი არიან, ვიდრე გლუტენიანი პროდუქტები. წონის კორექცია ვერ მოხდება საკვები რაციონიდან მხოლოდ გლუტენიანი საკვების ამოღებით. წონის კორექციისთის მნიშვნელოვანია დაბალანსებული, მრავალფეროვანი საკვებისგან შემდგარი რაციონი. თუ თქვენ გაწუხებთ გლუტენის აუტანლობასთან ასოცირებული სიმპტომები შესაძლებელია მისი საკვები რაციონიდან დროებით ამოღება და სიმპტომებზე დაკვირვება, ასევე გლუტენის აუტანლობის დიაგნოსტირება სპეციალური ლაბორატორიული ანალიზით. ყველა სხვა შემთხვევაში გლუტენის გამორიცხვა საკვები რაციონიდან არ არის აუცილებელი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა

შეიძლება დაინტერესდეთ

ზაფხულში რომელი თვიდან არის რეკომენდებული და სასურველი საზამთროსა და ნესვის დაგემოვნება?

ზაფხულში რომელი თვიდან არის რეკომენდებული და სასურველი საზამთროსა და ნესვის დაგემოვნება?

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას საზამთროსა და ნესვზე, რომლეთა გარეშეც ფაქტობრივად წარმოუდგენელია ზაფხული.

საზამთროს 87% შეადგენს წყალი, დანარჩენი კი არის უჯრედისი, ვიტამინები და მიკრო-მაკრო ელემენტები, როგორებიცაა: C და B ჯგუფის ვიტამინები, PP ვიტამინი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი და სხვა. საზამთრო ასევე შეიცავს მცირე ოდენობით შაქარს.

​რაც შეეხება ნესვს, მასში შაქრის შემცველობა მეტია, ვიდრე საზამთროში, ამიტომ დიაბეტით დაავადებული ადამიანები მეტად ფრთხილად უნდა იყვნენ ნესვთან მიმართებაში. ნესვიც მდიდარია წყლით, უჯრედისით, მიკრო-მაკრო ელემენტებით და ვიტამინებით: თუთია, კალციუმი, რკინა, ნატრიუმი, კალიუმი, A, B ჯგუფის და C ვიტამინები. ორივე მათგანი დადებითად მოქმდებს ადამიანის ნივთიერებათა ცვლაზე, გუნება-განწყობილებაზე, იმუნიტეტზე.

პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია დღის მანძილზე მიიღოს 300 გრ. ნესვი და 500 გრ. საზამთრო (თავი უნდა შეიკავონ ნაღვლის ბუშტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე ადამიანებმა, განსაკუთრებით, წყლულოვანი დაავადება). როგორც ზოგადად ხილთან მიმართებაში, აქაც გავითვალისწინოთ, რომ საზამთრო და ნესვი მიირთვით, როგორც დამოუკიდებელი კვება, დღის პირველ ნახევარში.

ბევრს აინტერესებს, ზაფხულში როდიდან არის რეკომენდებული და სასურველი საზამთროსა და ნესვის დაგემოვნება? - ოპტიმალურ პერიოდად შეიძლება, მივიჩნიოთ ივლისის თვე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად