Baby Bag

​რატომ არის სასარგებლო ნიორი და რა ასაკიდან შეიძლება, მივცეთ ბავშვს

​რატომ არის სასარგებლო ნიორი და რა ასაკიდან შეიძლება, მივცეთ ბავშვს

რატომ არის სასარგებლო ნიორი და რა ასაკიდან შეიძლება, მივცეთ ბავშვს, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრობს. გთავაზობს მის ბლო​​გს უცვლელად:

„ვარაუდობენ, რომ მისი სამშობლო შუა აზიაა, საიდანაც შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელდა და ბევრი ქვეყნის სამზარეულოს საყვარელი პროდუქტი გახდა.
ისტორიული წყაროები ამბობენ, რომ შუმერები მკვეთრი სუნის გამო ნარგავების პარაზიტებისაგან დასაცავად იყენებდნენ. ეგვიპტის ფარაონების ბრძანებით კი პირამიდების ყველა მშენებლის რაციონში უნდა ყოფილიყო ფიზიკური ძალისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.
ბერძნებს ის ფილტვის დაავადების უებარ წამლად და მამაკაცური უშვილობისას პანაცეად მიაჩნდათ, ხოლო ძველი რომაელები თილისმასავით კისერზე დაკიდებულს დაატარებდნენ დაავადებისაგან დასაცავად.

​მოკლედ, ნივრის ამბავი უნდა მოგიყვეთ.

​მიკროსკოპის არარსებობისა და მიკრობიოლოგიის არცოდნის მიუხედავად, შუა საუკუნეში ჩემი კოლეგები თვლიდნენ, რომ ნიორს გადამდები დაავადებებისაგან თავდაცვა შეეძლო და ჭირის ეპიდემიების დროს ინფექციის პროფილაქტიკისათვის იყენებდნენ.
მარტო სამკურნალო თვისებები კიარდა, შუა საუკუნეების ევროპელი ჯადოქრების მაგიურ პროდუქტებს შორის ნიორიც იყო - ავი თვალისაგან დამცავი ამულეტები და ათასგვარი კეთილი ჯადო-მისნობა მის გარეშე არ კეთდებოდა.
ლუი პასტერი პირველი იყო, რომელმაც უკვე მიკროსკოპის ერაში დაადასტურა, რომ იქ, სადაც ნივრის ნაჭერი იდო, ბაქტერიები არ იზრდებოდნენ.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ესპანეთის ქალაქი ლას პედრონერასი ოფიციალურად ითვლება ნივრის მსოფლიო ქალაქად.
ეს პატარა ქალაქი ესპანეთის სამხრეთდასავლეთით მდებარეობს და სულ რაღაც 7000 ბინადარი ჰყავს. სწორედ აქ მოჰყავთ მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო ხარისხის იისფერი ნიორი Ajos Morados და ყოველ ზაფხულს ნივრის საერთაშორისო კონგრესსაც ატარებენ.
ისტორიაზე ბევრი გიამბეთ, ახლა ვნახოთ, რას შეიცავს ეს ჯადოსნური ბოსტნეული იმისთანას, ნივრის ქალაქ ლას პედრონერასში ძეგლიც რომ დაუდგეს.
ნივრის შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, სელენიუმი, მანგანუმი, იოდი, ეთერზეთები. შეიცავს C ვიტამინს და B ვიტამინების სრულ სპექტრს.
მისი მთავარი სამედიცინო ღირსება, რის გამოც ნიორი ოდითგან ითვლებოდა ინფექციებისაგან თავდაცვის საუკეთესო საშულებად, ფიტონციდებია. ეს აქროლადი ნივთიერებების ჯგუფია, რომლებსაც მწერების, პარაზიტების, ვირუსებისა და ბაქტერიების, სოკოების განადგურება შეუძლია.

​შემთხვევითი არაა, ძველ ქართულ კარაბადინებში შეგხვდებათ ნივრის შეცველი ჭიის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებების რეცეპტებიც.

​ნივრის შემადგენლობაში მეცნიერებმა ნივთიერება ალიცინი იპოვეს, რომელიც ნივრის უჯრედების ციტოპლაზმაშია და ნივრის კბილის დაჭრისას, რასაც თან უჯრედების დაშლა სდევს თან ალიცინი რეაქციაში შედის ფერმენტ ალიცინიაზასთან. შედეგად მიიღება ნივთიერება ალიცინი, რაც ნიორს სპეციფიკურ სუნს ანიჭებს.

​ალიცინი არ შეითვისება ორგანიზმის მიერ, ის გამოიყოფა ოფლით, შარდით, სუნთქვის დროს. წარმოადგენს მძლავრ ანტიოქსიდანტს და კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია.

​კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანები, რომელებიც ხშირად იყენებენ ნიორს, წლის მანძილზე 3-ჯერ უფრო იშვიათად უფრო ავადობენ სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებით.

​ნივრის ექსტრაქტი ადგილობრივად გამოყენებისათვის ოდითგან ცნობილია, როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება.

​უკანასკნელ წლებში ჩატარებული რამდენიმე კვლევა მის კიდევ ერთ ეფექტს ადასტურებს - აღმოჩნდა, რომ ნიორს არტერიული წნევის რეგულირება, თრომბების წარმოქნის თავიდან აცილება და ლიპიდების დარღვევების მოწესრიგებაც შეუძლია.

​არც ძველი ბერძნების გამოცდილება ყოფილა აზრსმოკლებული - ნიორი ტესტოსტერონის, მამაკაცის ჰორმონის სინთეზზეც მოქმედებს.

​ექიმები არ გვირჩევენ ნივრის მიღებას კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს. უკუნაჩვენებია ასევე პანკერასისა და თირკმლის პათოლოგიების შემთხვევაშიც.

​გასათვალისწინებელია, რომ ნიორი ალერგიული პროდუქტია, ამიტომ ალერგიისაკენ მიდრეკილების დროს სიფრთხილე გვმართებს.


​როდიდან შეიძლება პატარას ნიორი გავასინჯოთ?


​9-10 თვიდან მხოლოდ მოხარშული, სადილების შემადგენლობაში, 3 წლიდან კი უმი სახითაც შეგვიძლია შევთავაზოთ.

​დაბოლოს, ხალხურ მედიცინას ბევრი რეცეპტი აქვს ვირუსული ინფექციებისაგან თავდაცვისათვის.

​აი, ერთი მათგანი:

​500 გრამ თაფლს დაუმატეთ 1 ლიმონის წვენი და 2 თავი ნივრის წვენი. აურიეთ კარგად. სახალხო მკურნალები ამბობენ, რომ დღეში 1 სუფრის კოვზი ეს ნარევი ვირუსულ ინფექციებს აგარიდებთ. როგორი გემო აქვს, არ ვიცი, მაგრამ ცდა შეიძლება,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედის რძე არამარტო საუკეთესო საკვებია, არამედ ის ანტისხეულების მზა ნაკრებია, რაც თქვენს პატარას ინფექციებისაგან დაიცავს“

„დედის რძე არამარტო საუკეთესო საკვებია, არამედ ის ანტისხეულების მზა ნაკრებია, რაც თქვენს პატარას ინფექციებისაგან დაიცავს“

რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსული ინფექციის შესახებ ბავშვებში, - ამ თემაზე ​პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„COVID-19 სრულიად ახალი ვირუსია და მის შესახებ ბევრი რამ ცნობილი ჯერ კიდევ არ არის. ახალი კორონავირუსი არ არის ერთადერთი ამ ჯგუფიდან, რომელმაც ადამიანებში მძიმე ინფექცია გამოიწვია. მისი ორი წინამორბედი უკვე იყო ლოკალური აფეთქებების გამომწვევი 2002 წელს და 2012 წელს, თუმცა საბედნიეროდ, მაშინ ამ აფეთქებათა ლოკალიზება სწრაფადვე მოხერხდა.

​მათგან განსხვავებით, COVID-19-ს პანდემიის პოტენციალი აღმოაჩნდა და 18 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 200 000-მდე დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

სადღეისოდ არსებული სტატისტიკა მოწმობს ერთ საოცარ ფაქტს - ბავშვები კორნავირუსით უფრო იშვითად ავადობენ, ვიდრე მოზრდილები, ამავდროულად, მათ დაავადება მსუბუქი ან ზომიერად გამოხატული სიმპტომატიკით ემართებათ.

​ჯანმოს მონცემებით, ჩინეთში დაავადებული ადამიანების მხოლოდ 2,4% იყო ბავშვი, მათგან 0,2%-ს დაავადების მძიმე მიმდინარეობა ჰქონდა. სიკვდილობის შემთხვევები პრაქტიკულად არ დაფიქსირდა. არსებული მონაცემებით, მოზრდილებისაგან განსხვავებით, ბავშვების ინფიცირებისას პრაქტიკულად არ განვითარებულა პნევმონია.

სხვათა შორის, აქამდე არსებული სხვა ორი კორონავირუსული აფეთქების დროსაც (SARS, 2002; MERS 2012) ბავშვები იშვიათად ავადობდნენ.

​ამ დროისათვის საქართველოს სტატისტიკა განხვავებულია, ჩვენთან 18 მარტის მონაცემებით 4 ბავშვია დაავადებული კორონავირუსით დაავადებული, თუმცა ყველა მათგანს მსუბუქად მიმდინარე დაავადება აქვს.

სხვათა შორის, COVID-19 არ არის ერთადერთი ინფექცია, რომელსაც გამოხატული ასაკობრივი თავისებურებები ახასიათებს. შეგახსენებთ, ზოგიერთი ინფექციის ასაკობრივ თავისებურებებს. გასულ საუკუნეში პოლიომიელიტის აფეთქების დროს პარალიზური ფორმა ყოველ 1000 ინფიცირებული ჩვილიდან მხოლოდ ერთს ემართებოდა. მაშინ, როცა იგივე მაჩვენებლი მოზარდებში იყო 1 ყოველ 100 შემთხვევაზე.

​კიდევ ერთი კორონავირუსული ინფექციის, მძიმე რესპირატორული დისტრეს სინდრომის (SARS) საერთო შემთხვევა-ფატალურობის მაჩვენებელი მერყეობს 7% -დან 17% -მდე. სიკვდილობის მაჩვენებლი გაცილებით მაღალი იყო სხვადასხვა თანმდევი დაავადებების დროს და 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

არ დაფიქსირებულა სიკვდილობა 24 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში.

რა განაპირობებს ამ ასაკობრივ თავისებურებას, საბოლოოდ გარკვეული არ არის, თუმცა არის ვერსიები.

ვერსია 1. ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს თანშობილი იმუნიტეტი, რომელიც დედისგან გადაეცემა და კიდევ უფრო მყარდება ძუძუთი კვების პერიოდში, რადგან ხდება ქალის რძით მზა ანტისხეულების გადაცემა.

ვერსია 2. კორონავირუსული ინფექციის მთავარი გართულება პნევმონიაა, რასაც არსებული სტატისტიკის მიხედვით, ხელს უწობს მწეველობა, პოლუტანტებით ჰაერის დაბინძურება, სასუნთქი სისტემის უკვე არსებული ქრონიკული დაავადებები. ვინაიდან ბავშვთა ასაკში ამ ფაქტორების ზემოქმედება მინიმალურია, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები კი იშვიათი, მკვლევარები ფიქრობენ, ესეც არის შესაძლო მიზეზი ადრეულ ასაკში პნევმონიების არარსებობისა COVID-19-ის ფონზე.

ვერსია 3. კიდევ ერთი თეორია უკავშირდება ბავშვთა ასაკში ჩატარებულ ვაქცინაციას, რომელსაც შესაძლოა, ჯვარედენი დაცვის უნარი ჰქონდეს.

​დაბოლოს, ვერსია 4 - მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსი იყენებს ანგიოტენზინგარდამმქნელი ფერმენტის რეცეპტორს ადამიანის უჯრედში შეჭრისათვის, რაც სასუნთქ გზებში, მათ შორის ფილტვებში უხვადაა წარმოდგენილი. ბავშვებს ამ რეპერტორების დიდი რაოდენობა აქვთ, ასაკის მატებასთან ერთად მათი რაოდენობა იკლებს, რითიც მკვლევარები ხსნიან მოზრილ ასაკში გართულებათა და სიკვდილობის ხშირ შემთხვევებს.

ბავშვთა ასაკში ინფექცია მიმდინარეობს ისეთივე ნიშნებით, როგორც მოზრდილებში - ცხვირიდან გამონადენით, ხველით, ცხელებით, თუმცა შესაძლოა ერთვოდეს დიარეა და ღებინება. მაგრამ მოზრდილებისაგან განსხვავებით იშვიათად ვითარდება პნევმონია და დაავადების მძიმე მიმდინრეობა.

პროფილაქტიკის ძირითადი წესები უკვე იცის მოსახლეობამ, თუმცა ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებლად მინდა დავამატო - ეცადეთ, ძუძუთი კვებოთ ჩვილი. დედის რძე არამარტო საუკეთესო საკვებია, არამედ ის ანტისხეულების მზა ნაკრებია, რაც თქვენს პატარას ინფექციებისაგან დაიცავს.

ნუ აქცევთ ბავშვებს პასიურ მწეველებად. ამით მათ დაავადების რისკებს მკვეთრად უზრდით,“ - წერს პედიატრი.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად