რა საფრთხის წინაშე აყენებს ეკრანდამოკიდებულება ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ თავიდან აირიდოს მისგან გამოწვეული დაავადებები - აღნიშნულ თემებზე Momsedu.ge-ს ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე ესაუბრა.
- ქალბატონო ნანა, ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მშობლებისთვის. რამდენად დიდია შანსი, ეს პრობლემა გადაიზარდოს დაავადებად?
- ნებისმიერი დამოკიდებულება შეიძლება, გადაიზარდოს დაავადებად. ამ დამოკიდებულებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ამა თუ იმ ორგანოთა სისტემის დაავადებები. როგორიც არის ნევროლოგიური, ასევე სხვა ორგანოების, მაგალითად, მხედველობის.
- ეკრანდამოკიდებულება ხელს უწყობს ძილის დარღვევას, თუმცა უფრო კონკრეტულად, რა რისკების წინაშე ვდგებით, როდესაც გამოსხივება ძილის ხარისხზე ახდენს გავლენას ან როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს პრობლემა? დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მოვწყვიტოთ ბავშვი ეკრანს?
- დაძინება და ჩაძინებისთვის ორგანიზმში აუცილებელია წარმოიშვას მელატონინი. მელატონინი არის ის ჰორმონი, რომელიც დაძინებას უწყობს ხელს. მისი გამომუშავებისთვის აუცილებელია სიბნელეში ყოფნა. გამოსხივება მთლიანად თრგუნავს მელატონინის გამოყოფას. შესაბამისად, ზოგჯერ მშობლები ბავშვებს რომ ჩააწვენენ ლოგინში, ჩაურთავენ ტელეფონს და ჰგონიათ, ჩაეძინება ბავშვს, ეს არის მცდარი შეხედულება. გამოსხივება ჩაძინების გახანგრძლივებაზე მოქმედებს. ძილისწინ უმჯობესია რაიმე რუტინული სამუშაო, თუნდაც აბაზანის მიღება, მშობლებმა უნდა გამონახონ დრო, მიუჯდნენ, ზღაპარი წაუკითხონ, ანუ გაჯეტი ჩაანაცვლოს მშობელმა, ბებიამ ან აღმზრდელმა.
- მშობლებმა დღეში რამდენ ხანს უნდა გამოიყენოს 5 წლამდე ასაკის ბავშვთან ციფრული ტექნოლოგია, რომ არ დადგეს ბავშვის განვითარების საფრთხე?
- ორ საათზე მეტი ნამდვილად არ შეიძლება, ესეც მაქსიმუმ და არავითარ შემთხვევაში ამ ორი საათის განმავლობაში გადაბმულად არ უნდა უყურებდეს ტელევიზორს და არ უნდა ეჭიროს ხელში გაჯეტი.
- რატომ არ უნდა გავართოთ ბავშვი სმარტფონებით ჭამის დროს?
- ჭამა არის თვითონ ისეთი პროცესი, რომლის შემდეგ იწყება დანაყრება და კუჭში ჩასული საჭმელი ტვინს აძლევს სიგნალს, რომ დანაყრდა, ამიტომ მთელი ყურადღება მომართული უნდა იყოს ჭამის პროცესზე. როდესაც ჩვენ ბავშვს ვართობთ, მისი ყურადღება გადადის სხვა რამეზე, თუნდაც ტელევიზორზე, მობილურზე. ბავშვი მექანიკურად აღებს პირს და ყლაპავს, შესაბამისად, ვერ კონცენტრირდება უშუალოდ ჭამის პროცესზე. ამ კვების ჩამოყალიბებას ეწოდება „შეუმჩნეველი კვება“. შემდგომში უკვე ყალიბდება მანკიერი რეფლექსი, როდესაც ტელევიზორის ყურების დროს ერთობა და ისე ჭამს, ვერ აკონტროლებს მიღებული საკვების რაოდენობას. სწორედ ეს ხდება სიმსუქნის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.
- დღესდღეობით, მშობლების დიდი ნაწილი საჭიროდ თვლის, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეს მობილური გაატანოს სკოლაში, ბავშვები ამას ცუდად იყენებენ, უქვეითდებათ სწავლის სურვილი, ექმნებათ მხედველობასთან ან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიუდგნენ ამ ასაკის ბავშვებს?
- მოდით, დავიწყოთ იმით, რომ დღევანდელ დროში მობილურის გარეშე არსებობა თითქმის შეუძლებელია. იმისთვის, რომ დედა შვილს დაუკავშირდეს საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციებში, მობილური კავშირი არის აუცილებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მობილურში, რომელიც მიაქვს, იყოს ჩატვირთული უამრავი თამაში და ერთობოდეს გაკვეთილების პროცესში. ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, რომ მობილური მისთვის იყოს კავშირის აუცილებელი საშუალება. რა თქმა უნდა, პირველ ან მეორეკლასელ ბავშვს არ ვგულისხმობ. რაც შეეხება იმას, თუ რას ვურჩევდი მშობლებს, ეკრანთან ბავშვის დიდი ხანი ყოფნა შეამცირონ და გაზარდონ ბავშვთან პირადი ურთიერთობა, ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის აუცილებელია თამაში. თუ ჩვენ დიდხანს მივუშვებთ ბავშვს ტელეფონთან, შესაძლებელია მისი შიდა ჩაკეტილობა გამოვიწვიოთ, ურთიერთობა აღარ მოუნდეს დარჩენილ სამყაროსთან და აუტისტური სპექტრის აშლილობასაც შეუწყოს ხელი.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მთაში უფრო წყნარები ხდებიან ბავშვები, ერითროციტები უფრო მეტი რაოდენობით გამოიყოფა, ჰემოგლობინი მატულობს,“ - ყარამან ფაღავა
პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვის ჯანმრთელობაზე მთის კურორტების დადებითი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა და იმ უპირატესობებს გაუსვა ხაზი, რომელიც აღნიშნულ კურორტებს გამოარჩევს:
„სამედიცინო თვალსაზრისით, მთას შესაძლებელია მეტი უპირატესობა ჰქონდეს, ვიდრე ზღვას. დადგენილია და ცნობილია, რომ მთიანეთში მცხოვრები ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე დაბლობში მცხოვრები ადამიანები. მთის ჰაერი გამაჯანსაღებელია. ჩვენ კი ვლაპარაკობთ, რომ ჟანგბადი სიცოცხლის სათავეა, მაგრამ ზედმეტი ჟანგბადიც არ ვარგა. ჟანგბადის კონცენტრაცია როდესაც ცოტა დაბალია, ეს უკეთესიც არის. საშუალო მაღალმთიანეთში, 1000 მეტრიდან 1500 მეტრამდე, ჩვენ გვაქვს ჟანგბადის გარკვეული ნაკლოვანება, რაც უკეთესად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე.“
ყარამან ფაღავას თქმით, მთაში დასვენებისას ჰემოგლობინი მატულობს:
„პირველ რიგში, ეს არის სტიმული ძვლის ტვინისთვის და ერითროციტები უფრო მეტი რაოდენობით გამოიყოფა და ჰემოგლობინი მატულობს. მეორე ამბავია, რომ მადა უმჯობესდება. ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაც უმჯობესდება. ყველა ასაკში გვინდა დაწყნარება. მთაში უფრო წყნარები ხდებიან ბავშვები. საერთოდ ძალიან კარგია შორს რომ გავიხედოთ. ეს კარგია ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, თვალებისთვის, ცენტრალური ნერვული სისტემისთვის.“
ყარამან ფაღავამ აღნიშნა, რომ მთაში ყოფნისას ბუნებრივი ანტიბიოტიკების დახმარებით ბავშვის ფილტვები იწმინდება:
„სხვადასხვა სურნელით სავსე ჰაერს სუნთქავს ბავშვი და ბუნებრივი ანტიბიოტიკები, ფიტოციდები, რაც კი სიბინძურეა ფილტვებში, წმენდს. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ ალერგიაზე, ალერგენებზე, რომლებიც ასთმას იწვევს. რაც უფრო მაღლა ავდივართ მთაში, მათი კონცენტრაცია უფრო დაბალია.“
„მთაში როდესაც აგვყავს ბავშვი, ხდება ფილტვების სანაცია, გაჯანსაღება. ანატომიას რომ ვსწავლობდი გვიჩვენეს ქალაქის მაცხოვრებლის ფილტვი, გაშავებულია სულ. ფილტვის სრული გაწმენდა ვერ მოხდება მთაში, მაგრამ მაინც გარკვეულ გაწმენდას აქვს ადგილი,“ - აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.