რა საფრთხის წინაშე აყენებს ეკრანდამოკიდებულება ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ თავიდან აირიდოს მისგან გამოწვეული დაავადებები - აღნიშნულ თემებზე Momsedu.ge-ს ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე ესაუბრა.
- ქალბატონო ნანა, ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მშობლებისთვის. რამდენად დიდია შანსი, ეს პრობლემა გადაიზარდოს დაავადებად?
- ნებისმიერი დამოკიდებულება შეიძლება, გადაიზარდოს დაავადებად. ამ დამოკიდებულებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ამა თუ იმ ორგანოთა სისტემის დაავადებები. როგორიც არის ნევროლოგიური, ასევე სხვა ორგანოების, მაგალითად, მხედველობის.
- ეკრანდამოკიდებულება ხელს უწყობს ძილის დარღვევას, თუმცა უფრო კონკრეტულად, რა რისკების წინაშე ვდგებით, როდესაც გამოსხივება ძილის ხარისხზე ახდენს გავლენას ან როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს პრობლემა? დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მოვწყვიტოთ ბავშვი ეკრანს?
- დაძინება და ჩაძინებისთვის ორგანიზმში აუცილებელია წარმოიშვას მელატონინი. მელატონინი არის ის ჰორმონი, რომელიც დაძინებას უწყობს ხელს. მისი გამომუშავებისთვის აუცილებელია სიბნელეში ყოფნა. გამოსხივება მთლიანად თრგუნავს მელატონინის გამოყოფას. შესაბამისად, ზოგჯერ მშობლები ბავშვებს რომ ჩააწვენენ ლოგინში, ჩაურთავენ ტელეფონს და ჰგონიათ, ჩაეძინება ბავშვს, ეს არის მცდარი შეხედულება. გამოსხივება ჩაძინების გახანგრძლივებაზე მოქმედებს. ძილისწინ უმჯობესია რაიმე რუტინული სამუშაო, თუნდაც აბაზანის მიღება, მშობლებმა უნდა გამონახონ დრო, მიუჯდნენ, ზღაპარი წაუკითხონ, ანუ გაჯეტი ჩაანაცვლოს მშობელმა, ბებიამ ან აღმზრდელმა.
- მშობლებმა დღეში რამდენ ხანს უნდა გამოიყენოს 5 წლამდე ასაკის ბავშვთან ციფრული ტექნოლოგია, რომ არ დადგეს ბავშვის განვითარების საფრთხე?
- ორ საათზე მეტი ნამდვილად არ შეიძლება, ესეც მაქსიმუმ და არავითარ შემთხვევაში ამ ორი საათის განმავლობაში გადაბმულად არ უნდა უყურებდეს ტელევიზორს და არ უნდა ეჭიროს ხელში გაჯეტი.
- რატომ არ უნდა გავართოთ ბავშვი სმარტფონებით ჭამის დროს?
- ჭამა არის თვითონ ისეთი პროცესი, რომლის შემდეგ იწყება დანაყრება და კუჭში ჩასული საჭმელი ტვინს აძლევს სიგნალს, რომ დანაყრდა, ამიტომ მთელი ყურადღება მომართული უნდა იყოს ჭამის პროცესზე. როდესაც ჩვენ ბავშვს ვართობთ, მისი ყურადღება გადადის სხვა რამეზე, თუნდაც ტელევიზორზე, მობილურზე. ბავშვი მექანიკურად აღებს პირს და ყლაპავს, შესაბამისად, ვერ კონცენტრირდება უშუალოდ ჭამის პროცესზე. ამ კვების ჩამოყალიბებას ეწოდება „შეუმჩნეველი კვება“. შემდგომში უკვე ყალიბდება მანკიერი რეფლექსი, როდესაც ტელევიზორის ყურების დროს ერთობა და ისე ჭამს, ვერ აკონტროლებს მიღებული საკვების რაოდენობას. სწორედ ეს ხდება სიმსუქნის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.
- დღესდღეობით, მშობლების დიდი ნაწილი საჭიროდ თვლის, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეს მობილური გაატანოს სკოლაში, ბავშვები ამას ცუდად იყენებენ, უქვეითდებათ სწავლის სურვილი, ექმნებათ მხედველობასთან ან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიუდგნენ ამ ასაკის ბავშვებს?
- მოდით, დავიწყოთ იმით, რომ დღევანდელ დროში მობილურის გარეშე არსებობა თითქმის შეუძლებელია. იმისთვის, რომ დედა შვილს დაუკავშირდეს საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციებში, მობილური კავშირი არის აუცილებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მობილურში, რომელიც მიაქვს, იყოს ჩატვირთული უამრავი თამაში და ერთობოდეს გაკვეთილების პროცესში. ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, რომ მობილური მისთვის იყოს კავშირის აუცილებელი საშუალება. რა თქმა უნდა, პირველ ან მეორეკლასელ ბავშვს არ ვგულისხმობ. რაც შეეხება იმას, თუ რას ვურჩევდი მშობლებს, ეკრანთან ბავშვის დიდი ხანი ყოფნა შეამცირონ და გაზარდონ ბავშვთან პირადი ურთიერთობა, ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის აუცილებელია თამაში. თუ ჩვენ დიდხანს მივუშვებთ ბავშვს ტელეფონთან, შესაძლებელია მისი შიდა ჩაკეტილობა გამოვიწვიოთ, ურთიერთობა აღარ მოუნდეს დარჩენილ სამყაროსთან და აუტისტური სპექტრის აშლილობასაც შეუწყოს ხელი.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
აუცილებელია თუ არა ბავშვს წინასწარ შევასწავლოთ სასკოლო პროგრამა? - აღნიშნულ თემაზე აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, რატომღაც ჰგონიათ, რომ სკოლისთვის მომზადება გულისხმობს, როდესაც ბავშვმა ბევრი ლექსი, კითხვა, წერა და ანგარიში იცის. თუ ეცოდინება კარგია, თუმცა თუ არ იცის, საშიში არ არის. არ არის კარგი, როდესაც სპეციალურად ვასწავლით წერა-კითხვას იმისათვის, რომ სკოლაში აღარ დასჭირდეს. თუ ბავშვმა მოითხოვა - ვასწავლოთ, მაგრამ თუ ის ამისკენ არ ისწრაფვის - არ დავაძალოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ბავშვი რამეს ჩამორჩება.
„ერთი წლით ადრე უნდა ვესაუბროთ ბავშვებს სკოლაზე, მასწავლებლებზე, ძალიან უნდა შევაყვაროთ პედაგოგები. ხანდახან ამბობენ, რომ „აი, ამ სკოლაში ასეთი სწავლებაა“, „ამ სკოლაში ინგლისურია გაძლიერებული“ - ამით არ უნდა მოიხიბლოს მშობელი. უმჯობესია გაიკითხოს, ვინ არის „ქალბატონი თამარი“, „ქალბატონი ნინო“ - კეთილი, გულისხმიერი მასწავლებელი, ბავშვები რომ უყვარს. უკეთესია ბავშვს წინასწარ გაეცნოს მასწავლებელი, ტელეფონით ან წერილი გაუგზავნოს, შეიძლება შეხვდნენ კიდეც, ბავშვები უკვე შეგუებულები იქნებიან და არ იუცხოვებენ სკოლას. თუ მაინც გაუცხოვდა, სჯობს ასეთი ბავშვების მშობლები პირველ დღეს სკოლაში დავტოვოთ. დასხდებიან საკლასო ოთახში, დაგვინახავენ, როგორი მასწავლებლები ვართ და იმედი მივცეთ, რომ მათ შვილს ძალიან კარგი პედაგოგი შეხვდა. რაც მთავარია, ბავშვიც მშვიდად იქნება, რადგან დედა ახლოს ეყოლება,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.
მისი თქმით, ბავშვმა სწავლა უნდა შეიყვაროს და არა სწავლა რამის გამო, თუნდაც ქულებისთვის. არავითარი საჩუქარი! საკმარისია მასწავლებელმა დაურეკოს მშობელს და შეაქოს ბავშვი - „თქვენმა შვილმა დღეს ძალიან გამახარა, როგორი მაგალითების ამოხსნა სცოდნია“. როდესაც დედა ამას მოისმენს, შვილს მოეფერება და ბავშვს კიდევ გაუჩნდება მოტივაცია, რომ შემდეგ დღესაც წავიდეს სკოლაში.
„პირველკლასელებს თავხედობას ვერ დავაბრალებთ, ისინი შეიძლება უმართავები არიან. თუ კი მაინდამაინც მეორე, მესამე კლასში არის გათავხედებული და უმართავი ბავშვი, მასთან გვმართებს პიროვნული ურთიერთობა, ხომ ვერ გავაგდებთ სკოლიდან?! ყველა ბავშვი ჩვენია. დღეს ასეთია, მაგრამ არ ვიცით, იქნებ გენია შფოთავს მასში და არა თავხედობა?! როცა ნიჭი აქვს ადამიანს, ეს ნიჭი აცახცახებს სხეულს. როცა ბავშვი შენთან ახლოსაა, თავზე ხელი დაადე, დედის თანდასწრებით მასზე კარგი თქვი, ისეთი რამ მიაწერე, რაც არ ახასიათებს, თუმცა გინდა, რომ გამოვლინდეს,“ - დასძინა მან.
აკადემიკოსმა მშობლებს სამი წესი დაუწესა - „მშობლებს სამ წესს დავუწესებ“:
პირველი:
უნდა გიყვარდეს შვილი. გიყვარდეს არა შენთვის, არამედ მისთვის. არ დაუყვირო, არ გაარტყა, არ დაემუქრო, კუთხეში არ დააყენო, თითი არ დაუქნიო. ამრიგად, პირველი წესი! გიყვარდეს ბავშვი შენი კარგი ქცევით. ალერსი სიყვარულით, კეთილ საქმეთა გარეშე მკვდარია. ასე უყვართ? თავიანთი სიმშვიდისთვის უყვართ, თუ იმისთვის, რომ ისინი მომავალი მოქალაქეები უნდა გახდნენ მშვენიერი ქვეყნის?!
მეორე:
უნდა გამოიჩინოთ მოთმინება. ბავშვი კიდეც იცელქებს, კიდეც იყვირებს, კიდეც განმარტოვდება. თუ ესენი არ მოხდა მის ცხოვრებაში, ვერ გაიზრდება. დედაა დასასჯელი, როცა მოთმინებას კარგავს, რადგან ბავშვმა თუ არ იცის, მშობელმა იცის, რომ სიმშვიდე ზრდის მის შვილს.
მესამე:
მესამე არის ნდობა. ჰუმანურობა ეს იქნება - „მე მჯერა, ჩემი სიყვარული ბავშვს გამოასწორებს“, „მიყვარს გზასაცდენილი სიყვარულით გამოვასწორო“.
მოდი, შევასმინოთ ჩვენს კეთილ მშობლებს ილია ჭავჭავაძის სიტყვები, რომელშიც აღზრდის მიზანიც არის ჩადებული, პროგრამაც და მეთოდიც: