რა საფრთხის წინაშე აყენებს ეკრანდამოკიდებულება ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ თავიდან აირიდოს მისგან გამოწვეული დაავადებები - აღნიშნულ თემებზე Momsedu.ge-ს ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე ესაუბრა.
- ქალბატონო ნანა, ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მშობლებისთვის. რამდენად დიდია შანსი, ეს პრობლემა გადაიზარდოს დაავადებად?
- ნებისმიერი დამოკიდებულება შეიძლება, გადაიზარდოს დაავადებად. ამ დამოკიდებულებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ამა თუ იმ ორგანოთა სისტემის დაავადებები. როგორიც არის ნევროლოგიური, ასევე სხვა ორგანოების, მაგალითად, მხედველობის.
- ეკრანდამოკიდებულება ხელს უწყობს ძილის დარღვევას, თუმცა უფრო კონკრეტულად, რა რისკების წინაშე ვდგებით, როდესაც გამოსხივება ძილის ხარისხზე ახდენს გავლენას ან როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს პრობლემა? დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მოვწყვიტოთ ბავშვი ეკრანს?
- დაძინება და ჩაძინებისთვის ორგანიზმში აუცილებელია წარმოიშვას მელატონინი. მელატონინი არის ის ჰორმონი, რომელიც დაძინებას უწყობს ხელს. მისი გამომუშავებისთვის აუცილებელია სიბნელეში ყოფნა. გამოსხივება მთლიანად თრგუნავს მელატონინის გამოყოფას. შესაბამისად, ზოგჯერ მშობლები ბავშვებს რომ ჩააწვენენ ლოგინში, ჩაურთავენ ტელეფონს და ჰგონიათ, ჩაეძინება ბავშვს, ეს არის მცდარი შეხედულება. გამოსხივება ჩაძინების გახანგრძლივებაზე მოქმედებს. ძილისწინ უმჯობესია რაიმე რუტინული სამუშაო, თუნდაც აბაზანის მიღება, მშობლებმა უნდა გამონახონ დრო, მიუჯდნენ, ზღაპარი წაუკითხონ, ანუ გაჯეტი ჩაანაცვლოს მშობელმა, ბებიამ ან აღმზრდელმა.
- მშობლებმა დღეში რამდენ ხანს უნდა გამოიყენოს 5 წლამდე ასაკის ბავშვთან ციფრული ტექნოლოგია, რომ არ დადგეს ბავშვის განვითარების საფრთხე?
- ორ საათზე მეტი ნამდვილად არ შეიძლება, ესეც მაქსიმუმ და არავითარ შემთხვევაში ამ ორი საათის განმავლობაში გადაბმულად არ უნდა უყურებდეს ტელევიზორს და არ უნდა ეჭიროს ხელში გაჯეტი.
- რატომ არ უნდა გავართოთ ბავშვი სმარტფონებით ჭამის დროს?
- ჭამა არის თვითონ ისეთი პროცესი, რომლის შემდეგ იწყება დანაყრება და კუჭში ჩასული საჭმელი ტვინს აძლევს სიგნალს, რომ დანაყრდა, ამიტომ მთელი ყურადღება მომართული უნდა იყოს ჭამის პროცესზე. როდესაც ჩვენ ბავშვს ვართობთ, მისი ყურადღება გადადის სხვა რამეზე, თუნდაც ტელევიზორზე, მობილურზე. ბავშვი მექანიკურად აღებს პირს და ყლაპავს, შესაბამისად, ვერ კონცენტრირდება უშუალოდ ჭამის პროცესზე. ამ კვების ჩამოყალიბებას ეწოდება „შეუმჩნეველი კვება“. შემდგომში უკვე ყალიბდება მანკიერი რეფლექსი, როდესაც ტელევიზორის ყურების დროს ერთობა და ისე ჭამს, ვერ აკონტროლებს მიღებული საკვების რაოდენობას. სწორედ ეს ხდება სიმსუქნის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.
- დღესდღეობით, მშობლების დიდი ნაწილი საჭიროდ თვლის, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეს მობილური გაატანოს სკოლაში, ბავშვები ამას ცუდად იყენებენ, უქვეითდებათ სწავლის სურვილი, ექმნებათ მხედველობასთან ან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიუდგნენ ამ ასაკის ბავშვებს?
- მოდით, დავიწყოთ იმით, რომ დღევანდელ დროში მობილურის გარეშე არსებობა თითქმის შეუძლებელია. იმისთვის, რომ დედა შვილს დაუკავშირდეს საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციებში, მობილური კავშირი არის აუცილებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მობილურში, რომელიც მიაქვს, იყოს ჩატვირთული უამრავი თამაში და ერთობოდეს გაკვეთილების პროცესში. ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, რომ მობილური მისთვის იყოს კავშირის აუცილებელი საშუალება. რა თქმა უნდა, პირველ ან მეორეკლასელ ბავშვს არ ვგულისხმობ. რაც შეეხება იმას, თუ რას ვურჩევდი მშობლებს, ეკრანთან ბავშვის დიდი ხანი ყოფნა შეამცირონ და გაზარდონ ბავშვთან პირადი ურთიერთობა, ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის აუცილებელია თამაში. თუ ჩვენ დიდხანს მივუშვებთ ბავშვს ტელეფონთან, შესაძლებელია მისი შიდა ჩაკეტილობა გამოვიწვიოთ, ურთიერთობა აღარ მოუნდეს დარჩენილ სამყაროსთან და აუტისტური სპექტრის აშლილობასაც შეუწყოს ხელი.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„თაფლს და დარიჩინს სისხლის გამათხიერებელი თვისებები აქვს,“- თერაპევტ-დიეტოლოგი ასმათ კევლიშვილი
თერაპევტ-დიეტოლოგმა ასმათ კევლიშვილმა კომშის სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი კურკების ნახარში ბრონქიტის დროს ძალიან სასარგებლოა:
„განვიხილოთ თქვენთვის კარგად ნაცნობი კომში. როდესაც გვაქვს ბრონქიტი, ამ დროს კომშის კურკების ნახარში არის ძალიან კარგი. ერთი კომშის შიგთავსი უნდა ვხარშოთ ლორწოვანი, ბლანტი მასის მიღებამდე. ჩავაგდოთ ორი ცალი მიხაკი და მასთან ერთად ვხარშოთ. მიხაკი ეხმარება ორგანიზმიდან ლორწოს გამოდევნას. შიგთავსი ხველის დამარბილებელია, მიხაკი კი ეხმარება ლორწოს გამოდევნას. ვისაც დაბალი არტერიული წნევა აქვს, შეუძლია ნებისმიერ საკვებს დაუმატოს მიხაკი და აიმაღლოს არტერიული წნევა. 2-3 წლამდე ბავშვებს მიხაკს არ ვუმატებთ.“
ასმათ კევლიშვილის თქმით, უმჯობესია, თუ კომშს შემწვარი ან მოხარშული სახით მივიღებთ:
„კომში უმჯობესია მივიღოთ შემწვარი ან მოხარშული, კომპოტის სახით. ცოცხალი ნაყოფი კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს. გავჭრათ კომში შუაზე, ამოვიღოთ გული. გული, როგორც გითხარით, შეგვიძლია მოვხარშოთ. დანარჩენი გამოვაცხოთ ღუმელში. რომ გამოვიღებთ, ამის შემდეგ კომშს ვუმატებთ თაფლს და დარიჩინს.“
„თაფლი არის საბადო მთელი მინერალების. თაფლი არის სისხლის გამათხიერებელი. ასევე სისხლის გამათხიერებელი თვისება აქვს დარიჩინს. იმ სპეციალისტების თქმით, ვინც უშუალო კავშირში არიან კოვიდ-19-ის მართვასთან, სისხლის სტრუქტურა ისე იცვლება, რომ შეიძლება სულ არ ვიცოდეთ ჩვენი სისხლის გაბლანტებისკენ, შესქელებისკენ მიდრეკილების შესახებ და უცებ გართულდეს ისე, რომ ძალიან მაღალი მაჩვენებელი მივიღოთ სისხლის შედედების, რომელიც თრომბოზებისა და თრომბოემბოლიების გართულებებს გვაძლევს.ვისაც გაქვთ მაღალი არტერიული წნევა და შაქრის მაღალი შემცველობა სისხლში, დარიჩინი შაქარს და წნევას დაბლა სწევს,“ - აღნიშნულ საკითხზე ასმათ კევლიშვილმა ტელეკომპანია „პულსის“ გადაცემაში „ჩვენებური სურნელი“ ისაუბრა.