რა საფრთხის წინაშე აყენებს ეკრანდამოკიდებულება ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ თავიდან აირიდოს მისგან გამოწვეული დაავადებები - აღნიშნულ თემებზე Momsedu.ge-ს ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე ესაუბრა.
- ქალბატონო ნანა, ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მშობლებისთვის. რამდენად დიდია შანსი, ეს პრობლემა გადაიზარდოს დაავადებად?
- ნებისმიერი დამოკიდებულება შეიძლება, გადაიზარდოს დაავადებად. ამ დამოკიდებულებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ამა თუ იმ ორგანოთა სისტემის დაავადებები. როგორიც არის ნევროლოგიური, ასევე სხვა ორგანოების, მაგალითად, მხედველობის.
- ეკრანდამოკიდებულება ხელს უწყობს ძილის დარღვევას, თუმცა უფრო კონკრეტულად, რა რისკების წინაშე ვდგებით, როდესაც გამოსხივება ძილის ხარისხზე ახდენს გავლენას ან როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს პრობლემა? დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მოვწყვიტოთ ბავშვი ეკრანს?
- დაძინება და ჩაძინებისთვის ორგანიზმში აუცილებელია წარმოიშვას მელატონინი. მელატონინი არის ის ჰორმონი, რომელიც დაძინებას უწყობს ხელს. მისი გამომუშავებისთვის აუცილებელია სიბნელეში ყოფნა. გამოსხივება მთლიანად თრგუნავს მელატონინის გამოყოფას. შესაბამისად, ზოგჯერ მშობლები ბავშვებს რომ ჩააწვენენ ლოგინში, ჩაურთავენ ტელეფონს და ჰგონიათ, ჩაეძინება ბავშვს, ეს არის მცდარი შეხედულება. გამოსხივება ჩაძინების გახანგრძლივებაზე მოქმედებს. ძილისწინ უმჯობესია რაიმე რუტინული სამუშაო, თუნდაც აბაზანის მიღება, მშობლებმა უნდა გამონახონ დრო, მიუჯდნენ, ზღაპარი წაუკითხონ, ანუ გაჯეტი ჩაანაცვლოს მშობელმა, ბებიამ ან აღმზრდელმა.
- მშობლებმა დღეში რამდენ ხანს უნდა გამოიყენოს 5 წლამდე ასაკის ბავშვთან ციფრული ტექნოლოგია, რომ არ დადგეს ბავშვის განვითარების საფრთხე?
- ორ საათზე მეტი ნამდვილად არ შეიძლება, ესეც მაქსიმუმ და არავითარ შემთხვევაში ამ ორი საათის განმავლობაში გადაბმულად არ უნდა უყურებდეს ტელევიზორს და არ უნდა ეჭიროს ხელში გაჯეტი.
- რატომ არ უნდა გავართოთ ბავშვი სმარტფონებით ჭამის დროს?
- ჭამა არის თვითონ ისეთი პროცესი, რომლის შემდეგ იწყება დანაყრება და კუჭში ჩასული საჭმელი ტვინს აძლევს სიგნალს, რომ დანაყრდა, ამიტომ მთელი ყურადღება მომართული უნდა იყოს ჭამის პროცესზე. როდესაც ჩვენ ბავშვს ვართობთ, მისი ყურადღება გადადის სხვა რამეზე, თუნდაც ტელევიზორზე, მობილურზე. ბავშვი მექანიკურად აღებს პირს და ყლაპავს, შესაბამისად, ვერ კონცენტრირდება უშუალოდ ჭამის პროცესზე. ამ კვების ჩამოყალიბებას ეწოდება „შეუმჩნეველი კვება“. შემდგომში უკვე ყალიბდება მანკიერი რეფლექსი, როდესაც ტელევიზორის ყურების დროს ერთობა და ისე ჭამს, ვერ აკონტროლებს მიღებული საკვების რაოდენობას. სწორედ ეს ხდება სიმსუქნის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.
- დღესდღეობით, მშობლების დიდი ნაწილი საჭიროდ თვლის, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეს მობილური გაატანოს სკოლაში, ბავშვები ამას ცუდად იყენებენ, უქვეითდებათ სწავლის სურვილი, ექმნებათ მხედველობასთან ან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიუდგნენ ამ ასაკის ბავშვებს?
- მოდით, დავიწყოთ იმით, რომ დღევანდელ დროში მობილურის გარეშე არსებობა თითქმის შეუძლებელია. იმისთვის, რომ დედა შვილს დაუკავშირდეს საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციებში, მობილური კავშირი არის აუცილებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მობილურში, რომელიც მიაქვს, იყოს ჩატვირთული უამრავი თამაში და ერთობოდეს გაკვეთილების პროცესში. ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, რომ მობილური მისთვის იყოს კავშირის აუცილებელი საშუალება. რა თქმა უნდა, პირველ ან მეორეკლასელ ბავშვს არ ვგულისხმობ. რაც შეეხება იმას, თუ რას ვურჩევდი მშობლებს, ეკრანთან ბავშვის დიდი ხანი ყოფნა შეამცირონ და გაზარდონ ბავშვთან პირადი ურთიერთობა, ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის აუცილებელია თამაში. თუ ჩვენ დიდხანს მივუშვებთ ბავშვს ტელეფონთან, შესაძლებელია მისი შიდა ჩაკეტილობა გამოვიწვიოთ, ურთიერთობა აღარ მოუნდეს დარჩენილ სამყაროსთან და აუტისტური სპექტრის აშლილობასაც შეუწყოს ხელი.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
განსაკუთრებით მგრძნობიარე ბავშვთან ურთიერთობის 8 ოქროს წესი
ყოველწლიურად დაბადებული ბავშვების 15-20 % მაღალი მგრძნობელობის მქონეა. ისინი გარემო გამღიზიანებლებზე სწრაფად და ემოციურად რეაგირებენ. მშობლებს უდიდესი მოთმინება და ნებისყოფა ესაჭიროებათ, რათა ბავშვის მგრძნობიარე ბუნებას სათანადოდ შეეგუონ და მასთან მოქცევის წესები აითვისონ. სწორ მიდგომას ძალიან კარგი შედეგი მოაქვს, რის გამოც მშობლებს ვურჩევთ მოთმინება გამოიჩინონ, რაც აუცილებლად გაამართლებს.
1.იყავით ემპათიური და ბავშვს ხშირად ესაუბრეთ
თუ ბავშვი საჯარო სივრცეში ემოციურად ფეთქდება, მისი გრძნობების დათრგუნვას ნუ ეცდებით. ბავშვის ემოციები მიიღეთ და შვილს მათ შესახებ ესაუბრეთ. ბავშვთან ჩამოჯექით და ჰკითხეთ, როგორ გრძნობს თავს და რა სჭირს. ნუ შესთავაზებთ ბავშვს პრობლემის მარტივად გადაჭირს გზებს. ეცადეთ, მას საჯარო სივრცეში ემოციების გაკონტროლებაში დაეხმაროთ.
2.ბავშვს აუხსენით, რომ ემოციების გამოხატვა ნორმალურია
როდესაც ბავშვი საჯარო სივრცეში ტირის და ემოციებს ღიად გამოხატავს, მშობლები მის მყუდრო ადგილას გაყვანას ცდილობენ, რათა ხალხს მოერიდონ. ამ დროს ბავშვი ფიქრობს, რომ ემოციების გამოხატვა მიუღებელი ქცევაა და თავს დამნაშავედ გრძნობს. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვი სადმე გადამალოთ, მას მხარი დაუჭირეთ და მისი მდგომარეობით დაინტერესდით, რათა მან იგრძნოს, რომ მისი ემოციები თქვენთვის მნიშვნელოვანია.
3.ბავშვს შეცდომებზე მიუთითეთ და ალტერნატივა შესთავაზეთ
მაღალი მგრძნობელობის ბავშვები ჭარბი ექსპრესიულობის გამო ხშირად თანატოლებს და მეგობრებს საკუთარ თავზე ნეგატიურ წარმოდგენას უქმნიან. თქვენს შვილს აუხსენით, როგორ გამოიყურება ის, როდესაც მეგობრებზე ბრაზობს ან უკმაყოფილოა. შესაძლოა, ეს თავიდან ბავშვისთვის სტრესულიც იყოს, თუმცა თქვენ მას აუცილებლად უნდა შესთავაზოთ ალტერნატივა. ბავშვს აუხსენით, რომ თუ გაბრაზებულია, უმჯობესია, ათამდე დაითვალოს, ღრმად ისუნთქოს და დამშვიდდეს, ვიდრე უკმაყოფილება აგრესიულად გამოხატოს.
4.იყავით მომთმენი და ბავშვს მარტო დარჩენის შესაძლებლობა მიეცით
მშობლების დიდი ნაწილი ბაღის ასაკის ბავშვებს გამუდმებით სხვადასხვა აქტივობაში რთავს. შესაძლოა, ბავშვს სულაც არ მოსწონდეს ხალხმრავალი გარემო და სახლში მშვიდად ყოფნა ერჩივნოს. ამ შემთხვევაში უმჯობესია, თუ ბავშვთან ერთად ხშირად დაკავდებით კითხვით და იმ თამაშების თამაშით, რომელიც მას მოსწონს. სოციალიზაციაზე ზედმეტად ბევრს ნუ იფიქრებთ. პირველ რიგში, ბავშვს აგრძნობინეთ, რომ მისი გესმით და მის გვერდით ხართ.
5.ბავშვს შიშების დაძლევაში დაეხმარეთ
შიშთან პირისპირ შეჯახება მისი გადალახვის ერთ-ერთი ეფექტიანი გზაა, თუმცა ეს ძალიან დელიკატური საკითხია. მშობელი უდიდესი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ ბავშვის შიშებს. სწორი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში ბავშვი ძალიან სწრაფად გადალახავს შიშს. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ შიშის გადალახვისას თქვენი მხარდაჭერა აქვს, რაც მას თავდაჯერებას შესძენს.
6.ოთხფეხა მეგობრის შეძენა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა
ცხოველები მაღალი მგრძნობელობის მქონე ბავშვების საუკეთესო მეგობრები არიან. ცხოველებიც ისეთივე მგრძნობიარეები არიან, როგორც პატარები. ოთხფეხა მეგობართან ისინი იმ ურთიერთგაგებას პოულობენ, რომლის პოვნაც ასე ძალიან უჭირთ ადამიანებთან.
7.სახლში უსაფრთხო გარემო შექმენით
მგრძნობიარე ბავშვები განსაკუთრებით მარტივად ღიზიანდებიან, როდესაც გარემო მათთვის უსაფრთხო არ არის. ბავშვს სახლში სივრცე გამოუყავით ,რომელსაც მისთვის კომფორტულად მოაწყობთ. გამოიყენეთ ხალიჩა, რომელზეც ის წიგნების თვალიერებას, მშვიდად წოლას და ფიქრს შეძლებს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მას შესვენებისა და განტვირთვისთვის სივრცე ყოველთვის აქვს.
8.დისციპლინის მეთოდები ფრთხილად შეარჩიეთ
სახლში წესების დაწესებამდე კარგად დაფიქრდით, რომ ის ოჯახის ყველა წევრზე თანაბრად მოქმედებდეს. თუ ბავშვი ორპირობას შეგატყობთ, მას გული ძალიან ეტკინება. საზღვრები, რომლებსაც აწესებთ, ყველასთვის უნდა იყოს, რათა ბავშვმა თავი დაჩაგრულად არ იგრძნობს.