რა საფრთხის წინაშე აყენებს ეკრანდამოკიდებულება ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ თავიდან აირიდოს მისგან გამოწვეული დაავადებები - აღნიშნულ თემებზე Momsedu.ge-ს ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე ესაუბრა.
- ქალბატონო ნანა, ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მშობლებისთვის. რამდენად დიდია შანსი, ეს პრობლემა გადაიზარდოს დაავადებად?
- ნებისმიერი დამოკიდებულება შეიძლება, გადაიზარდოს დაავადებად. ამ დამოკიდებულებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ამა თუ იმ ორგანოთა სისტემის დაავადებები. როგორიც არის ნევროლოგიური, ასევე სხვა ორგანოების, მაგალითად, მხედველობის.
- ეკრანდამოკიდებულება ხელს უწყობს ძილის დარღვევას, თუმცა უფრო კონკრეტულად, რა რისკების წინაშე ვდგებით, როდესაც გამოსხივება ძილის ხარისხზე ახდენს გავლენას ან როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს პრობლემა? დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მოვწყვიტოთ ბავშვი ეკრანს?
- დაძინება და ჩაძინებისთვის ორგანიზმში აუცილებელია წარმოიშვას მელატონინი. მელატონინი არის ის ჰორმონი, რომელიც დაძინებას უწყობს ხელს. მისი გამომუშავებისთვის აუცილებელია სიბნელეში ყოფნა. გამოსხივება მთლიანად თრგუნავს მელატონინის გამოყოფას. შესაბამისად, ზოგჯერ მშობლები ბავშვებს რომ ჩააწვენენ ლოგინში, ჩაურთავენ ტელეფონს და ჰგონიათ, ჩაეძინება ბავშვს, ეს არის მცდარი შეხედულება. გამოსხივება ჩაძინების გახანგრძლივებაზე მოქმედებს. ძილისწინ უმჯობესია რაიმე რუტინული სამუშაო, თუნდაც აბაზანის მიღება, მშობლებმა უნდა გამონახონ დრო, მიუჯდნენ, ზღაპარი წაუკითხონ, ანუ გაჯეტი ჩაანაცვლოს მშობელმა, ბებიამ ან აღმზრდელმა.
- მშობლებმა დღეში რამდენ ხანს უნდა გამოიყენოს 5 წლამდე ასაკის ბავშვთან ციფრული ტექნოლოგია, რომ არ დადგეს ბავშვის განვითარების საფრთხე?
- ორ საათზე მეტი ნამდვილად არ შეიძლება, ესეც მაქსიმუმ და არავითარ შემთხვევაში ამ ორი საათის განმავლობაში გადაბმულად არ უნდა უყურებდეს ტელევიზორს და არ უნდა ეჭიროს ხელში გაჯეტი.
- რატომ არ უნდა გავართოთ ბავშვი სმარტფონებით ჭამის დროს?
- ჭამა არის თვითონ ისეთი პროცესი, რომლის შემდეგ იწყება დანაყრება და კუჭში ჩასული საჭმელი ტვინს აძლევს სიგნალს, რომ დანაყრდა, ამიტომ მთელი ყურადღება მომართული უნდა იყოს ჭამის პროცესზე. როდესაც ჩვენ ბავშვს ვართობთ, მისი ყურადღება გადადის სხვა რამეზე, თუნდაც ტელევიზორზე, მობილურზე. ბავშვი მექანიკურად აღებს პირს და ყლაპავს, შესაბამისად, ვერ კონცენტრირდება უშუალოდ ჭამის პროცესზე. ამ კვების ჩამოყალიბებას ეწოდება „შეუმჩნეველი კვება“. შემდგომში უკვე ყალიბდება მანკიერი რეფლექსი, როდესაც ტელევიზორის ყურების დროს ერთობა და ისე ჭამს, ვერ აკონტროლებს მიღებული საკვების რაოდენობას. სწორედ ეს ხდება სიმსუქნის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.
- დღესდღეობით, მშობლების დიდი ნაწილი საჭიროდ თვლის, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეს მობილური გაატანოს სკოლაში, ბავშვები ამას ცუდად იყენებენ, უქვეითდებათ სწავლის სურვილი, ექმნებათ მხედველობასთან ან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიუდგნენ ამ ასაკის ბავშვებს?
- მოდით, დავიწყოთ იმით, რომ დღევანდელ დროში მობილურის გარეშე არსებობა თითქმის შეუძლებელია. იმისთვის, რომ დედა შვილს დაუკავშირდეს საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციებში, მობილური კავშირი არის აუცილებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მობილურში, რომელიც მიაქვს, იყოს ჩატვირთული უამრავი თამაში და ერთობოდეს გაკვეთილების პროცესში. ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, რომ მობილური მისთვის იყოს კავშირის აუცილებელი საშუალება. რა თქმა უნდა, პირველ ან მეორეკლასელ ბავშვს არ ვგულისხმობ. რაც შეეხება იმას, თუ რას ვურჩევდი მშობლებს, ეკრანთან ბავშვის დიდი ხანი ყოფნა შეამცირონ და გაზარდონ ბავშვთან პირადი ურთიერთობა, ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის აუცილებელია თამაში. თუ ჩვენ დიდხანს მივუშვებთ ბავშვს ტელეფონთან, შესაძლებელია მისი შიდა ჩაკეტილობა გამოვიწვიოთ, ურთიერთობა აღარ მოუნდეს დარჩენილ სამყაროსთან და აუტისტური სპექტრის აშლილობასაც შეუწყოს ხელი.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც ბებია-ბაბუა ცხოვრობს სოფლად და იქ ჩასვლა ხდება დღესასწაული ბავშვებისთვის,“ - მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ოჯახში სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა თანაცხოვრების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აუცილებელი არ არის პატარა ბინაში სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ერთად ცხოვრება:
„არ არის აუცილებელი, რომ ერთად ცხოვრობდნენ თბილისის ოროთახიან ან სამოთახიან ბინაში. ადამიანს ძალიან სჭირდება თავისი სივრცე. ადრე ასე იყო, ადამიანს რვა შვილი ჰყავდა თუ ათი, სამოსახლოებს აძლევდა შვილებს და უმცროსი შვილი რჩებოდა ოჯახში. მესმის, რომ აბსოლუტურად სხვა ვითარებაა დღეს. ბებია-ბაბუა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ბავშვებისთვის. თუ ახლოს იცხოვრებენ, იმავე სადარბაზოში, გვერდზე სახლში, იმავე ქუჩაზე, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც ბებია-ბაბუა ცხოვრობს სადღაც სოფლად და იქ ჩასვლა ხდება დღესასწაული ბავშვებისთვის. იქ მათ აქვთ რაღაც უნივერსალური, განსაკუთრებული სითბო.“
მარინა კაჭარავას თქმით, მარტოობის საუკუნე დგება, რადგან ყველა თავისი უფლებებისთვის იბრძვის და ადამიანი მოვალეობებზე ნაკლებად ფიქრობს:
„ადამიანის მიღება, მის მიმართ ემპათია, გულწრფელობა თუ დაიკარგება, ამ შემთხვევაში ადამიანები სხვადასხვა პარალელურ სივრცეში არიან. ერთსა და იმავე რამეზე ჩვენს საზოგადოებაშიც ზოგი ამბობს, რომ არის უკიდურესი ბოროტება, ზოგი ამბობს, რომ სიკეთეა. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ადამიანებს აბსოლუტურად განსხვავებული კოორდინატთა სისტემები აქვთ. შეიძლება ეს არ იყოს დიდი ტრაგედია, თუ შეგვეძლება ერთმანეთს მოვუსმინოთ. ჩვენ შეიძლება ვერ გავამართლოთ ყველაფერი, მაგრამ გავიგოთ. სხვადასხვა რამეა: „მე მესმის შენი“ და „შენ მართალი ხარ.“ ერთ ბრძენთან მიიყვანეს ორი მოჩხუბარი და იმან უთხრა ერთს, მართალი ხარო, მერე მეორეს უთხრა, მართალი ხარო. მიმყვანი გაბრაზდა, ორივე როგორ არის მართალიო, ბრძენმა უთხრა, შენც მართალი ხარო. ყველას აქვს თავისი სიმართლე, ამიტომ დავსხდეთ და ვისაუბროთ ამაზე, მით უმეტეს, ოჯახში. საუბარი არის უალტერნატივო ურთიერთობაში,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.