რა საფრთხის წინაშე აყენებს ეკრანდამოკიდებულება ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ თავიდან აირიდოს მისგან გამოწვეული დაავადებები - აღნიშნულ თემებზე Momsedu.ge-ს ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე ესაუბრა.
- ქალბატონო ნანა, ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მშობლებისთვის. რამდენად დიდია შანსი, ეს პრობლემა გადაიზარდოს დაავადებად?
- ნებისმიერი დამოკიდებულება შეიძლება, გადაიზარდოს დაავადებად. ამ დამოკიდებულებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ამა თუ იმ ორგანოთა სისტემის დაავადებები. როგორიც არის ნევროლოგიური, ასევე სხვა ორგანოების, მაგალითად, მხედველობის.
- ეკრანდამოკიდებულება ხელს უწყობს ძილის დარღვევას, თუმცა უფრო კონკრეტულად, რა რისკების წინაშე ვდგებით, როდესაც გამოსხივება ძილის ხარისხზე ახდენს გავლენას ან როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს პრობლემა? დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მოვწყვიტოთ ბავშვი ეკრანს?
- დაძინება და ჩაძინებისთვის ორგანიზმში აუცილებელია წარმოიშვას მელატონინი. მელატონინი არის ის ჰორმონი, რომელიც დაძინებას უწყობს ხელს. მისი გამომუშავებისთვის აუცილებელია სიბნელეში ყოფნა. გამოსხივება მთლიანად თრგუნავს მელატონინის გამოყოფას. შესაბამისად, ზოგჯერ მშობლები ბავშვებს რომ ჩააწვენენ ლოგინში, ჩაურთავენ ტელეფონს და ჰგონიათ, ჩაეძინება ბავშვს, ეს არის მცდარი შეხედულება. გამოსხივება ჩაძინების გახანგრძლივებაზე მოქმედებს. ძილისწინ უმჯობესია რაიმე რუტინული სამუშაო, თუნდაც აბაზანის მიღება, მშობლებმა უნდა გამონახონ დრო, მიუჯდნენ, ზღაპარი წაუკითხონ, ანუ გაჯეტი ჩაანაცვლოს მშობელმა, ბებიამ ან აღმზრდელმა.
- მშობლებმა დღეში რამდენ ხანს უნდა გამოიყენოს 5 წლამდე ასაკის ბავშვთან ციფრული ტექნოლოგია, რომ არ დადგეს ბავშვის განვითარების საფრთხე?
- ორ საათზე მეტი ნამდვილად არ შეიძლება, ესეც მაქსიმუმ და არავითარ შემთხვევაში ამ ორი საათის განმავლობაში გადაბმულად არ უნდა უყურებდეს ტელევიზორს და არ უნდა ეჭიროს ხელში გაჯეტი.
- რატომ არ უნდა გავართოთ ბავშვი სმარტფონებით ჭამის დროს?
- ჭამა არის თვითონ ისეთი პროცესი, რომლის შემდეგ იწყება დანაყრება და კუჭში ჩასული საჭმელი ტვინს აძლევს სიგნალს, რომ დანაყრდა, ამიტომ მთელი ყურადღება მომართული უნდა იყოს ჭამის პროცესზე. როდესაც ჩვენ ბავშვს ვართობთ, მისი ყურადღება გადადის სხვა რამეზე, თუნდაც ტელევიზორზე, მობილურზე. ბავშვი მექანიკურად აღებს პირს და ყლაპავს, შესაბამისად, ვერ კონცენტრირდება უშუალოდ ჭამის პროცესზე. ამ კვების ჩამოყალიბებას ეწოდება „შეუმჩნეველი კვება“. შემდგომში უკვე ყალიბდება მანკიერი რეფლექსი, როდესაც ტელევიზორის ყურების დროს ერთობა და ისე ჭამს, ვერ აკონტროლებს მიღებული საკვების რაოდენობას. სწორედ ეს ხდება სიმსუქნის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.
- დღესდღეობით, მშობლების დიდი ნაწილი საჭიროდ თვლის, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეს მობილური გაატანოს სკოლაში, ბავშვები ამას ცუდად იყენებენ, უქვეითდებათ სწავლის სურვილი, ექმნებათ მხედველობასთან ან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიუდგნენ ამ ასაკის ბავშვებს?
- მოდით, დავიწყოთ იმით, რომ დღევანდელ დროში მობილურის გარეშე არსებობა თითქმის შეუძლებელია. იმისთვის, რომ დედა შვილს დაუკავშირდეს საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციებში, მობილური კავშირი არის აუცილებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მობილურში, რომელიც მიაქვს, იყოს ჩატვირთული უამრავი თამაში და ერთობოდეს გაკვეთილების პროცესში. ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, რომ მობილური მისთვის იყოს კავშირის აუცილებელი საშუალება. რა თქმა უნდა, პირველ ან მეორეკლასელ ბავშვს არ ვგულისხმობ. რაც შეეხება იმას, თუ რას ვურჩევდი მშობლებს, ეკრანთან ბავშვის დიდი ხანი ყოფნა შეამცირონ და გაზარდონ ბავშვთან პირადი ურთიერთობა, ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის აუცილებელია თამაში. თუ ჩვენ დიდხანს მივუშვებთ ბავშვს ტელეფონთან, შესაძლებელია მისი შიდა ჩაკეტილობა გამოვიწვიოთ, ურთიერთობა აღარ მოუნდეს დარჩენილ სამყაროსთან და აუტისტური სპექტრის აშლილობასაც შეუწყოს ხელი.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვისთვის ათჯერ თქმა რომ არ დაგვჭირდეს, უნდა გვქონდეს სისტემატური და ავტორიტეტული მიდგომა აღზრდის მიმართ,“ - ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი
ბავშვთა ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი გადაცემაში „იმედის დღე“ პოზიტიური მშობლობის უპირატესობების შესახებ საუბრობს და ბავშვთან ურთიერთობისას ლექსიკის კონტროლის მნიშვნელობას უსვამს ხაზს:
„პოზიტიურ მშობლობაში ერთ-ერთი მთავარი გახლავთ ლექსიკის კონტროლი. ეს პოზიტიური მშობლობის ამოსავალი დებულებაა. როდესაც ბავშვს ვეუბნებით, რომ ქცევა არ მოგვწონს და ეს ცუდი საქციელია, ეს ფრაზა შეიძლება შემდეგნაირად შეიცვალოს: „როდესაც ასე იქცევი, მე გაცილებით უფრო მომწონს. შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ ხანდახან შენი საქციელი ისეთი კარგი არ არის.“შეგვიძლია ბავშვს ვუთხრათ: „არ მომწონს,“ მაგრამ ეს უნდა ეხებოდეს საქციელს.“
ნატა მეფარიშვილის თქმით, ბავშვთან სისტემატური და ავტორიტეტული მიდგომა უნდა გამოვიყენოთ:
„ისე უნდა ვიფიქროთ მშობლობასა და აღზრდაზე, რომ ბავშვისთვის ათჯერ თქმა არ დაგვჭირდეს. ეს არის სისტემატური და ავტორიტეტული მიდგომა აღზრდის მიმართ. ავტორიტეტულ აღზრდას განაპირობებს ის, რომ მე როდესაც ვამბობ „არას,“ ეს „არა“ ყოველთვის არის „არა.“ შეიძლება აბსოლუტურად გაკონტოლებული ინტონაციით და ხმით ვთქვა. როდესაც ვამბობ „კის,“ ეს „კი“ არის „კი.“ „არა“ და „კი“ შუა გზაში არ გადაკეთდება საპირისპიროდ.“
ნატა მეფარიშვილი აცხადებს, რომ არ არსებობს მშობელი, რომელიც აღზრდისას შეცდომებს არ უშვებს:
„ჩვენ, როგორც მშობლები, ცხადია, რომ ცოცხალი ადამიანები ვართ. მე ამ რეკომენდაციებს რომ ვამბობ, არ ვგულისხმობ, რომ ყოველთვის იდეალურად და კარგად მოვიქცევით, ან არსებობენ იდეალური მშობლები. ხშირად როდესაც ფსიქოლოგებს უსმენენ, ამბობენ, რომ ნეტავ ახლა თვითონ როგორ იქცევაო. ცხადია, ყველას ეშლება. მშობელი კარგი მშობელია მაშინ, როდესაც თავის საქციელს კრიტიკულად უყურებს, ცდილობს, რომ ცოდნა გაიღრმავოს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ეძებს მხარდაჭერას სხვა მშობლებთან ან პროფესიონალთან.“
ნატა მეფარიშვილის თქმით, უპირობო სიყვარული ბავშვის ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია:
„ნებისმიერ შემთხვევაში რომ გვიყვარს ჩვენი შვილი, როგორც უნდა მოიქცეს, წარმატებული, წარუმატებელი, კარგი საქციელით, ცუდი საქციელით, ეს არის უპირობო სიყვარული. ამის შეგრძნება ბავშვს მუდმივად უნდა ჰქონდეს და მაშინ ვარ ადეკვატური მშობელი, მაშინ მყავს ფსიქიკურად ჯანსაღი შვილი. თუ მე მას ოდნავ მაინც ვაგრძნობინებ სიტყვით, ქცევით ან მზერით და ბავშვმა დაიჭირა, რომ იქ ის არ არის, რასაც ელის მშობლისგან, აი, იქ პრობლემები ჩნდება.“
„ბავშვს ათჯერ რომ ეუბნებით და უკვე მოჩეჩვამდე მიდიხართ, მას უნდა ვუთხრათ მისი ამ საქციელის შემთხვევაში, რა შედეგი დადგება. ბავშვს უნდა ვუთხრათ: „თუ ახლა არ შეწყვეტ ამ უსაქციელობას, საღამოს ვერ უყურებ მულტფილმს. ეს უნდა შესრულდეს. ეს პრივილეგიები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მულტფილმი უნდა უნდოდეს, ეზოში თამაში უნდა უნდოდეს,“ - აღნიშნავს ნატა მეფარიშვილი.