რა საფრთხის წინაშე აყენებს ეკრანდამოკიდებულება ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ თავიდან აირიდოს მისგან გამოწვეული დაავადებები - აღნიშნულ თემებზე Momsedu.ge-ს ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე ესაუბრა.
- ქალბატონო ნანა, ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მშობლებისთვის. რამდენად დიდია შანსი, ეს პრობლემა გადაიზარდოს დაავადებად?
- ნებისმიერი დამოკიდებულება შეიძლება, გადაიზარდოს დაავადებად. ამ დამოკიდებულებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ამა თუ იმ ორგანოთა სისტემის დაავადებები. როგორიც არის ნევროლოგიური, ასევე სხვა ორგანოების, მაგალითად, მხედველობის.
- ეკრანდამოკიდებულება ხელს უწყობს ძილის დარღვევას, თუმცა უფრო კონკრეტულად, რა რისკების წინაშე ვდგებით, როდესაც გამოსხივება ძილის ხარისხზე ახდენს გავლენას ან როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს პრობლემა? დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მოვწყვიტოთ ბავშვი ეკრანს?
- დაძინება და ჩაძინებისთვის ორგანიზმში აუცილებელია წარმოიშვას მელატონინი. მელატონინი არის ის ჰორმონი, რომელიც დაძინებას უწყობს ხელს. მისი გამომუშავებისთვის აუცილებელია სიბნელეში ყოფნა. გამოსხივება მთლიანად თრგუნავს მელატონინის გამოყოფას. შესაბამისად, ზოგჯერ მშობლები ბავშვებს რომ ჩააწვენენ ლოგინში, ჩაურთავენ ტელეფონს და ჰგონიათ, ჩაეძინება ბავშვს, ეს არის მცდარი შეხედულება. გამოსხივება ჩაძინების გახანგრძლივებაზე მოქმედებს. ძილისწინ უმჯობესია რაიმე რუტინული სამუშაო, თუნდაც აბაზანის მიღება, მშობლებმა უნდა გამონახონ დრო, მიუჯდნენ, ზღაპარი წაუკითხონ, ანუ გაჯეტი ჩაანაცვლოს მშობელმა, ბებიამ ან აღმზრდელმა.
- მშობლებმა დღეში რამდენ ხანს უნდა გამოიყენოს 5 წლამდე ასაკის ბავშვთან ციფრული ტექნოლოგია, რომ არ დადგეს ბავშვის განვითარების საფრთხე?
- ორ საათზე მეტი ნამდვილად არ შეიძლება, ესეც მაქსიმუმ და არავითარ შემთხვევაში ამ ორი საათის განმავლობაში გადაბმულად არ უნდა უყურებდეს ტელევიზორს და არ უნდა ეჭიროს ხელში გაჯეტი.
- რატომ არ უნდა გავართოთ ბავშვი სმარტფონებით ჭამის დროს?
- ჭამა არის თვითონ ისეთი პროცესი, რომლის შემდეგ იწყება დანაყრება და კუჭში ჩასული საჭმელი ტვინს აძლევს სიგნალს, რომ დანაყრდა, ამიტომ მთელი ყურადღება მომართული უნდა იყოს ჭამის პროცესზე. როდესაც ჩვენ ბავშვს ვართობთ, მისი ყურადღება გადადის სხვა რამეზე, თუნდაც ტელევიზორზე, მობილურზე. ბავშვი მექანიკურად აღებს პირს და ყლაპავს, შესაბამისად, ვერ კონცენტრირდება უშუალოდ ჭამის პროცესზე. ამ კვების ჩამოყალიბებას ეწოდება „შეუმჩნეველი კვება“. შემდგომში უკვე ყალიბდება მანკიერი რეფლექსი, როდესაც ტელევიზორის ყურების დროს ერთობა და ისე ჭამს, ვერ აკონტროლებს მიღებული საკვების რაოდენობას. სწორედ ეს ხდება სიმსუქნის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.
- დღესდღეობით, მშობლების დიდი ნაწილი საჭიროდ თვლის, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეს მობილური გაატანოს სკოლაში, ბავშვები ამას ცუდად იყენებენ, უქვეითდებათ სწავლის სურვილი, ექმნებათ მხედველობასთან ან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიუდგნენ ამ ასაკის ბავშვებს?
- მოდით, დავიწყოთ იმით, რომ დღევანდელ დროში მობილურის გარეშე არსებობა თითქმის შეუძლებელია. იმისთვის, რომ დედა შვილს დაუკავშირდეს საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციებში, მობილური კავშირი არის აუცილებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მობილურში, რომელიც მიაქვს, იყოს ჩატვირთული უამრავი თამაში და ერთობოდეს გაკვეთილების პროცესში. ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, რომ მობილური მისთვის იყოს კავშირის აუცილებელი საშუალება. რა თქმა უნდა, პირველ ან მეორეკლასელ ბავშვს არ ვგულისხმობ. რაც შეეხება იმას, თუ რას ვურჩევდი მშობლებს, ეკრანთან ბავშვის დიდი ხანი ყოფნა შეამცირონ და გაზარდონ ბავშვთან პირადი ურთიერთობა, ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის აუცილებელია თამაში. თუ ჩვენ დიდხანს მივუშვებთ ბავშვს ტელეფონთან, შესაძლებელია მისი შიდა ჩაკეტილობა გამოვიწვიოთ, ურთიერთობა აღარ მოუნდეს დარჩენილ სამყაროსთან და აუტისტური სპექტრის აშლილობასაც შეუწყოს ხელი.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ყურადღების დეფიციტის მიზეზი ბავშვთან შეიძლება იყოს სტრესი, შფოთვა და გარემო,“ - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი
ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ბავშვებში ყურადღების დეფიციტის პრობლემის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბავშვს ყურადღების პრობლემა სხვადასხვა მიზეზით ექმნება:
„ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ორი ტიპის არის: ერთი, როდესაც წამყვანია ყურადღების პრობლემა, თითქოს ბავშვი მუდმივად გაფანტულია, თავისთვის ოცნებობს და რთულია, რომ აქტივობაში ჩართო, თუ ჩავრთეთ ხუთ წუთში ეკარგება ინტერესი და სხვა რაღაცაზე გადადის. მეორე შემთხვევაში იმპულსურობა არის წამყვანი. ნებისმიერი საგანი, რომელსაც ბავშვი დაინახავს, მასში გამოყენების სურვილს იწვევს. ბავშვი მთელი დღის მანძილზე დადის და საგნებს ეხება. ამის არშემჩნევა ძალიან რთულია სინამდვილეში. 2-3 წლის ასაკში რთულია გაარჩიო ეს სინდრომია, თუ რაიმე სხვა მიზეზებია. ყურადღების დეფიციტის მიზეზი ბავშვთან, შეიძლება იყოს სტრესი, შფოთვა და გარემო. ხშირად ბავშვს სვამენ რომ იმეცადინოს, როდესაც გვერდით ოთახში ბოლო ხმაზე ტელევიზორია ჩართული, ხალისობენ, იცინიან და უჭირს ბავშვს. დიაგნოზის დასმა დღეს არ ხდება მხოლოდ ფსიქოლოგის მიერ. ფსიქოლოგი აუცილებლად იღებს ინფორმაციას მშობლისგან, ბაღის აღმზრდელისგან, მასწავლებლისგან. სასურველია, რომ ბავშვის გარემოზე დაკვირვება მოხდეს, რათა გამოირიცხოს გარემო ფაქტორები.“
მარიამ ხვადაგიანის თქმით, ყურადღების დეფიციტის დიაგნოზის დასასმელად ბავშვს შემდეგი მახასიათებლები უნდა ჰქონდეს:
„ბავშვი უნდა იყოს ძალიან მოუსვენარი. ეს უნდა გრძელდებოდეს დიდხანს, ექვს თვეზე მეტ ხანს. მისი ჩართვა უნდა იყოს ძალიან რთული ნებისმიერი სახის აქტივობაში. თამაშის დროსაც, ბავშვი იწყებს თამაშს და ხუთ წუთში ახალზე გადადის. ბავშვი არის იმპულსური, უჭირს, რომ ადამიანს საუბარი დაასრულებინოს, მუდმივად თვითონ ერთვება, მისი სურვილი აუცილებლად წამყვანი უნდა იყოს.“
მარიამ ხვადაგიანი აღნიშნავს, რომ გაჯეტები და ეკრანდამოკიდებულება ყურადღების დეფიციტის სიმპტომებს აძლიერებს:
„გაჯეტების გავლენა ყველაფერში ძალიან დიდია. გაჯეტი ვერ იწვევს და არ იწვევს არცერთ სინდრომს. როდესაც ბავშვი მიჯაჭვულია ტელეფონს ან ტელევიზორს, სიმპტომები იმდენად ჰგავს აუტიზმს, ჰიპერაქტივობის და ყურადღების დეფიციტის სინდრომს, რომ ეს რთული გასამიჯნია. გაჯეტი ბევრად ამწვავებს ყურადღების კონცენტრაციის პრობლემას. კომპიუტერსა და ტელევიზორში კადრების მუდმივი ცვლაა. ბავშვები გადადიან ერთი ვიდეოდან მეორეზე, არ ელოდებიან დასრულებას. ეს იწვევს იმპულსურობას, ბავშვი კარგავს მოთმინების უნარს, ვერ ახერხებს ყურადღების კონცენტრაციას.“
„მნიშვნელოვანია მშობლების აღზრდის სტილი. თუ მშობელმა იცის, რომ ბავშვს უჭირს მეცადინეობა, მან არ უნდა აიძულოს ის, რომ ერთი საათის განმავლობაში დაჯდეს. უმჯობესია მისცეს 10 წუთიანი შესვენებები. შემდეგ ბავშვი თვითონ ისწავლის შესვენებას. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ხმაური, კარი და ფანჯარა უნდა იყოს დაკეტილი. უნდა ვიპოვოთ, ბავშვისთვის სწავლების რომელი სტილია უპირატესი, ვიღაც სმენით უკეთ სწავლობს, ვიღაც ვიზუალურად. კლასში გასათვალისწინებელია, სად უნდა იჯდეს ბავშვი, რომ არ გაეფანტოს ყურადღება. მნიშვნელოვანია მოტივაცია. როდესაც ბავშვს აიძულებ, რომ დაჯდეს, თუ მას არ უნდა, მისი მოტივაცია ძალიან დაბალია. სწავლების პროცესი უნდა იყოს საინტერესო. მე მქონდა ასეთი შემთხვევა: მასწავლებელმა მესამე კლასელი მოსწავლე იმიტომ გააგდო, რომ თანაკლასელთან საუბრობდა. პედაგოგმა უთხრა, ხელს ხომ არ გიშლითო. ბავშვმა უპასუხა, არ მიშლითო. ძალიან გალანძღეს ბავშვი, რომ უზრდელია, თავხედი, გააგდეს კლასიდან და დასტრესეს. მას დიდი დრო დასჭირდა სტრესიდან გამოსასვლელად,“ - აღნიშნავს მარიამ ხვადაგიანი.