Baby Bag

„ეს პრეპარატი არ მიიღოთ!“ - რომელი მედიკამენტები მივიღოთ და რომელი არა კორონავირუსთან ბრძოლის დროს

„ეს პრეპარატი არ მიიღოთ!“ - რომელი მედიკამენტები მივიღოთ და რომელი არა კორონავირუსთან ბრძოლის დროს

ექიმი ნანა სხილაძე მედიკამენტების მიღების შესახებ საკუთარ ​ბლოგზე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

​„პარაცეტამოლი შეგიძლიათ, დალიოთ 38-38.5 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დროს, 500 მგ-იანი 1 ცალი ტაბლეტი ზრდასრულებმა. ნუროფენი უფრო ეფექტურია ბავშვებში. პარაცეტამოლი შეგიძლიათ დალიოთ 5-6 საათში ერთხელ მხოლოდ!

პარაცეტამოლი მოქმედებს როგორც სიცხის დამწევი მხოლოდ 38 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე. უფრო ნაკლებ ტემპერატურაზე სიცხეს არ დაგიწევთ. მხოლოდ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს.

გაითვალისწინეთ, რომ პარაცეტამოლს ჭარბ დოზებში აქვს მძიმე ჰეპატოტოქსიური ეფექტები. მიღების დოზებს მოეკიდეთ ძალიან ფრთხილად და მოიხმარეთ საჭიროებისამებრ.

​​ნიმესილი - ეს პრეპარატი არ მიიღოთ! ამერიკაში და ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ნიმესილი უბრალოდ აკრძალულია. იმიტომ, რომ გაცილებით მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. კი, მესმის, ტკივილს შეიძლება ყველაზე კარგად აყუჩებს, მაგრამ როგორც გითხარით, ძალიან, ძალიან მავნეა ორგანიზმისთვის.

ანტიბიოტიკები - არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ თვითნებურად! ანტიბიოტიკი მოქმედებს ბაქტერიებზე. ჩვენს ორგანიზმში ძალიან ბევრი „მეგობარი“ ბაქტერიაა და ანტიბიოტიკი ასუსტებს მათ. შესაბამისად, ასუსტებს ორგანიზმსაც! გაითვალისწინეთ, რომ კორონა ვირუსია და არა ბაქტერია. ეს აბსოლიტურად სხვადასხვა ბიოტური ფორმაა!

ანტიბიოტიკი ინიშნება მხოლოდ კორონავისურით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევაში, მაგრამ ექიმის გასინჯვის გარეშე ვერ გაიგებთ, გაქვთ თუ არა პნევმონია.
მეორე მომენტი დოზის და მიღების პერიოდის სწორად შერჩევაა, რაც ექიმმა უნდა გააკეთოს. არასწორი მკურნალობა უფრო სახიფათოა, ვიდრე არმკურნალობა.


​ნუ მიიღებთ „იმუნიტეტის გასაძლიერებელ“ პრეპარატებს
. ვირუსის არსებობის შემთხვევაში ისინი უფრო მეტად შეუშლიან ხელს ორგანიზმს ბრძოლაში, ვიდრე დაეხმარებიან. ეს იგივეა, სკოლაში გაკვეთილს რომ კარგად ვყვებოდით და ოროსანი მერხის მეგობარი ცდილობდა, წიგნიდან ეკარნახა უმიზნო წინადადებები. ხელს გვიშლიდა, მეტი არაფერი..ასეა აქაც.

ასპირინი და კარდიომაგნილი არ მიიღოთ თვითნებურად. თქვენ ხომ არ იცით მომატებული გაქვთ თუ დე-დიმერი ან ფიბრინოგენი. და თუ არ გაქვთ და მაინც დალევთ, თქვენს ორგანიზმს აუცილებლად ავნებთ!

სითხეების დალევა აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია! წყალი ცალკე 2 ლიტრი მინიმუმ დღეში + ჩაი და დამატებითი სითხეები.

​მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე, გადაიტანეთ ყურადღება რამეზე, დაისვენეთ და მიეცით თქვენს იმუნურ სისტემას საშუალება „კონცენტრირდეს“ ვირუსთან ბრძოლაზე! მას ეს შეუძლია! თქვენს ორგანიზმში 1 და 2 კი არა, ასი ათასობით უჯრედი იბრძვის თქვენი ჯანმრთელობისთვის!

იმოძრავეთ ოთახში ზომიერების ფარგლებში, იყავით ფიზიკურად აქტიურები,“ - წერს ექიმი ნანა სხილაძე.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედებ​ის ჯგუფი“)

​იზოლაციის ხანგრძლივობა covid-19-ით ინფიცირების შემთხვევაში
რამდენი უნდა იყოს იზოლაციის ხანგრძლივობა covid-19-ით ინფიცირების შემთხვევაში? - აღნიშნულ თემაზე ექიმი ნანა სხილაძე წერს. გთავზობთ მის პოსტს უცვლელად:იზოლაციის ხანგრძლივობა covid-19-ით ინფიცირების...
​რა უნდა ვიცოდეთ D ვიტამინსა და კოვიდ-19-ზე?
​რა უნდა ვიცოდეთ D ვიტამინსა და კოვიდ-19-ზე, - აღნიშნულ თემაზე ექიმი ნანა სხილაძე წერს. გთავზობთ მის ​პოსტს უცვლელად:„D ვიტამინის პოტენციური როლისადმი ინტერესი მწვავე რესპირატორული ინფე...
მარი მალაზონია ასახელებს პროდუქტებს, რომელთა მიღება სასარგებლოა კორონავირუსთან ბრძოლის დრო...
კვლევებით დასტურდება, რომ პაციენტებში მელატონინის დაბალი დონე და სეროტონინის მაჩვენებლის მკვეთრი კლება აუარესებს ​კოვიდ-19-ის მართვას. გადაცემაში ,,პირადი ექიმი'' მარი მალაზონია ასახელე...
„არ არსებობს გრიპი, რომელიც იწყება 37 ტემპერატურით და შემდეგ ადის მაღალ ციფრებამდე,“ - ინ...
​​ინფექციონისტი ფატი გაბუნია სეზონური გრიპის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას მწვავე მიმდინარეობა ახასიათებს:„გრიპი გახლავთ მწვავე დაავადება მძიმე მიმდინარეობით. მოწმენდილ ცაზე დილას ავდექი...
კორონავირუსის დროს უნდა ისწავლოთ სწორად სუნთქვა - ეს ინფექციის დამძიმებისგან დაგიცავთ!
COVID-ის მკურნალობა სახლის პირობებში - აღნიშულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. ექიმი საუბრობს თუ როგორ უნდა იწვეთ კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, ასევე საუბრობს სწორად...
,,წყლის ბუყბუყი'' - ფილტვების მარტივი სავარჯიშო
​რა უფრო სასარგებლოა: ბუშტის გაბერვა თუ წყლის ბუყბუყი? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში ,,პირადი ექიმი'' პულმონოლოგი, პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე საუბრობს. ნახეთ ფილტვების მარტივი სავარჯიშო...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ლიმფომას მრავალი ფორმის მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ლიმფომას მრავალი ფორმის მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა

მსოფლიოს მასშტაბით ლიმფომა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული ჰემატოლოგიური დაავადებაა. ამერიკის კიბოს საზოგადოების კვლევებით, 2023 წელს აშშ-ში 89,000 ადამიანს ლიმფომას დიაგნოზი დაუსვეს.

ამ თემაზე უფრო დეტალურად ​MomsEdu.ge-ს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ჰემატოლოგი, ონკოჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, აიდა გოზალოვა ესაუბრა.

- რა არის ლიმფომა და რა იწვევს ამ დაავადებას?

- ლიმფომა ჰემატოლოგიურ დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება. ის სხვა ავთვისებიანი დაავადებების ანალოგიურად ვითარდება მაშინ, როდესაც უჯრედები უკონტროლო გამრავლებას იწყებენ (T და B ლიმფოციტები).

დაავადების წარმოშობა, ძირითადად, მიმდინარეობს ლიმფოციტებში, რომლებიცადამიანს იცავენ სხვადასხვა ინფექციისგან, თუმცა ზოგჯერ თავად ტრანსფორმირდებიან სიმსივნედ. ლიმფომას შეუძლია დააზიანოს სხვა ორგანოებიც: კუჭი, ნაწლავი, ელენთა, ფილტვი, თავის ტვინი (ექსტრანოდალური ლიმფომები).

ზუსტი ეტიოლოგიური ფაქტორი არ არის ცნობილი, თუმცა ჩამოვთვლი ხელშემწყობ რისკ-ფაქტორებს:

1. თუ თქვენ გაქვთ ან გქონდათ HIV-ინფექცია, Epstein-Barr (მაგალითად, მონონუკლეოზი) და Kaposi’s sarcoma (KS);

2. მემკვიდრეობითი ისტორია - სიმსივნური დაავადებების,რადიაციის და გარკვეული ქიმიკატების ზემოქმედების;

3. იმუნოდეფიციტი - სამედიცინო მკურნალობის ან სხვა მიზეზებით გამოწვეული - ქიმიოთერაპიით ჩატარებული მკურნალობა, ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა (ვინაიდან საჭიროა იმუნოსუპრესანტების მიღება);

4. ასევე, ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადება.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რისკ-ფაქტორების არსებობა არ გულისხმობს, რომ აუცილებლად განვითარდება დაავადება.

- რა ტიპის ლიმფომები არსებობს?

- ლიმფომას ორი ძირითადი კატეგორია არსებობს:

● არაჰოჯკინის ლიმფომა (NHL), რომელიც შემთხვევების 90%-შია გამოვლენილი;

● ჰოჯკინის ლიმფომა (HL) ანუ ლიმფოგრანულომატოზი, რომელიც შემთხვევების 10%-ში ფიქსირდება.

არაჰოჯკინის ლიმფომა, რომლის 35-მდე ქვესახეობა არსებობს, იყოფა T დაB ლიმფოციტურ სიმსივნეებად, რომლებიც უმწიფარი ან მწიფე უჯრედებისგან ვითარდება.

ჰოჯკინის დაავადების დროს ლიმფურ ქსოვილში მიკროსკოპული დათვალიერებისას ვლინდება ბერეზოვსკი-შტენბერგ-რიდის გიგანტური უჯრედები.

ზოგადად, 70-ზე მეტი ლიმფომას ქვეტიპი არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გამოყოფს ორ კატეგორიას - იმუნოპროლიფერაციული დაავადებები და მრავლობითი მიელომა.

არსებობს ორნაირი ლიმფომა - აგრესიული (სწრაფად მზარდი)ან ინდოლენტური, რომელიც ნელა ვითარდება და დიდი ხნის განმავლობაში არ მოითხოვს სპეციფიკურ მკურნალობას. იმისათვის, რომ დავადგინოთ ლიმფომას ტიპი, საჭიროა ბიოფსიის შედეგად მიღებული მასალის ჰისტოლოგიური გამოკვლევა.

- ვინ არიან დაავადების რისკ-ჯგუფში?

- ლიმფომას უმეტესად 20-დან 40 წლამდე პაციენტებში, ასევე 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში ვხვდებით, ძალიან იშვიათად - 15 წლამდე ბავშვებში.

არაჰოჯკინის ლიმფომა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მე-7 ადგილზეა და ავადდებიან 60-დან 80 წლამდე ადამიანები, ძირითადად - მამაკაცები.

- რა სიმპტომები ახლავს ლიმფომას?

- ძირითადი სიმპტომებია:

ლიმფური კვანძების ზრდა და შეშუპება - ვითარდება ინფექციის გარეშე და ძირითადად მოიცავს კისრის, იღლიის, საზარდულის მიდამოს. შეშუპების ზრდა ძირითადად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს და ახასიათებს წონაში კლება (სხეულის საერთო მასა 10%-ზე ნაკლებია დიეტების გარეშე); ტემპერატურა და ოფლიანობა.

- როგორია დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები „ნიუ ჰოსპიტალსში“?

- დიაგნოსტირებისთვის პირველ ეტაპზე ვიწყებთ ანამნეზის შეგროვებას, შემდეგ იგეგმება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, ლიმფური კვანძის ბიოფსია ან ექსტირპაცია, ტრეპანობიოფსია, ძვლის ტვინის ფუნქციისა და ლაქტატდეჰიდროგენაზას განსაზღვრა, კომპიუტერული ტომოგრაფია, პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (დაავადების სტადიის და შემდგომ მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად).

მკურნალობა მოიცავს: ქიმიოთერაპიას, რადიაციულ თერაპიას, იმუნოთერაპიას, ტარგეტულ თერაპიას, CAR T-cell თერაპიას, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას.

კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის (აშშ) მონაცემებით, ის კატეგორია, რომელშიც სრული რემისია მკურნალობის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში გრძელდება, საბოლოოდ გამოჯანმრთელებულად შეიძლება ჩაითვალოს.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ლიმფომას მრავალი ფორმის მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა. კლინიკა დაკომპლექტებულია კვალიფიციური მედპერსონალით დაუზრუნველყოფილია ტექნიკური ბაზით, რომელიც ხელს უწყობს გართულებების მართვას, როგორცამბულატორიულ, ასევე - სტაციონარულ რეჟიმში.

- შესაძლებელია თუ არა დაავადების თავიდან არიდება?

- ლიმფომას შემთხვევაში არ არსებობს ადრეული დიაგნოზისთვის ჰემატოლოგიური ან ინსტრუმენტული გამოკვლევები. ყველას ვურჩევდი, რომ დაიცვან სწორი კვება, მოერიდონ მავნე ნივთიერებებს. ასევე, ყურადღება მიაქციეთ იმ სიმპტომებს, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე და მათი არსებობის შემთხვევაში დაგეგმეთ სპეციალისტთან ვიზიტი, ვინაიდან ადრეული დიაგნოსტირება უკეთეს შედეგამდე მიგვიყვანს.

R. 

წაიკითხეთ სრულად