ექიმი ნანა სხილაძე მედიკამენტების მიღების შესახებ საკუთარ ბლოგზე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„პარაცეტამოლი შეგიძლიათ, დალიოთ 38-38.5 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დროს, 500 მგ-იანი 1 ცალი ტაბლეტი ზრდასრულებმა. ნუროფენი უფრო ეფექტურია ბავშვებში. პარაცეტამოლი შეგიძლიათ დალიოთ 5-6 საათში ერთხელ მხოლოდ!
პარაცეტამოლი მოქმედებს როგორც სიცხის დამწევი მხოლოდ 38 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე. უფრო ნაკლებ ტემპერატურაზე სიცხეს არ დაგიწევთ. მხოლოდ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. გაითვალისწინეთ, რომ პარაცეტამოლს ჭარბ დოზებში აქვს მძიმე ჰეპატოტოქსიური ეფექტები. მიღების დოზებს მოეკიდეთ ძალიან ფრთხილად და მოიხმარეთ საჭიროებისამებრ.
ნიმესილი - ეს პრეპარატი არ მიიღოთ! ამერიკაში და ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ნიმესილი უბრალოდ აკრძალულია. იმიტომ, რომ გაცილებით მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. კი, მესმის, ტკივილს შეიძლება ყველაზე კარგად აყუჩებს, მაგრამ როგორც გითხარით, ძალიან, ძალიან მავნეა ორგანიზმისთვის. ანტიბიოტიკები - არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ თვითნებურად! ანტიბიოტიკი მოქმედებს ბაქტერიებზე. ჩვენს ორგანიზმში ძალიან ბევრი „მეგობარი“ ბაქტერიაა და ანტიბიოტიკი ასუსტებს მათ. შესაბამისად, ასუსტებს ორგანიზმსაც! გაითვალისწინეთ, რომ კორონა ვირუსია და არა ბაქტერია. ეს აბსოლიტურად სხვადასხვა ბიოტური ფორმაა!
ანტიბიოტიკი ინიშნება მხოლოდ კორონავისურით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევაში, მაგრამ ექიმის გასინჯვის გარეშე ვერ გაიგებთ, გაქვთ თუ არა პნევმონია.
მეორე მომენტი დოზის და მიღების პერიოდის სწორად შერჩევაა, რაც ექიმმა უნდა გააკეთოს. არასწორი მკურნალობა უფრო სახიფათოა, ვიდრე არმკურნალობა.
ნუ მიიღებთ „იმუნიტეტის გასაძლიერებელ“ პრეპარატებს. ვირუსის არსებობის შემთხვევაში ისინი უფრო მეტად შეუშლიან ხელს ორგანიზმს ბრძოლაში, ვიდრე დაეხმარებიან. ეს იგივეა, სკოლაში გაკვეთილს რომ კარგად ვყვებოდით და ოროსანი მერხის მეგობარი ცდილობდა, წიგნიდან ეკარნახა უმიზნო წინადადებები. ხელს გვიშლიდა, მეტი არაფერი..ასეა აქაც. ასპირინი და კარდიომაგნილი არ მიიღოთ თვითნებურად. თქვენ ხომ არ იცით მომატებული გაქვთ თუ დე-დიმერი ან ფიბრინოგენი. და თუ არ გაქვთ და მაინც დალევთ, თქვენს ორგანიზმს აუცილებლად ავნებთ!
სითხეების დალევა აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია! წყალი ცალკე 2 ლიტრი მინიმუმ დღეში + ჩაი და დამატებითი სითხეები.
მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე, გადაიტანეთ ყურადღება რამეზე, დაისვენეთ და მიეცით თქვენს იმუნურ სისტემას საშუალება „კონცენტრირდეს“ ვირუსთან ბრძოლაზე! მას ეს შეუძლია! თქვენს ორგანიზმში 1 და 2 კი არა, ასი ათასობით უჯრედი იბრძვის თქვენი ჯანმრთელობისთვის!
იმოძრავეთ ოთახში ზომიერების ფარგლებში, იყავით ფიზიკურად აქტიურები,“ - წერს ექიმი ნანა სხილაძე.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს ...'' - ზურაბ გურული კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის შესახებ
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ვაქცინაციასა და კორონავირუსის საწიმააღმდეგო პრეპარატის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:
,,ამერიკაში უკვე სერიოზულად შესუსტდა პანდემია. მოზრდილთა 37 % უკვე სრულად აცრილია, 54 %-ს კი ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. ვაქცინები მუშაობს! ფაქტი სახეზეა.
ახლა მთავარია ბავშვების ვაქცინაციაც ასევე წარმატებით განხორციელდეს და დაავადების გავრცელების ყველა წყარო ამოიკეტება რამდენიმე თვეში.
ამჟამად ფაიზერის ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში. დიდი ალბათობით FDA მალე გასცემს ავტორიზაციას 12-15 წლის მოზარდებში ვაქცინის გამოყენებაზე.
ყველაზე სასიამოვნო ცნობა კი ალბათ პფაიზერის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის ალბერტ ბურლას განცხადებაა, რომ წლის ბოლოსთვის კომპანია გამოუშვებს წამალს, რომელიც კოვიდის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მიღებისას მაქსიმალურად შეამცირებს ვირუსის გამრავლების უნარს და დაავადება ძალიან მსუბუქად წარიმართება.
კლინიკური კვლევის პროცესი ამ წამლის გამოსაცდელად უკვე დაიწყო მარტის პირველ რიცხვებში და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, FDA დიდი ალბათობით დაუბრკოლებლად დაამტკიცებს მისი გამოყენების უფლებას.
ეს წამალი ე.წ. პროტეაზების ინჰიბიტორებს მიეკუთვნება, იმავე კლასისაა, რომლებსაც "ც" ჰეპატიტის და შიდსის სამკურნალოდ იყენებენ და თრგუნავს იმ ფერმენტს, რომელიც ვირუსს სჭირდება ადამიანის უჯრედებში გასამრავლებლად.
ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს ...
მანამ კი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს,'' - აღნიშნავს ზურაბ გურული.