„არდადეგების გახანგრძლივების გამო აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება“ - მიხეილ ჩხენკელი
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ლ აპრილამდე გახანგრძლივდა. საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ამით აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება. მისივე ინფორმაციით, სამინისტროს შესაბამისი გეგმა შემუშავებული აქვს.
„ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1-ლ აპრილამდე გახანგრძლივდეს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა, რომელსაც სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები უახლოეს დღეებში გააცნობენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. ეს გეგმა გარანტიას იძლევა იმისა, რომ სასწავლო და აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“