ბოლო დროს იმატა დიაბეტით დაავადებული ბავშვების რიცხვმა. ნიშნები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ბავშვს შაქრიანი დიაბეტი აქვს, როგორ უნდა ავარიდოთ ეს დაავადება პატარას? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმი-ენდოკრინოლოგი მარიამ ფხალაძე.
- ქალბატონო მარიამ, თქვენი აზრით, რას უკავშირდება, ბოლო პერიოდში დიაბეტით დაავადებული ბავშვების რიცხვის ზრდა?
- ბევრი ფაქტორი არსებობს. ბავშვთა ასაკში, ზოგადად, არის ავტოიმუნური ტიპის დიაბეტი, ამის გარდა, რა თქმა უნდა, ეკოლოგიური, კვებითი ფაქტორები, რაც ხელს უწყობს დიაბეტით დაავადებულთა რიცხვის ზრდას. რაც შეეხება ვირუსებს, ისინი არ იწვევს დიაბეტის გამოვლენას, უბრალოდ მრავლობითი ვირუსული ინფექციების ფონზე ხდება პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის გამოვლენის დაჩქარება.
- რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა, რომ არ გამოეპაროს დიაბეტის კლინიკური ნიშნები?
- მშობელმა აუცილებელია, ყურადღება მიაქციოს: გაძლიერებულ წყურვილს, შარდვას და წონის კლებას.
- შაქრიანი დიაბეტი არის თუ არა გენეტიკური დაავადება? რომელი ხაზით გადადის, დედის თუ მამის?
- გენეტიკურად ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად, დიაბეტის სხვადასხვა ტიპი არსებობს, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში 90%-ით შესაძლებელია, ხოლო პირველი ტიპის დიაბეტის შემთხვევაში ძალიან მცირე, 20-25% შეიძლება იყოს. ბავშვთა ასაკში ძირითადად, პირველი ტიპია გავრცელებული და ამ შემთხვევაში, როდესაც არის ინსულინდამოკიდებული, ამ ტიპის შაქრიანი დიაბეტი ნაკლებად არის გენეტიკურად განწყობილი. თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, რომ გენეტიკა დატვირთული აქვთ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით.
- ვიცით, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. რა დოზით უნდა მივცეთ ტკბილეული ბავშვებს, საერთოდ უნდა ამოვიღოთ თუ არა კვების რაციონიდან?
- მინიმალური დოზით შესაძლებელია, მივაღებინოთ ჯანსაღი ტკბილეული, როგორიცაა შავი შოკოლადი და კვირაში ერთხელ ან ორჯერ კვების რაციონში ტკბილეული ჩავურთოთ, მაგალითად, ჩირის სახით. ზოგადად, ჯანმრთელობისთვის საზიანოა ტკბილი გაზიანი სასმელები, სწრაფი კვების ობიექტებიდან მიღებული არაჯანსაღი საკვები, ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, საზიანოა დიდი დოზით მიღებული ნამცხვრები, ტორტები, შოკოლადები და ა.შ.
- რამდენად ხშირია სტრესული ფაქტორით გამოწვეული დიაბეტი ბავშვებში?
- შესაძლებელია, სტრესმა მოახდინოს პროვოცირება და გამოვლენის დაჩქარება, მაგრამ დიაბეტის განვითარება, იმის გამო, რომ ბავშვმა გადაიტანა სტრესი, ეს პრაქტიკულად არ ხდება. როგორც უკვე ვთქვი, სტრესი უბრალოდ აჩქარებს.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბუნება არის ბრძენი, განსაცდელს მოავლენს მაშინ, როდესაც ეს საჭიროა,“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა
ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა კორონავირუსის პანდემიისადმი მოსახლეობის განწყობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გულგრილობა ან პანიკა საფრთხეზე არასწორი რეაქციაა:
“ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას ზუსტად მიესადაგება ალბერ კამიუს „შავი ჭირი.“ ქალაქში შავი ჭირია და ადამიანები ამის გაცნობიერებას გაურბიან. როდესაც გაცნობიერებას გაურბიხარ, იქ საბედისწერო შედეგი დგება. თუ ადეკვატური ხარ რეალობასთან დამოკიდებულებაში, აღიქვამ, იგებ, გამოხატავ, მაშინ ამ სიტუაციის მართვა და რეგულირება შეგიძლია. თუ საფრთხის პროპორციულია შენი შიში, მაშინ მასთან შესაბამისი დამოკიდებულება გექნება. თუ შიში იმაზე მეტია, ვიდრე საფრთხე, მაშინ ეს არის პანიკა. თუ გულგრილობას იჩენ და ამის დანახვას გაურბიხარ, მაშინ ჩვეულებრივ, ყოფით ენაზე რომ ვთქვათ, ბრიყვი ხარ. ეს არის, როდესაც პასუხისმგებლობას გაურბიხარ არსებულ ვითარებასთან მიმართებაში.“
ნანა ჩაჩუას თქმით, ყველაზე ლოგიკური დამოკიდებულება იმ ადამიანებს ჰქონდათ, რომელთა რეაქცია საფრთხის პროპორციული იყო:
„დღევანდელი ქართული საზოგადოების მდგომარეობა ასეთია. თავდაპირველი რეაქცია ნაწილში იყო გულგრილი, შეიძლება ითქვას, ბრიყვული. გარკვეულ ნაწილში ეს ახლაც გრძელდება. მეორე ნაწილში იყო პანიკური მდგომარეობა. იყო საზოგადოების ის ნაწილიც, რომლის რეაგირება, აღქმა და გამოხატვა იმისა, რაც ხდებოდა, იყო პროპორციული. პირველ ეტაპზე სწორედ ამ ნაწილის დახმარებით გახდა მართვადი სიტუაცია.“
ნანა ჩაჩუა აცხადებს, რომ ადამიანები რეალობას არ უნდა გაურბოდნენ და არასწორი ქცევის კორექტირებას უნდა ცდილობდნენ:
„შემდეგ მოხდა ის, რაც ხდება კამიუს „შავ ჭირში.“ კარანტინში მყოფ ადამიანს შეყვარებული ჰყავს ქალაქგარეთ და ყველა ღონისძიებას უნდა მიმართოს, რომ მას შეხვდეს. ეს არის რეალობიდან გაქცევა. ეს არ არის სიყვარული. ეს დამოკიდებულება არის საკორექციო. დღეს შეგვახსენა ჩვენმა წარსულმა თავი, რომლის დავიწყებასაც მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ. ძველ საქართველოში ჩვენ ერთმანეთს ვესალმებოდით მკერდზე ხელის მიდებით და თავის დახრით. ამას მეც შევესწარი.“
„ბუნება არის ბრძენი, განსაცდელს მოავლენს მაშინ, როდესაც ეს საჭიროა. თუ განსაცდელის საჭიროებას ჩვენ ადეკვატურად მივხვდებით, დავფიქრდებით, თვითჩაღრმავების პროცესში გადავიყვანთ ჩვენი აზროვნების მიმართულებას, რომელიც სულ გარეთ გარბის ბრჭყვიალა საგნებისკენ, დროსტარებისკენ, დავფიქრდებით იმაზე, რომ სიცოცხლე უპირველესია, მაშინ მივხვდებით, რომ სიცოცხლისა და სიკვდილის ერთიანობა კიდევ უფრო უპირველესია. სადაც სიცოცხლეა, იქ სიკვდილი არსებობს. სიკვდილი, რომელიც სიცოცხლეში მოპოვებული გაქვს, არის სწორედ „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი.“ ჩვენ ყველანაირად მოგვეცა ახლა საშუალება XXI საუკუნის დასაწყისში, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, გავიხსენოთ, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და ვართ პასუხისმგებელი საკუთარი თავის, საზოგადოების, ბუნების წინაშე,“ - აღნიშნავს ნანა ჩაჩუა