Baby Bag

„კომპიუტერული ტომოგრაფია არც ყველა კოვიდინფიცირებულს ესაჭიროება და არც ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს“ - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი

„კომპიუტერული ტომოგრაფია არც ყველა კოვიდინფიცირებულს ესაჭიროება და არც ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს“ - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი

„კომპიუტერული ტომოგრაფია არც ყველა კოვიდინფიცირებულს ესაჭიროება და არც ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ანი ქავთარაძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს ​სიტყვა-სიტყვით:

„ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის (რა თქმა უნდა, არ დავასახელებ) რეკლამა შემხვდა, სადაც ისინი დაბეჯითებით წერდნენ, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) არის რადიოლოგიური კვლევა, რომელიც რეკომენდებულია ყველა კოვიდგადატანილი პაციენტისთვის!
მინდა ცალსახად და ხაზგასმით აღვნიშო, რომ ეს ასე არ არის! ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით, ზემოაღნიშნულის არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს!
რა არის კტ?
ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, კტ ახდენს სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული რენტგენოლოგიური სურათების კომპიუტერულ დამუშავებას და ქმნის ორგანოთა შრეობრივ ვიზუალიზაციას.

​შესაბამისად, კტ გვაძლევს უფრო დეტალურ ინფორმაციას ვიდრე რენტგენი, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშოთ, რომ მის ინფორმატიულობასთან და მაღალ დიაგნოსტიკურ ღირებულებასთან ერთად, გაცილებით უფრო მეტია დასხივების დონე, ვიდრე რენტგენის შემთხვევაში.

​დასხივების დოზა, ისაზღვრება სივერტებში (mSv).

მაგალითად, გულ-მკერდის რენტგენოგრაფიის შემთხვევაში, მოზრდილი ადამიანი სხივდება 0.1 mSv-ით, რაც უდრის დაახლოებით 10 დღის ბუნებრივი დასხივების დოზას, როგორსაც ჩვენ მუდმივად ვიღებთ მთელი ცხოვრების მანძილზე.

​გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის შემთხვევაში კი 7mSv, რაც 2-წლიანი, ბუნებრივი დასხივების დოზას უდრის! და ეს, არც ისე ცოტაა!

​აქედან დასკვნა: კტ კვლევა უნდა ჩატარდეს, მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული ჩვენებებით!

​ყველა ჩვენებას აქ ვერც და არც ჩამოვთვლი, მაგრამ კიდევ ერთხელ, ერთმნიშვნელოვნად გეტყვით, რომ კტ კვლევა არც ყველა კოვიდინფიცირებულს ესაჭიროება და არც ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს!

​ასე რომ, ძალიან გთხოვთ, პაციენტებს თქვენი ინიციატივით ან/და ასეთ რეკლამებზე დაყრდნობით, ნუ ჩაიტარებთ ზემოაღნიშნულს კვლევას!

​P. S. აქვე, უაღრესად დიდ პატივს ვცემ ამ კვლევას და ჩემს მეგობარ რადიოლოგებს, მაგრამ ყველაფერი საჭიროებისამებრ, საჭირო დროს.

​P. S. S. პოსტი კლინიკამ უკვე აიღო.

​იმედი მაქვს, სხვებიც გაითვალისწინებენ“, - წერს ექიმი საკუთარ ბლოგზე.

შეიძლება დაინტერესდეთ

ვაქცინირებული პირებისთვის როდის არის დასაშვები შენობაში ყოფნა ნიღბის გარეშე, კარანტინის და ტესტირებისგან თავის აცილება...

ვაქცინირებული პირებისთვის როდის არის დასაშვები შენობაში ყოფნა ნიღბის გარეშე, კარანტინის და ტესტირებისგან თავის აცილება...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი იმ შეზღუდვების შესახებ წერს, რომლებიც კორონავირუსზე ვაქცინირებული პირებისთვის კვლავ ძალაში რჩება.

„აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 8 მარტს განაახლა რეკომენდაციები კორონავირუსზე ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების წესების შესახებ.

რეკომენდაციების მიხედვით სრულად ვაქცინირებული ადამიანებისათვის კვლავ ძალაშია:
  • საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბის ტარება და ფიზიკური დისტანცირება
  • საშუალო და დიდი ზომის თავშეყრაში მონაწილეობის აკრძალვა
  • შესაბამისი სიმპტომების შემთხვევაში კოვიდზე ტესტირება
  • ცალკეული კომპანიის მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულება
  • მოგზაურობისას დაწესებული შეზღუდვები
  • ნიღბის ტარება და ფიზიკური დისტანცირება იმ არავაქცინირებულ პირთან ერთად ყოფნის დროს, ვისაც აქვს კოვიდის გართულებების მაღალი რისკი ან ყავს მაღალი რისკის ოჯახის წევრი
  • ნიღბის ტარება და ფიზიკური დისტანცირება სხვადასხვა ოჯახების არავაქცინირებულ წარმომადგენლებთან ერთად ყოფნის დროს.
სრულად ვაქცინირებული პირებისთვის დაშვებულია შემდეგი:
  • სხვა ვაქცინირებულ პირებთან ერთად შენობაში ყოფნა ნიღბის გარეშე
  • ნიღბის გარეშე ერთი ოჯახის წარმომადგენელ იმ არავაქცინირებულ პირებთან ერთად შენობაში ყოფნა, რომელთაც აქვთ კოვიდ გართულების დაბალი რისკი
  • კოვიდთან კონტაქტის შემდეგ სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში კარანტინის და ტესტირებისგან თავის აცილება,“ - წერს მაია ბუწაშვილი.

წაიკითხეთ სრულად