რისკ-ჯგუფში მყოფი ყველა პაციენტიც არ საჭიროებს ამგვარ ზედამხედველობას, თუ მათი თანდართული პრობლემები კარგად არის მართული. მაგალითად, ზედმიწევნით კარგად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტი მსუბუქი კოვიდ-ინფექციით, შეიძლება დარჩეს სახლში და თავად მართოს პროცესი, ისევე როგორც მოიქცეოდა სეზონური გრიპის შემთხვევაში.
თუმცა, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ სიმპტომებს დინამიკაში და ექიმთან მიმართვის გადაწყვეტილებას ყოველდღიურ რეჟიმში გადავხედოთ. როგორც წესი, კლინიკურად, პაციენტის დამძიმება დაავადების დაწყებიდან ერთ კვირაში ხდება ხოლმე (თუ ასეთი ალბათობა აქვს პაციენტს) და რისკ-ჯგუფები ამ ეტაპზე განსაკუთრებულ დაკვირვებას ითხოვენ. ასეთ დროს ძალიან დაბალია სრული კლინიკური კვლევის აუცილებლობის ზღურბლი. ზოგიერთ მათგანს შეიძლება ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდეს. დღესდღეობით არ არსებობს არანაირი სპეციფიკური კრიტერიუმი, რის მიხედვითაც გართულებების ან დაავადების დამძიმების პროგნოზირების სრული შესაძლებლობა გვექნებოდა მსუბუქი ფორმებით ინფიცირებულებში. ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში არსებობს სპეციალური რისკის შკალები, რაც კლინიკური გამოსავლის მეტნაკლებად პროგნოზირების საშულებას იძლევა, თუმცა მათი გამოყენება მკურნალობის სტანდარტს ჯერჯერობით არ წარმოადგენს.
დაავადების გაუარესების კლინიკური ნიშნები:
მსუბუქი დისპნეა – სუნთქვის უკმარისობა არ იწვევს ჩვეულებრივი, ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვას და ის გამოხატულია მხოლოდ უჩვეულო დატვირთვისას, მაგალითად, სწრაფი სიარულის, ან ერთი თუ ორი სართულით კიბეზე ასვლისას.
საშუალო სიმძიმის დისპნეა – სუნთქვის უკმარისობა გიზღუდავთ ჩვეულებრივ აქტივობებს (გამოხატულია სამზარეულოში საკვების მომზადებისას, ვერ ადიხართ კიბეებზე შესვენების გარეშე, ვერ ალაგებთ სახლს).
მძიმე დისპნეა – სუნთქვის უკმარისობა გამოხატულია დასვენების დროსაც; ვერ ახერხებთ მარტივ მოძრაობებს, მაგალითად, ტანსაცმლის ჩაცმას.
დაავადების დინამიკის შეფასებას მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ გავიგოთ შეგვიძლია მკურნალობის სახლში გაგრძელება, თუ დროა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.
თუ დაავადების ჩვეულ მიმდინარეობას ახალი, რთულად ასატანი სიმპტომები დაერთო, ან მდგომარეობა გაუარესდა, აუცილებელია სრული დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარება. ზემოთ ჩამოთვლილ ტესტებთან ერთად სასურველია სეზონურ ვირუსულ ინფექციებზეც ჩატარდეს კვლევა და ასევე, თუ შესაძლებელია ჩატარდეს რადიოლოგიური დიაგნოსტიკა ზემოთ ნახსენები სქემით.
საშუალო სიმძიმის დაავადების შემთხვევაში ზედმიწევნით ფრთხილად უნდა გამოიყოს პაციენტთა ჯგუფი, რომელიც დროულ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს; რისკის ფაქტორების ან უარყოფითი დინამიკის ტემპის გათვალისწინებით. დანარჩენების მართვა კი ექიმის ყოველდღიური მეთვალყურეობის ქვეშ შესაძლებელია სახლში გაგრძელდეს.
საშუალო სიმძიმის დაავადების კრიტერიუმებია:
ჰიპოქსიის გარეშე მიმდინარე რადიოგრაფიულად დადასტურებული ქვედა სასუნთქი გზების დაავადება (პნევმონია), სატურაცია (სისხლში ჟანგბადის პროცენტული შემცველობა) >94% ოთახის ჰაერზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არ გამოგვეპაროს მძიმედ მიმდინარე დაავადება და ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ ამგვარი პაციენტის დროული ჰოსპიტალიზაციისთვის.
მძიმედ მიმდინარე დაავადების კრიტერიუმებია:
- გამოხატული ტაქიპნოე (სუნთქვის სიხშირე >30 წუთში)
- ჰიპოქსია (სატურაცია <93%, სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევის შეფარდება ჩასუნთქული ჟანგბადის ფრაქციასთან <300, ეგრეთ წოდებული PF ratio)
- რადიოლოგიური კვლევით დადასტურებული ინფილტრატები ფილტვებში >50%
ცხადია, მძიმედ მიმდინარე დაავადება სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს. ამგვარი მიდგომა დაგჭირდებათ ასევე იმ პაციენტების მიმართაც, ვისაც მნიშვნელოვანი ქრონიკული დაავადებების გამწვავება აღენიშნება და ეს ართულებს კოვიდის შედარებით მსუბუქი ფორმის სახლში მართვას. სწორად შერჩეული პაციენტის დროული ჰოსპიტალიზაცია კრიტიკულად აუცილებელია საიმედო კლინიკური გამოსავლისათვის.
ჰოსპიტალიზირებულ პაციენტს პირველ ეტაპზე სჭირდება ის ტესტები, რაც ზემოთ არის მითითებული. დამატებით, აუცილებელია ელექტროკარდიოგრამა, რადგან ამგვარ პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები და მკურნალობისას ელექტროკარდიოგრამაზე შესაბამისი ცვლილებების დროულ აღმოჩენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლისათვის საშიში არითმიების თავიდან ასარიდებლად.“
შეგახსენებთ, რომ დღემდე საქართველოში კოვიდ-19-ის 123470 შემთხვევაა აღრიცხული. ბოლო 24 საათში კორონავირუსი 4780 ადამიანს დაუდასტურდა.
არ დაგავიწყდეთ !!!
დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები