Baby Bag

დაავადების გაუარესების კლინიკური ნიშნები კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ადამიანებში - ექიმი ნანა გეგეჭკორი

დაავადების გაუარესების კლინიკური ნიშნები კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ადამიანებში - ექიმი ნანა გეგეჭკორი

ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ვრცელ გზამკვლევს აქვეყნებს, რომელშიც ის ადამიანებს დეტალურად უხსნის ​კოვიდ-19-ის დამძიმების ნიშნებს და გამოკვეთს სხვადასხვა ხარისხის სუნთქვის უკმარისობისთვის დამახასიათებელ სიმპტომატიკას. ნანა გეგეჭკორის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

​მსუბუქი ფორმით დაავადებულ პაციენტებს ექიმის სპეციალური მეთვალყურეობა არ სჭირდებათ, თუ ისინი არ განეკუთვნებიან რისკ-ჯგუფებს!

რისკ-ჯგუფში მყოფი ყველა პაციენტიც არ საჭიროებს ამგვარ ზედამხედველობას, თუ მათი თანდართული პრობლემები კარგად არის მართული. მაგალითად, ზედმიწევნით კარგად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტი მსუბუქი კოვიდ-ინფექციით, შეიძლება დარჩეს სახლში და თავად მართოს პროცესი, ისევე როგორც მოიქცეოდა სეზონური გრიპის შემთხვევაში.

თუმცა, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ სიმპტომებს დინამიკაში და ექიმთან მიმართვის გადაწყვეტილებას ყოველდღიურ რეჟიმში გადავხედოთ. როგორც წესი, კლინიკურად, პაციენტის დამძიმება დაავადების დაწყებიდან ერთ კვირაში ხდება ხოლმე (თუ ასეთი ალბათობა აქვს პაციენტს) და რისკ-ჯგუფები ამ ეტაპზე განსაკუთრებულ დაკვირვებას ითხოვენ. ასეთ დროს ძალიან დაბალია სრული კლინიკური კვლევის აუცილებლობის ზღურბლი. ზოგიერთ მათგანს შეიძლება ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდეს. დღესდღეობით არ არსებობს არანაირი სპეციფიკური კრიტერიუმი, რის მიხედვითაც გართულებების ან დაავადების დამძიმების პროგნოზირების სრული შესაძლებლობა გვექნებოდა მსუბუქი ფორმებით ინფიცირებულებში. ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში არსებობს სპეციალური რისკის შკალები, რაც კლინიკური გამოსავლის მეტნაკლებად პროგნოზირების საშულებას იძლევა, თუმცა მათი გამოყენება მკურნალობის სტანდარტს ჯერჯერობით არ წარმოადგენს.

დაავადების გაუარესების კლინიკური ნიშნები:

  • უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება არ გაძლევთ მოძრაობის საშუალებას.
  • გონების ნაწილობრივი ან სრული დაბინდვა, უჩვეულო აგზნება, გამოხატული მოუსვენრობა სხვა სიმპტომებთან ერთად.
  • მაღალი ტემპერატურა არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას.
  • გამოხატული სუნთქვის უკმარისობა.
  • ტკივილი, უჩვეულო სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში (ტკივილის ხასიათი არ იცვლება მოძრაობისას სუნთქვის ფაზებთან მიმართებაში. ტკივილის გამოწვევა ან დაყუჩება ან ხასიათის ცვლილება შეუძლებელია შეხებით. ტკივილი გადაეცემა ქვედა ყბას, კისერს, ზემო კიდურებს, ბეჭის მიმდებარე ტერიტორიას ან მუცლის ზედა კვადრანტს).
  • უჩვეულო ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა), ნორმალური გულისცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 100-ს წუთში მცირედი დატვირთვისას.
  • საკმარისი რაოდენობით საკვების და სითხის მიღების შეუძლებლობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომების გამო.
  • დიარეის და ღებინების ხშირი ეპიზოდები, რამაც შეიძლება სერიოზული დეჰიდრატაცია გამოიწვიოს.
  • ​ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება (ასეთ შემთხვევაში ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი უნდა გამოირიცხოს).
  • სუნთქვის გამოხატული უკმარისობა.
  • სუნთქვის უკმარისობის კლინიკური ნიშნები:

  • ჩვეულებრივი აქტივობები ხდება უჩვეულოდ შეუძლებელი სუნთქვის გაძნელების გამო.
  • სუნთქავთ უფრო ჩქარა და მძიმედ, ვიდრე ჩვეულებრივ (სუნთქვის სიხშირე მოზრდილებში ნორმის მიხედვით არ აღემატება 18-20-ს წუთში).
  • ჩვეულებრივი აქტივობა იწვევს თავბრუსხვევას.
  • ვისაც პულსოქსიმეტრზე მიგიწვდებათ ხელი, ​სატურაცია ნორმალურ მდგომარეობაში უნდა აღემატებოდეს 95%. თუ სატურაცია <92%-ზე, ოთახის ჰაერზე ყოფნისას, პაციენტს ესაჭიროება სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.
  • პროდუქტიული ხველა, იგულისხმება დიდი რაოდენობით ნახველი რომლის ევაკუაცია (ამოხველება) გართულებულია. ასეთ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს თანდართული ბაქტერიული პნევმონია. კოვიდს უმეტესად მშრალი ხველა ახასიათებს.
  • ქოშინი მინიმალური დატვირთვისას.
  • სუნთქვის უკმარისობის (დისპნეა) ხარისხები:

    მსუბუქი დისპნეა – სუნთქვის უკმარისობა არ იწვევს ჩვეულებრივი, ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვას და ის გამოხატულია მხოლოდ უჩვეულო დატვირთვისას, მაგალითად, სწრაფი სიარულის, ან ერთი თუ ორი სართულით კიბეზე ასვლისას.

    საშუალო სიმძიმის დისპნეა – სუნთქვის უკმარისობა გიზღუდავთ ჩვეულებრივ აქტივობებს (გამოხატულია სამზარეულოში საკვების მომზადებისას, ვერ ადიხართ კიბეებზე შესვენების გარეშე, ვერ ალაგებთ სახლს).

    მძიმე დისპნეა – ​სუნთქვის უკმარისობა გამოხატულია დასვენების დროსაც; ვერ ახერხებთ მარტივ მოძრაობებს, მაგალითად, ტანსაცმლის ჩაცმას.

    დაავადების დინამიკის შეფასებას მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ გავიგოთ შეგვიძლია მკურნალობის სახლში გაგრძელება, თუ დროა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.

    თუ დაავადების ჩვეულ მიმდინარეობას ახალი, რთულად ასატანი სიმპტომები დაერთო, ან მდგომარეობა გაუარესდა, აუცილებელია სრული დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარება. ზემოთ ჩამოთვლილ ტესტებთან ერთად სასურველია სეზონურ ვირუსულ ინფექციებზეც ჩატარდეს კვლევა და ასევე, თუ შესაძლებელია ჩატარდეს რადიოლოგიური დიაგნოსტიკა ზემოთ ნახსენები სქემით.

    საშუალო სიმძიმის დაავადების შემთხვევაში ზედმიწევნით ფრთხილად უნდა გამოიყოს პაციენტთა ჯგუფი, რომელიც დროულ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს; რისკის ფაქტორების ან უარყოფითი დინამიკის ტემპის გათვალისწინებით. დანარჩენების მართვა კი ექიმის ყოველდღიური მეთვალყურეობის ქვეშ შესაძლებელია სახლში გაგრძელდეს.

    საშუალო სიმძიმის დაავადების კრიტერიუმებია:

    ჰიპოქსიის გარეშე მიმდინარე რადიოგრაფიულად დადასტურებული ქვედა სასუნთქი გზების დაავადება (პნევმონია), სატურაცია (სისხლში ჟანგბადის პროცენტული შემცველობა) >94% ოთახის ჰაერზე.

    განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არ გამოგვეპაროს მძიმედ მიმდინარე დაავადება და ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ ამგვარი პაციენტის დროული ჰოსპიტალიზაციისთვის.

    მძიმედ მიმდინარე დაავადების კრიტერიუმებია:

    - გამოხატული ტაქიპნოე (სუნთქვის სიხშირე >30 წუთში)

    - ჰიპოქსია (სატურაცია <93%, სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევის შეფარდება ჩასუნთქული ჟანგბადის ფრაქციასთან <300, ეგრეთ წოდებული PF ratio)

    - რადიოლოგიური კვლევით დადასტურებული ინფილტრატები ფილტვებში >50%

    ცხადია, მ​ძიმედ მიმდინარე დაავადება სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს. ამგვარი მიდგომა დაგჭირდებათ ასევე იმ პაციენტების მიმართაც, ვისაც მნიშვნელოვანი ქრონიკული დაავადებების გამწვავება აღენიშნება და ეს ართულებს კოვიდის შედარებით მსუბუქი ფორმის სახლში მართვას. სწორად შერჩეული პაციენტის დროული ჰოსპიტალიზაცია კრიტიკულად აუცილებელია საიმედო კლინიკური გამოსავლისათვის.

    ჰოსპიტალიზირებულ პაციენტს პირველ ეტაპზე სჭირდება ის ტესტები, რაც ზემოთ არის მითითებული. დამატებით, აუცილებელია ელექტროკარდიოგრამა, რადგან ამგვარ პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები და მკურნალობისას ელექტროკარდიოგრამაზე შესაბამისი ცვლილებების დროულ აღმოჩენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლისათვის საშიში არითმიების თავიდან ასარიდებლად.“

    შეგახსენებთ, რომ დღემდე საქართველოში კოვიდ-19-ის 123470 შემთხვევაა აღრიცხული. ბოლო 24 საათში კორონავირუსი 4780 ადამიანს დაუდასტურდა.

    ​წყარო

    არ დაგავიწყდეთ !!!

    დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

    „მინდა, რომ ადამიანებმა ეს შეცდომა არ დაუშვან,“ - იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი
    ​​იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი იმ მითების შესახებ საუბრობს, რომლებიც კორონავირუსული ინფექციის შესახებ საზოგადოებაში აქტიურად ვრცელდება. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია ლევოფლოქსაცინის ეფ...

    შეიძლება დაინტერესდეთ

    ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ - პედიატრის რჩევა, რომელიც ბავშვის გაკაჟებას უწყობს ხელს

    ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ - პედიატრის რჩევა, რომელიც ბავშვის გაკაჟებას უწყობს ხელს

    პედიატრი, ყარამან ფაღავა საუბრობს, თუ რა უწყობს ხელს ბავშვის გაკაჟებას და რა დროს უშვებს მშობელი შეცდომას, როდესაც საქმე ბავშვის ავადობას ეხება.

    ​,,სველი ტილოთი ტანის დაზელვა, ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ... მე 75 წლის გახლავართ. დაახლოებით, 40-50 წელია, სიცხე არ მქონია. რატომ? ყოველდღე ცივ წყალს ვიღებ, განა არ მეზარება - მეზარება, მაგრამ ამის შემდგომ თავს ისე კარგად ვგრძნობ. ჩვევაშიც მაქვს გადასული.

    რასაკვირველია, არცერთ მშობელს აქვს სურვილი, რომ მისი შვილი ავად იყოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. ძირითადად, რასაკვირველია, უცოდინრობის გამო - საკუთარი ქცევით ხელს უწყობენ იმას, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. თავიდან დავიწყოთ - ჩასახვის პერიოდში დედ-მამა რომ ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იქნებიან, რა გასაკვირია, რომ ბავშვი ავად იქნება. იგივეა, როცა ორსულობის დროს ქალი სიგარეტს ეწევა", - აღნიშნავს ყარამან ფაღავა. 

    წაიკითხეთ სრულად