როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„აუცილებელია, მშობლებმა გადავლახოთ შინაგანი სტრესი და შფოთვა იმისა, რომ ბავშვმა შეიძლება იტიროს,“- ფსიქოლოგი ნინო ბუაძე
ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ მშობლებს მოუწოდა გადალახონ შინაგანი სტრესი იმის გამო, რომ შეიძლება ბავშვმა მათთან განშორებისას იტიროს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში წასვლამდე მშობელი შვილს დაემშვიდობოს:
„აუცილებელია, მშობლებმა გადავლახოთ ეს შინაგანი სტრესი და შფოთვა იმისა, რომ ბავშვმა შეიძლება იტიროს. თუნდაც განშორების დროს, მაგალითად, როდესაც დედა სამსახურში მიდის, ურჩევნია ბავშვის ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, ან ბებიამ გაიყვანოს ბავშვი, ვიდრე დაემშვიდობოს. სინამდვილეში, პირიქით, როდესაც მშობელი რაღაც რიტუალს ასრულებს, რომ მე სამსახურში მივდივარ და ამ დროს გეხუტები, გემშვიდობები, ეს გაცილებით მშვიდი, ეფექტიანი და ბავშვისთვის სასარგებლოა, ვიდრე იმ მიზნით მისი მოტყუება, რომ სტრესი არ მიიღოს.“
ნინო ბუაძის თქმით, ბავშვებს, რომლესაც მშობლები სახლიდან ეპარებიან, მუდმივი შიში აქვთ იმისა, რომ დედა მოულოდნელად წავა სახლიდან:
„მშობლები ხშირად საუბრობენ: „როდესაც სახლში ვარ, სულ დამსდევს, დამყვება, მეკითხება: ხომ არ წახვალ?“ მას არ აქვს განცდა, რომ დედა შეიძლება იყოს სტაბილურად მასთან, ვინაიდან დედა მოულოდნელად მიდის. მთელი დღის განმავლობაში ბავშვს აქვს შფოთვა იმისა, რომ დედა არ გავიდეს მოულოდნელად სახლიდან. მნიშვნელოვანია, ბავშვს დავემშვიდობოთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს ჩვენთვისაც და ბავშვისთვისაც იყოს მატრავმირებელი, იტიროს და ამან გული აგვიჩუყოს.“
„ბავშვს ეცოდინება, რომ მხოლოდ ამ დამშვიდობების ხელის დაქნევით წყდება ჩვენს შორის ხანმოკლედ კავშირი. როდესაც დედა ბრუნდება, ის არის სრულად ჩემი,“- აღნიშნულ საკითხზე ნინო ბუაძემ „აზროვნების აკადემიაში“ ისაუბრა.