როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მე განსაკუთრებით ვურჩევ ბავშვებს 4 წლის ასაკიდან ციგურებით დატვირთვას,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური დატვირთვისას ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვი გადაღლისგან უნდა დავიცვათ:
„ყველა მშობელი ცდილობს, რომ ბავშვი ჩააბას წრეებში. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება სავალალო შედეგებამდეც მივიდეთ. მოზრდილებში არის ე.წ. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ამ ასაკმა უკვე გადმოინაცვლა ბავშვებშიც. ეს 8-9-10 წლის ასაკის ბავშვებშიც შეიძლება შეგვხვდეს. ბავშვები ხუთ საათამდე არიან სკოლაში, შემდეგ გამოჰყავთ და მიჰყავთ ერთ წრეზე, ერთი-ორი საათის შემდეგ მეორე წრეზე. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მივიდეთ სავალალო შედეგამდეც.“
თემურ მიქელაძის თქმით, ბავშვი სპორტული აქტივობებით უმეტესად 5-6 წლის ასაკიდან უნდა დავტვირთოთ:
„სპორტული აქტივობებით ბავშვს ვტვირთავთ 5-6 წლის ასაკიდან. მე განსაკუთრებით ვურჩევ ბავშვებს 4 წლის ასაკიდან ციგურებით დატვირთვას. თავიდან მაქსიმალურად მცირე დატვირთვით უნდა დატვირთონ ბავშვი. სასურველია, რომ სპორტული წრეები იყოს კვირაში ორჯერ ან სამჯერ.“
„ექვსი წლის ასაკიდან აქტიური სპორტითაც შეიძლება დაკავდეს ბავშვი, როგორიც არის ფეხბურთი. 9-10 წლის ასაკიდან ბიჭები შეგვიძლია შევიყვანოთ რაგბზე. ექიმმა აუცილებლად უნდა შეამოწმოს, რამდენად არის ფიზიკურად მომზადებული ბავშვი. ბავშვს სწავლის აღქმა უვითარდება დღის პირველ ნახევარში, დაახლოებით, ორ საათამდე. ფიზიკურად ბავშვი შეიძლება დაიტვირთოს უფრო ხშირად დღის პირველ ნახევარში, დაახლოებით, ოთხ საათამდე. საღამოს შვიდი-რვა საათის შემდეგ ბავშვი ფიზიკურად არ უნდა დაიტვირთოს. ხუთი-ექვსი საათის შემდეგ ბავშვმა უნდა მოისვენოს,“ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.