როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ამაგი დასდეთ თქვენს შვილებს. ეს იქნება დედის ამაგის გადახდის ყველაზე კარგი ფორმა,“ - შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ადამიანის ცხოვრებაში მშობლის უდიდესი როლის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ არავის შეუძლია მშობლის ამაგის გადახდა:
„მშობლის ამაგი იმდენად დიდია, რომ ჩვენი ცხოვრება დასრულდება და მაინც ვერ გადავიხდით ამ ამაგს. მშობელს ვერ გადავუხდით. ის წავა ცხოვრებიდან რაღაც დროს და გულში მაინც დაგვრჩება ხინჯი: „ხომ შემეძლო ესეც გამეკეთებინა და ბევრი რამე.“ ქართველ ხალხს ანდაზა აქვს ძალიან კარგი: „ხელის გულზე რომ ერბო კვერცხი მოიწვა, მშობლის ამაგს მაინც ვერ გადაიხდი.“ დედის ზრუნვა იმდენად ძვირადღირებული რამ არის, რომ ვერ გადავუხდით.“
შალვა ამონაშვილის თქმით, მშობლებს ბევრი სიყვარული და სითბო უნდა ვაჩუქოთ, მათი ამაგის გადახდა სწორედ ამაში უნდა გამოიხატებოდეს:
„ვიდრე მშობლები გვყვანან, ვესიყვარულოთ მათ, ვეფეროთ. ამაგის გადახდა ეს არის. ის კი არა, რომ სიბერეში ლუკმაპურს გაუწვდი. ჩვენი სიკეთე დავანახოთ მშობლებს. დაინახონ, რომ შვილი თურმე კარგი გაუზრდიათ, ქვეყანა ხარობს მათი გაზრდილით. ჩვენი კეთილდღეობა დავანახოთ მშობელს და რასაკვირველია, ზრუნვა მათზე. რაც მთავარია, მშობელმა რა ამაგიც დავგვდო ჩვენ, მერე ჩვენც ვხდებით მშობლები და იქ დაიწყება მშობლის ამაგის გადახდა. იქ უნდა გამოიჩინოთ თქვენი სიყვარული შვილების მიმართ, თქვენი ზრუნვა, თქვენი თავდადება, თქვენი სიკეთე. დედამ, თუ ცოცხალია, გაიხაროს, თუ გარდაცვლილია, ზემოდან დაგყუროთ და თქვას: „შვილო, ასეთი მინდოდა, რომ ყოფილიყავი.“ ამაგი დასდეთ თქვენს შვილებს. ეს იქნება დედის ამაგის გადახდის ყველაზე კარგი ფორმა.“
შალვა ამონაშვილმა გადაღლილ და მეტისმეტად გადატვირთულ მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა:
„პირველი, რაც უნდა გთხოვოთ, ის არის, რომ არ იწუწუნოთ: „ვაიმე, რა ვქნა, რაღა მე დამატყდა ეს ყველაფერი თავზე?!“ რამდენსაც ბევრს იწუწუნებთ, იმდენჯერ მადლი დაგეკარგებათ. შეიძლება მოუაროთ მშობელს, მაგრამ მადლი არ დაჰყვება ამას. თუ მშობელს წყალი უნდა მიაწოდო, არ დაამადლო. რა დროც გაქვთ, ის დრო გამოიყენეთ მაქსიმალურად. დროს ვერ გავაგანიერებთ, ვერ დავავიწროვებთ. აურაცხელი საქმეა, ზოგიერთი საქმე უნდა ჩამოიცილო, რადგან მშობლებია მოსავლელი, შვილს მიხედვა უნდა. სხვა საქმეებიც გასაკეთებელია, მაგრამ ეს საქმეები მოითმენენ. ბავშვის გაზრდა და ავადმყოფი მშობლის მოვლა ვერ მოითმენს.“
„თქვენზე ზრუნვა შეამცირეთ. წუწუნი არ დაიწყოთ. რასაც გააკეთებთ მშობლისთვის, მთელი სიყვარულით გააკეთეთ. თუ რაღაც არ გამოგივიდათ, დრომ არ გაცალათ, რას იზამთ, მაგრამ გულში ხომ გინდოდათ ეს გაგეკეთებინათ. ჩვენ ვერასდროს გავუკეთებთ მშობლებს ყველაფერს, რაც მათ ეკუთვნით ჩვენგან. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ცოდვიანი ადამიანები ვართ. სამაგიეროდ სხვებს გავუკეთებთ მერე. საკუთარი თავი დაივიწყე. გააკეთე ის, რომ მიხედო მშობელს, არ დაიწუწუნო,“ - აღნიშნულ საკითზე შალვა ამონაშვილმა „ამონაშვილის აკადემიის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.