როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
Covid-19 და შაქრიანი დიაბეტი - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები
დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას, რატომ ითვლებიან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირების მაღალ რისკ ჯგუფად და რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა კოვიდ პანდემიის პირობებში?
SARS-COV-19 ვირუსული ინფექციაა, რომელმაც შეცვალა დღევანდელი მსოფლიო. როგორც ცნობილია, კორონავირუსული ინფექცია განსაკუთრებულ რისკს ქმნის 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთის და ასევე თანმხლები ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის. ქრონიკულ დაავადებებში კი ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს შაქრიანი დიაბეტი. დღეს თქვენს ყურადღებას შევაჩერებ, რა რჩევები უნდა გაითვალისწინონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა არსებული პანდემიის პირობებში.
რატომ ითვლებიან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირების მაღალ რისკ ჯგუფად? შაქრიანი დიაბეტი მოქმედებს ადამიანის იმუნურ სისტემაზე, განსაკუთრებით კი არაკომპენსირებული დიაბეტი (მდგომარეობა, როდესაც პაციენტს არ აქვს გლუკოზის მაჩვენებლები სამიზნე ფარგლებში). ასეთ დროს ხდება იმუნური სისტემის დაქვეითება, რაც დიაბეტიან პაციენტებში ზრდის დაინფიცირების რისკს, ხოლო დაინფიცირების შემთხვევაში დაავადების მძიმედ მიმდინარეობას უწყობს ხელს.
განვიხილოთ, თუ რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა კოვიდ პანდემიის პირობებში. პირველ რიგში ზოგადი რეკომენდაციები:
მაქსიმალური სოციალური დისტანცირება (აუცილებლობის გარეშე მოერიდეთ ხალხთან კონტაქტს, თუ თქვენ ცხოვრობთ მრავალწევრიან ოჯახში სასურველია, ოჯახის წევრებისგანაც მაქსიმალური დისტანცირება),
ჰიგიენური ზომების მაღალ ხარისხში დაცვა,
ნიღბის სწორად ტარება,
ხშირად მოხმარებადი საგნების დეზინფიცირება,
აუცილებელია სისხლში შაქრის ციფრების მკაცრი კონტროლი, სასურველია, ციფრები რაც შეიძლება ახლოს იყოს სამიზნე მაჩვენებლებთან,
რეკომენდებულია დილით ადრე სუფთა ჰაერზე სეირნობა არახალხმრავალ ადგილებში დაახლობით ერთი საათის განმავლობაში,
კვებას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. აუცილებელია დღეში ჯერადი მრავალფეროვანი დაბალანსებული კვება. გაამდიდრეთ საკვები ცილოვანი საკვებით (ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის ნაწარმი), მიიღეთ სეზონური ხილი (გარდა დიაბეტიანებისთვის აკრძალული ხილისა: ბანანი, მსხალი, კარალიოკი, ლეღვი, ყურძენი). შეეცადეთ საკვები იყოს ჯანსაღი და სეზონური პროდუქტისგან მომზადებული,
სასურველია საპროფილაქტიკო დოზებით მიიღოთ D ვიტამინი,
იქონიეთ თქვენს მკურნალ ექიმთან მაქსიმალური კონტაქტი შაქრის ციფრების ნორმალიზააციითვის. სასურველია, ისარგებლოთ დისტანციური კონსულტაციით და არ ჩადგეთ რიგებში.
გახსოვდეთ - ადეკვატურად მართული შაქრიანი დიაბეტი შეამცირებს ინფიცირების და დაავადების მძიმედ მიმდინარეობის რისკებს!