როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
მონტესორის სიჩუმის თამაში, რომელიც ბავშვს სიმშვიდის შენარჩუნებაში ეხმარება და მოთმინებას ასწავლის
ბავშვის ერთ საგანზე კონცენტრირება და მისი ყურადღების კონკრეტულ დეტალებზე მიპყრობა ძალიან რთულია. უძრავად ყოფნა ბავშვისთვის თითქმის წამების ტოლფასია. სიმშვიდის შენარჩუნება ისეთი ჩვევაა, რომლის დასწავლა შესაძლებელია. ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა მონტესორის სიჩუმის თამაშია.
თამაში საკმაოდ მარტივია და ის დროის გარკვეულ მონაკვეთებში მონაწილეების ჩუმად ყოფნას ითვალისწინებს. მისი თამაში შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებშიც. ბავშვები სკამებზე ან იატაკზე წრეზე უნდა დავსვათ. მცირეწლოვან ბავშვებში 30 წამიც საკმარისია, ხოლო შედარებით ზრდასრულ ბავშვებს 5 წუთის განმავლობაში შეუძლიათ დუმილის შენარჩუნება.
ბავშვებს უნდა უთხრათ, რომ თამაშის მიზანს სიჩუმეში გარკვეული ხმების გაგონება წარმოადგენს. თამაშის დაწყებისა და დასრულების ნიშნად შეგიძლიათ ზარი დარეკოთ ან ქსილოფონის ხმა გამოიყენოთ. ზოგიერთები პატარა ანთებულ სანთელსაც იყენებენ, რომელსაც ბავშვი თამაშის დასრულების შემდეგ აქრობს. ძალიან კარგია ქვიშის საათის გამოყენებაც.
მას შემდეგ რაც სიჩუმისთვის განკუთვნილი თამაშის დრო ამოიწურება, ბავშვებს უნდა ჰკითხოთ, რისი ხმა გაიგონეს სიჩუმეში. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ბავშვების მიერ მოსმენილი ხმები, მით უფრო დაინტერესდებიან ისინი თამაშით.
მნიშვნელოვანია,რომ აქტივობა არ დაუკავშიროთ დასჯას და ბავშვის ცუდ ქცევას, რათა მისთვის ის ნეგატიურ განცდებთან არ იყოს ასოცირებული.
მონტესორის სიჩუმის თამაში აპრობირებული მეთოდია ბავშვების გარკვეული ხნით დასამშვიდებლად. საინტერესო თამაშისთვის შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინეთ:
ლენტზე რამოდენიმე ზარი ჩამოკიდეთ. ბავშვებს ლენტის ორივე ბოლოზე ხელი მოაკიდებინეთ და დაავალეთ ისე იმოძრაონ, რომ ზარებმა ხმა არ გამოსცენ.
შეგიძლიათ ბავშვს თვალი აუხვიოთ, შემდეგ კი რაიმე საგანი იატაკზე დააგდოთ. ბავშვმა უნდა გამოიცნოს, საიდან ჩამოვარდა საგანი და რა ნივთი დაეცა იატაკზე.
მცირეწლოვან ბავშვებთან გამოიყენეთ ჩურჩულის მეთოდი. ბაღში მასწავლებელს შეუძლია ბავშვის სახელი ჩურჩულით წარმოთქვას. ბავშვი მასწავლებელთან მივა, მასწავლებელი კი მას ყურში ჩურჩულით შეაქებს იმისთვის, რომ მისი დაძახება გაიგონა. ეს ბავშვს საკუთარი სახელის გაგონებისას ყურადღების გამახვილებას ასწავლის.
ეს მარტივი თამაში ბავშვს შემდეგ სარგებელს მოუტანს:
1. ბავშვი მიზანზე ფოკუსირებას სწავლობს.
2. ბავშვი მოთმინების უნარს გამოიმუშავებს.
3. ბავშვი მშვიდი და კონცენტრირებული ხდება.
4. ბავშვი ფრთხილად სიარულს სწავლობს.
5. ბავშვი სიჩუმისა და სიმშვიდის წუთებით ტკბება.
6. ჯგუფური თამაშისას ბავშვი გუნდურ მუშაობას სწავლობს.
7. ბავშვი ყურადღებით მოსმენას სწავლობს.
8. ბავშვი საკუთარ თავს უკეთ ეცნობა.
9. ბავშვი დეტალების შემჩნევას სწავლობს.
10. ბავშვის შეგრძნებები უფრო მკვეთრი ხდება.
მონტესორის სიჩუმის თამაში ბავშვს თვითდისციპლინის უნარებს უვითარებს და პიროვნულ განვითარებაშიც უწყობს ხელს.