Baby Bag

რას იწვევს ჩვენს ორგანიზმში ტრანსცხიმების ჭარბი მოხმარება?

რას იწვევს ჩვენს ორგანიზმში ტრანსცხიმების ჭარბი მოხმარება?

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას თემაზე - რას ნიშნავს ტრანსცხიმები და მავნებელია თუ არა ჩვენი ორგანიზმისთვის?

ალბათ, თითოეულ თქვენგანს ბევრი გსმენიათ ტრანსცხიმების შესახებ. ის ცნობილია, როგორც არაჯანსაღი ცხიმი, მაგრამ შესაძლებელია არ იცოდეთ თუ რატომ არის მავნებელი ორგანიზმისთვის. ამიტომ დღევანდელი რუბრიკა დავუთმოთ ტრანსცხიმების გაცნობას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ტრანსცხიმების გამოყენება შემცირდა, რადგან ამ კუთხით ინფორმირებულობა გაიზარდა და მარეგულირებელმა ორგანოებმა შეზღუდეს მათი გამოყენება, ისინი კვლავ საზოგადოების ჯანმრთელობის პრობლემას წარმოადგენს.
ტრანსცხიმები ან ტრანსცხიმოვანი მჟავები უჯერი ცხიმის ფორმაა. ისინი გვხვდება როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური ფორმებით. ბუნებრივი ტრანსცხიმები გვხვდება ხორცსა და რძეში. ისინი ბუნებრივად წარმოიქმნება, როდესაც ცხოველების კუჭში არსებული ბაქტერიები ინელებენ ბალახს, რომელსაც ცხოველი საკვებად იყენებს, თუმცა საკვებ რაციონში ხორცისა და რძის პროდუქტების არსებობამ არ უნდა შეგვაშფოთოს, რადგან ზომიერი ოდენობით ბუნებრივი ტრანსცხიმების მიღება არ არის საგანგაშო.
რაც შეეხება ხელოვნურ ტრანსცხიმებს, სხვაგვარად ცნობილია, როგორც სამრეწველო ტრანსცხიმები - საშიშია ჯანმრთელობისთვის. ეს ცხიმები წარმოიქმნება, როდესაც მცენარეული ზეთები ქიმიური ზემოქმედებით იცვლება და ოთახის ტემპერატურაზე რჩება მყარი, რაც მათი შენახვის ხანგრძლივობას ზრდის. სწორედ ამ სახეობის ცხიმია მავნე ორგანიზმისთვის.
ტრანსცხიმით მდიდარია მარგარინი. ტრანსცხიმების შემცველობა ყველაზე მაღალია ე.წ. სწრაფი კვების პროდუქტებში. 

რას იწვევს ჩვენს ორგანიზმში ტრანსცხიმების ჭარბი მოხმარება? ორგანიზმში იზრდება ე.წ „ცუდი“ ქოლესტერინის დონე, რაც, თავის მხრივ, ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, იზრდება თრომბების წარმოქმნის საშიშროება, აქვს უარყოფითი გავლენა წონაზე, ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს, იზრდება სიმსივნეების განვითარების რისკიც და სხვა.

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, საკვებ რაციონში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ხელოვნური ტრანსცხიმების გამოყენება. ყურადღებით წაიკითხეთ პროდუქტების შემცველობა და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

​გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეიძლება დაინტერესდეთ

იმუნიტეტის გასაძლიერებელი მარტივი რეცეპტი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს - ექიმ ზურაბ ვარაზის რჩევები

იმუნიტეტის გასაძლიერებელი მარტივი რეცეპტი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს - ექიმ ზურაბ ვარაზის რჩევები

ექიმმა ზურაბ ვარაზმა იმუნიტეტის შესანარჩუნებელ და გასაძლიერებელ ბუნებრივ მეთოდებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ჯანსაღი კვების მნიშვნელობას:

​ვიკვებოთ ჯანმრთელი საკვებით, ვიკვებოთ სეზონურად, ჩვენს სამშობლოში მოპოვებული საკვებით. როდესაც ხილი ჩამოტანილი არის ტროპიკული ქვეყნიდან და ექვსი თვე იმას არაფერი არ მოსდის, ის იმდენად არის დაბალზამებული, რომ ნივთიერებები, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მასში ძალიან დაქვეითებულია. საქართველოში არის მთელი ზამთრის განმავლობაში რაღაც ხილი და ბოსტნეული. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი რეცეპტები. ჩირს აკეთებდნენ, ტყლაპს აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები. ეს არის გამომშრალი ხილი, რომელიც ინარჩუნებს ვიტამინებს.“

ზურაბ ვარაზმა წინაპრების მიერ შემონახული საინტერესო რეცეპტიც გაგვაცნო, რომელიც იმუნიტეტის დაქვეითებისგან გვიცავს:

„არის ერთი მარტივი რეცეპტი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს. არის გარგარის ჩირი, რომელსაც კურაგად ეძახიან, იყიდება 300 გრამი. ასევე ქიშმიში 300 გრამი და ნიგოზი 300 გრამი. ეს 300-300 გრამი უნდა გაატაროთ ხორსაკეპ მანქანაში და დაუმატეთ ნახევარი კილოგრამი თაფლი. ინახება დიდხანს, არაფერი არ მოსდის. ერთი სუფრის კოვზი უნდა მიიღოთ დღეში ჩაისთან ერთად, როგორც დესერტი.“

„მიირთვით ნიგოზი 2-3 ლებანი, თხილი, დალიეთ ნიგვზის უღელისგან დამზადებული ნაყენი. ნიგვზის უღელი კაკალს რომ გატეხავთ, შიგნით ფირფიტებივით არის. ეს ფირფიტები იყრება ბოთლში, ვასხამთ არაყს ან სპირტს. ორი კვირის მერე მას ფერი ეცვლება და კონიაკივით არის. ​ეს უკვე იმუნიტეტის წამალია. ასევე კარგია კაკლის ფოთლის ნახარში. შეგიძლიათ ფოთლები უმზეურად გამოაშროთ, გააკეთოთ მისი ფხვნილი და შეინახოთ, დააყენოთ როგორც ჩაი და დღის განმავლობაში დალიოთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ ვარაზმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

წაიკითხეთ სრულად