Baby Bag

რას იწვევს ჩვენს ორგანიზმში ტრანსცხიმების ჭარბი მოხმარება?

რას იწვევს ჩვენს ორგანიზმში ტრანსცხიმების ჭარბი მოხმარება?

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას თემაზე - რას ნიშნავს ტრანსცხიმები და მავნებელია თუ არა ჩვენი ორგანიზმისთვის?

ალბათ, თითოეულ თქვენგანს ბევრი გსმენიათ ტრანსცხიმების შესახებ. ის ცნობილია, როგორც არაჯანსაღი ცხიმი, მაგრამ შესაძლებელია არ იცოდეთ თუ რატომ არის მავნებელი ორგანიზმისთვის. ამიტომ დღევანდელი რუბრიკა დავუთმოთ ტრანსცხიმების გაცნობას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ტრანსცხიმების გამოყენება შემცირდა, რადგან ამ კუთხით ინფორმირებულობა გაიზარდა და მარეგულირებელმა ორგანოებმა შეზღუდეს მათი გამოყენება, ისინი კვლავ საზოგადოების ჯანმრთელობის პრობლემას წარმოადგენს.
ტრანსცხიმები ან ტრანსცხიმოვანი მჟავები უჯერი ცხიმის ფორმაა. ისინი გვხვდება როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური ფორმებით. ბუნებრივი ტრანსცხიმები გვხვდება ხორცსა და რძეში. ისინი ბუნებრივად წარმოიქმნება, როდესაც ცხოველების კუჭში არსებული ბაქტერიები ინელებენ ბალახს, რომელსაც ცხოველი საკვებად იყენებს, თუმცა საკვებ რაციონში ხორცისა და რძის პროდუქტების არსებობამ არ უნდა შეგვაშფოთოს, რადგან ზომიერი ოდენობით ბუნებრივი ტრანსცხიმების მიღება არ არის საგანგაშო.
რაც შეეხება ხელოვნურ ტრანსცხიმებს, სხვაგვარად ცნობილია, როგორც სამრეწველო ტრანსცხიმები - საშიშია ჯანმრთელობისთვის. ეს ცხიმები წარმოიქმნება, როდესაც მცენარეული ზეთები ქიმიური ზემოქმედებით იცვლება და ოთახის ტემპერატურაზე რჩება მყარი, რაც მათი შენახვის ხანგრძლივობას ზრდის. სწორედ ამ სახეობის ცხიმია მავნე ორგანიზმისთვის.
ტრანსცხიმით მდიდარია მარგარინი. ტრანსცხიმების შემცველობა ყველაზე მაღალია ე.წ. სწრაფი კვების პროდუქტებში. 

რას იწვევს ჩვენს ორგანიზმში ტრანსცხიმების ჭარბი მოხმარება? ორგანიზმში იზრდება ე.წ „ცუდი“ ქოლესტერინის დონე, რაც, თავის მხრივ, ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, იზრდება თრომბების წარმოქმნის საშიშროება, აქვს უარყოფითი გავლენა წონაზე, ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს, იზრდება სიმსივნეების განვითარების რისკიც და სხვა.

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, საკვებ რაციონში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ხელოვნური ტრანსცხიმების გამოყენება. ყურადღებით წაიკითხეთ პროდუქტების შემცველობა და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

​გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა 7 708 ბავშვს დასჭირდა - NCDС-ის ანგარიში

საქართველოში ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა 7 708 ბავშვს დასჭირდა - NCDС-ის ანგარიში

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, 0-დან 18 წლამდე ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა 90 680 ბავშვი იყო, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 14,8%-ია.

2020 წელს ათი თვის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაინფიცირდა 23 470 ბავშვი, 2021 წელს 9 თვის მანძილზე კი 67 210 ბავშვი.

ინფიცირებული ბავშვების 51,3% მდედრობითი სქესის იყო, ხოლო 48,7% - მამრობითი.

18 წლამდე ასაკში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და 2021 წლის ივლისი-სექტემბრის თვეებში.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა 7 708 ბავშვს, რაც ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობის 8,5%-ია, მათ შორის ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 8 შემთხვევაში. ჰოსპიტალური ლეტალობა - 0,1%-ია.

წყარო: ​ncdc.ge

წაიკითხეთ სრულად