Baby Bag

რას იწვევს ჩვენს ორგანიზმში ტრანსცხიმების ჭარბი მოხმარება?

რას იწვევს ჩვენს ორგანიზმში ტრანსცხიმების ჭარბი მოხმარება?

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას თემაზე - რას ნიშნავს ტრანსცხიმები და მავნებელია თუ არა ჩვენი ორგანიზმისთვის?

ალბათ, თითოეულ თქვენგანს ბევრი გსმენიათ ტრანსცხიმების შესახებ. ის ცნობილია, როგორც არაჯანსაღი ცხიმი, მაგრამ შესაძლებელია არ იცოდეთ თუ რატომ არის მავნებელი ორგანიზმისთვის. ამიტომ დღევანდელი რუბრიკა დავუთმოთ ტრანსცხიმების გაცნობას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ტრანსცხიმების გამოყენება შემცირდა, რადგან ამ კუთხით ინფორმირებულობა გაიზარდა და მარეგულირებელმა ორგანოებმა შეზღუდეს მათი გამოყენება, ისინი კვლავ საზოგადოების ჯანმრთელობის პრობლემას წარმოადგენს.
ტრანსცხიმები ან ტრანსცხიმოვანი მჟავები უჯერი ცხიმის ფორმაა. ისინი გვხვდება როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური ფორმებით. ბუნებრივი ტრანსცხიმები გვხვდება ხორცსა და რძეში. ისინი ბუნებრივად წარმოიქმნება, როდესაც ცხოველების კუჭში არსებული ბაქტერიები ინელებენ ბალახს, რომელსაც ცხოველი საკვებად იყენებს, თუმცა საკვებ რაციონში ხორცისა და რძის პროდუქტების არსებობამ არ უნდა შეგვაშფოთოს, რადგან ზომიერი ოდენობით ბუნებრივი ტრანსცხიმების მიღება არ არის საგანგაშო.
რაც შეეხება ხელოვნურ ტრანსცხიმებს, სხვაგვარად ცნობილია, როგორც სამრეწველო ტრანსცხიმები - საშიშია ჯანმრთელობისთვის. ეს ცხიმები წარმოიქმნება, როდესაც მცენარეული ზეთები ქიმიური ზემოქმედებით იცვლება და ოთახის ტემპერატურაზე რჩება მყარი, რაც მათი შენახვის ხანგრძლივობას ზრდის. სწორედ ამ სახეობის ცხიმია მავნე ორგანიზმისთვის.
ტრანსცხიმით მდიდარია მარგარინი. ტრანსცხიმების შემცველობა ყველაზე მაღალია ე.წ. სწრაფი კვების პროდუქტებში. 

რას იწვევს ჩვენს ორგანიზმში ტრანსცხიმების ჭარბი მოხმარება? ორგანიზმში იზრდება ე.წ „ცუდი“ ქოლესტერინის დონე, რაც, თავის მხრივ, ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, იზრდება თრომბების წარმოქმნის საშიშროება, აქვს უარყოფითი გავლენა წონაზე, ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს, იზრდება სიმსივნეების განვითარების რისკიც და სხვა.

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, საკვებ რაციონში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ხელოვნური ტრანსცხიმების გამოყენება. ყურადღებით წაიკითხეთ პროდუქტების შემცველობა და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

​გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელია ყველის შედარებით დაბალკალორიული სახეობა და რა ოდენობის ყველი უნდა მიირთვან მათ, ვისაც წონის კორექცია სურთ?

რომელია ყველის შედარებით დაბალკალორიული სახეობა და რა ოდენობის ყველი უნდა მიირთვან მათ, ვისაც წონის კორექცია სურთ?

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. დღის რომელ მონაკვეთში მივირთვათ ყველი, რომელია ყველის შედარებით დაბალკალორიული სახეობა, რა ოდენობის ყველი უნდა მიირთვან მათ, ვისაც წონის კორექცია სურთ - ამ და სხვა სანტერესო თემებზე ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

​ყველი მრავალი საკვები ნივთიერების ჯანსაღი და გემრიელი წყაროა. ის შეიცავს ადვილად მოსანელებელ ცილებსა და ცხიმებს, მდიდარია კალციუმით, ფოსფორით და სხვა მინერალური ნივთიერებებით, A და B ჯგუფის ვიტამინებით. სასურველია მისი არსებობა ჩვენს ყოველდღიურ რაციონში, თუმცა აქაც ვერ გავექცევით ზომიერებას, რადგან ყველის ჭარბი რაოდენობით მოხმარება წონის მატებას უწყობს ხელს მისი კალორაჟიდან გამომდინარე.

​არსებობს ყველის უამრავი სახეობა, რომლებიც განსხვავდებიან შემადგენლობით, გემოვნური თვისებებით და კალორიულობით. ყველის შედარებით დაბალკალორიული სახეობაა - ფეტა.

​საქართველო გამოირჩევა ყველის განსაკუთრებული სიყვარულით. აქ პრაქტიკულად დღის ნებისმიერ მონაკვეთში მოსახლეობა ყველა სახეობის კერძთან მიირთმევს  ყველს, რაც არ არის სასურველი. ასევე ყველის არაჯანსაღი და გადაჭარბებული ოდენობით მოხმარება ხდება, როცა ის გამოიყენება პიცაში, ხაჭაპურში, ბურგერებში - ასეთ დროს იყენებენ მაღალკალორიულ ყველს, რომელსაც აქვს ცხიმის მაღალი შემცველობა და მასთან ერთად მარილის ჭარბი რაოდენობა, რაც წონაში მატების უდავო წინაპირობაა.

​ზოგადად ყველის მირთმევა შეგვიძლია დღის ნებისმიერ მონაკვეთში - საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე, მაგრამ მისი დღიური ჯამური ოდენობა უნდა იყოს განსაზღვრული. მათთვის, ვისაც წონის კორექცია სურს და მიირთმევენ ამა თუ იმ პროდუქტს განსაზღვრული ოდენობით, ყველის შემთხვევაში დღიური ჯამი 120-150 გრამის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. ყველის სახეობა კი უნდა იყოს ნაკლებკალორიული და ნაკლებმარილიანი.

​გისურვებთ ჯანმრთელობას.

წაიკითხეთ სრულად