Baby Bag

შიშის გამო პლანეტის ნაწილი შეგნებულად უარს იტყვის ამ ვაქცინაზე - კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გაიცა

შიშის გამო პლანეტის ნაწილი შეგნებულად უარს იტყვის ამ ვაქცინაზე - კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გაიცა

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ისტორიული დღის, ანუ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის დამტკიცების შესახებ წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით: 

,,ისტორიული დღე იყო 2020 წლის 10 დეკემბერი. FDA-მ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. 17 ხმა 4-ის წინააღმდეგ. ერთმა თავი შეიკავა. დარწმუნებული ვარ, იმ 17-დან ვერცერთი ვერ დაიძინებდა ამ საღამოს მშვიდად.

ნაცნობი შეგრძნებაა. სიკვდილთან ყოველი დამარცხებისას განუწყვეტლივ ფიქრობ, შეიძლებოდა თუ არა კიდევ რამის გაკეთება და შეცდომა ხომ არ დაუშვი სადმე; იქნებ ვერ იყავი საკმარისად გაბედული; იქნებ უფრო ფრთხილი უნდა ყოფილიყავი; იქნებ... იქნებ .. იქნებ ის ოთხი ადამიანი იყო მართალი; ისინიც ხომ ექსპერტები არიან? იქნებ ... იქნებ ...


დიახ, აქვს ვაქცინებს თავისი გართულებები. ყველამ ვიცით. მაგრამ კაცობრიობამ მიიღო მათი გამოყენების რისკი. პლანეტა ვერ გაჩერდება. ადამიანთა სამყარომ მიიღო და გაითავისა საკუთარ არსებობასთან დაკავშირებული ხიფათები, გათვალა უპირატესობები და პრაგმატული ნაბიჯებით გააგრძელა წინსვლა.

კოვიდმა მთელი წლით გაყინა პლანეტა; გადაასხვაფერა. ესპანური გრიპი ბევრად უფრო ფატალური პანდემია იყო, მაგრამ კოვიდი რატომღაც უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ალბათ იმიტომ, რომ მსოფლიო საოცრად დაპატარავდა და თან აჩქარდა. ინტერნეტმა შექმნა ეს ილუზია. ქვეყნებმა ერთმანეთის მოპირდაპირედ მდგარი კორპუსების მაცხოვრებლებივით დაიწყეს ერთმანეთის ფანჯრებში ჭვრიტინი, დაწვრილებით შეისწავლეს მეზობლების ქცევა, რუტინა; მოწმეები გახდნენ ერთმანეთის ბედნიერებისა და უბედურების, სიხარულისა და შიშის.

ნეტავ როგორ გავიხსენებთ ამ დღეს რამდენიმე წლის შემდეგ?

როგორც კაცობრიობის დიდი გამარჯვების დღეს? ასეთი სისწრაფით არასოდეს უმუშავია პლანეტის გაერთიანებულ გონს მიკროსამყაროს წინააღმდეგ. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში შეიქმნა ვაქცინა, ყველაზე ეფექტური და გამანადგურებელი იარაღი სამყაროთაშორის ბრძოლაში. რა სიზუსტის აღმოჩნდება ეს იარაღი? გასროლისას მსროლელსაც ხომ არ დააზიანებს? არავინ იცის აბსოლუტური სიზუსტით, მაგრამ მოცდა აღარ შეიძლება. მხოლოდ ვირუსი არ ემუქრება პლანეტას, შეუცნობელის მოლოდინის შიში დათრგუნავს და დააძაბუნებს.

ექიმებზე უკეთ არავინ იცის ამ შიშის ძალა. უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტი ხომ შიშით მანამ კვდება, სანამ თავად დაავადება მოერევა ორგანიზმს. ამ შიშის გავრცელება უნდა აღიკვეთოს. ვაქცინა იმედია, რწმენაა და იმდენად რაციონალურია ეს რწმენა, რამდენადაც მსოფლიო გონი ენდობა საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს.

შეუცნობლის მიმართ შიშის გამო პლანეტის ნაწილი შეგნებულად უარს იტყვის ამ ვაქცინაზე, მაგრამ ეს შიში აუცილებლად გაიფანტება დროთა განმავლობაში. როგორც კი ინფორმაცია, ცოდნა, გამოცდილება დაგროვდება, შიშის მოქმედების არეალიც შემცირდება.

მაგრამ, მაინც ... ნეტავ ვის უფრო მშვიდად სძინავს ამ ღამით, იმ 17-ს თუ იმ 4-ს?

ალბათ ერთ დღეს გავიგებთ. მანამ კი ყველას გილოცავთ პირველ ნაბიჯს ჩვენი ეგზომ მობეზრებული და ეგზომ მონატრებული რუტინის დასაბრუნებელ გზაზე,'' - აღნიშნავს ზურაბ გურული. 


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ​ჯგუფი“)

ფილტვების მარტივი სავარჯიშო თაბახის ფურცლის გამოყენებით - რეანიმატოლოგ არჩილ მარშანიას რჩე...
​​რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია ტელეკომპანია ფორმულას გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ფილტვის დაზიანების შემთხვევაში სუნთქვითი ვარჯიშების მნიშვნელობაზე საუბრობს:„სუნთქვითი ვარჯიშისთვის შ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ალბათ, უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას 12 წლის ზემოთ ვაქცინაციაზე და ეს დაშვებული იქნება, მაგრამ მანამდეც შეუძლიათ მოგვმართონ რისკჯგუფის მქონე პაციენტებმა“ - თემურ მიქელაძე

„ალბათ, უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას 12 წლის ზემოთ ვაქცინაციაზე და ეს დაშვებული იქნება, მაგრამ მანამდეც შეუძლიათ მოგვმართონ რისკჯგუფის მქონე პაციენტებმა“ - თემურ მიქელაძე

„​ალბათ, უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციაზე და ეს დაშვებული იქნება, მაგრამ მანამდეც შეუძლიათ მოგვმართონ ქრონიკული, რისკჯგუფის მქონე პაციენტებმა,“ - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც პედიატრმა აღნიშნა, 12 წლის ზემოთ ბავშვებისთვის, რომლებსაც არანაირი პათოლოგია არ აქვთ, ვაქცინაცია აუცილებელი არ არის.

„ჩემი მიმართვით რამდენიმე ბავშვი აიცრა საქართველოში. ერთეული შემთხვევებია, ეს იყო განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები და სწორედ ამ ბავშვებისთვისაც აუცილებელი იყო ვაქცინაცია, მათ ყოველგვარი გართულების გარეშე, ნორმალურად გადაიტანესპოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ გავაკეთეთ პირველად საქართველოში 12 წლის ასაკის ზემოთ ვაქცინაცია დაახლოებით ერთი თვის წინ. ეს იყო ერთეული შემთხვევები, კონკრეტულად ჩემი 3 პაციენტი აიცრა, მათგან ორი 12 წლის და ერთი 15 წლის. მათ გადაიტანეს რეაქციის გარეშე. ერთ-ერთი მათგანი შემდეგ დაინფიცირდა კიდეც და გადაიტანა მსუბუქი ფორმით. შესაბამისად, გავიდა ერთი თვე და მეორე დოზასაც დავამატებთ.

ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ განსაკუთრებით რისკჯგუფის მქონე ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია. რაც შეეხება ბავშვებს, რომლებსაც არანაირი პათოლოგია არ აქვთ, არ არის აუცილებელი ვაქცინაცია. მე რამდენიმე ათასი პაციენტი გავატარე, აქედან თითზე ჩამოსათვლელი იყო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, მათ რაიმე განსაკუთრებულად მძიმედ მიმდინარეობა კორონავირუსული ინფექციისა არ ჰქონიათ და რისკჯგუფის არმქონე ბავშვებთან არ არის აუცილებელი. სჯობია, ეს ვაქცინები ჯერ გამოვიყენოთ იმ მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომლისთვისაც კორონავირუსული ინფექცია შეიძლება ლეტალურად დასრულდეს.

ვისაც აქვს სურვილი, დღესვე შეუძლია ნებისმიერ მშობელს მიმართოს თავის ოჯახის ექიმს, ოჯახის ექიმები ავსებენ „ფორმა 100“-ს, შემდეგ იგზავნება სამინისტროში და მყისიერად ხდება ამაზე რეაგირება და მე-2, მე-3 დღესვე ეს ბავშვები აიცრებიან, ოღონდ ეს უნდა იყოს მშობლის ნება, ასევე ოჯახის ექიმმა უნდა დაადასტუროს, რომ ამ ბავშვს აუცილებლად სჭირდება ვაქცინაცია იმიტომ, რომ მას აქვს ისეთი ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც შეიძლება კორონავირუსი მომაკვდინებელი იყოს. სამწუხაროდ, ერთი ასეთი შემთხვევა უკვე გვქონდა ჩვენ ამ კონკრეტულ ჯგუფში. საუბარია 12-დან 15-წლამდე მძიმე ნერვოლოგიური, გენეტიკური პათოლოგია, ფილტვის ქრონიკული უკმარისობა, გულის თანდაყოლილი პათოლოგია თუ ა.შ. ასეთ ბავშვებს მშობლებისა და ოჯახის ექიმის მომართვის საფუძვლზე ჩვენ ავცრით. ალბათ, უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას 12 წლის ზემოთ ვაქცინაციაზე და ეს დაშვებული იქნება, მაგრამ მანამდეც შეუძლიათ მოგვმართონ ქრონიკული, რისკჯგუფის მქონე პაციენტებმა“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ.

წაიკითხეთ სრულად