ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ისტორიული დღის, ანუ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის დამტკიცების შესახებ წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
,,ისტორიული დღე იყო 2020 წლის 10 დეკემბერი. FDA-მ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. 17 ხმა 4-ის წინააღმდეგ. ერთმა თავი შეიკავა. დარწმუნებული ვარ, იმ 17-დან ვერცერთი ვერ დაიძინებდა ამ საღამოს მშვიდად.
ნაცნობი შეგრძნებაა. სიკვდილთან ყოველი დამარცხებისას განუწყვეტლივ ფიქრობ, შეიძლებოდა თუ არა კიდევ რამის გაკეთება და შეცდომა ხომ არ დაუშვი სადმე; იქნებ ვერ იყავი საკმარისად გაბედული; იქნებ უფრო ფრთხილი უნდა ყოფილიყავი; იქნებ... იქნებ .. იქნებ ის ოთხი ადამიანი იყო მართალი; ისინიც ხომ ექსპერტები არიან? იქნებ ... იქნებ ...
დიახ, აქვს ვაქცინებს თავისი გართულებები. ყველამ ვიცით. მაგრამ კაცობრიობამ მიიღო მათი გამოყენების რისკი. პლანეტა ვერ გაჩერდება. ადამიანთა სამყარომ მიიღო და გაითავისა საკუთარ არსებობასთან დაკავშირებული ხიფათები, გათვალა უპირატესობები და პრაგმატული ნაბიჯებით გააგრძელა წინსვლა.
კოვიდმა მთელი წლით გაყინა პლანეტა; გადაასხვაფერა. ესპანური გრიპი ბევრად უფრო ფატალური პანდემია იყო, მაგრამ კოვიდი რატომღაც უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ალბათ იმიტომ, რომ მსოფლიო საოცრად დაპატარავდა და თან აჩქარდა. ინტერნეტმა შექმნა ეს ილუზია. ქვეყნებმა ერთმანეთის მოპირდაპირედ მდგარი კორპუსების მაცხოვრებლებივით დაიწყეს ერთმანეთის ფანჯრებში ჭვრიტინი, დაწვრილებით შეისწავლეს მეზობლების ქცევა, რუტინა; მოწმეები გახდნენ ერთმანეთის ბედნიერებისა და უბედურების, სიხარულისა და შიშის.
ნეტავ როგორ გავიხსენებთ ამ დღეს რამდენიმე წლის შემდეგ?
როგორც კაცობრიობის დიდი გამარჯვების დღეს? ასეთი სისწრაფით არასოდეს უმუშავია პლანეტის გაერთიანებულ გონს მიკროსამყაროს წინააღმდეგ. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში შეიქმნა ვაქცინა, ყველაზე ეფექტური და გამანადგურებელი იარაღი სამყაროთაშორის ბრძოლაში. რა სიზუსტის აღმოჩნდება ეს იარაღი? გასროლისას მსროლელსაც ხომ არ დააზიანებს? არავინ იცის აბსოლუტური სიზუსტით, მაგრამ მოცდა აღარ შეიძლება. მხოლოდ ვირუსი არ ემუქრება პლანეტას, შეუცნობელის მოლოდინის შიში დათრგუნავს და დააძაბუნებს.
ექიმებზე უკეთ არავინ იცის ამ შიშის ძალა. უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტი ხომ შიშით მანამ კვდება, სანამ თავად დაავადება მოერევა ორგანიზმს. ამ შიშის გავრცელება უნდა აღიკვეთოს. ვაქცინა იმედია, რწმენაა და იმდენად რაციონალურია ეს რწმენა, რამდენადაც მსოფლიო გონი ენდობა საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს.
შეუცნობლის მიმართ შიშის გამო პლანეტის ნაწილი შეგნებულად უარს იტყვის ამ ვაქცინაზე, მაგრამ ეს შიში აუცილებლად გაიფანტება დროთა განმავლობაში. როგორც კი ინფორმაცია, ცოდნა, გამოცდილება დაგროვდება, შიშის მოქმედების არეალიც შემცირდება.
მაგრამ, მაინც ... ნეტავ ვის უფრო მშვიდად სძინავს ამ ღამით, იმ 17-ს თუ იმ 4-ს?
ალბათ ერთ დღეს გავიგებთ. მანამ კი ყველას გილოცავთ პირველ ნაბიჯს ჩვენი ეგზომ მობეზრებული და ეგზომ მონატრებული რუტინის დასაბრუნებელ გზაზე,'' - აღნიშნავს ზურაბ გურული.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
გონების სავარჯიშოები მეხსიერების გასაუმჯობესებლად ოთარ ტატიშვილისგან
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ექიმმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მეხსიერების გასაუმჯობესებელი სპეციალური ვარჯიშები შემოგვთავაზეს. კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ პაციენტებს მეხსიერების დაქვეითების პრობლემა ხშირად აწუხებთ. თუ მსგავსი პრობლემის წინაშე დგახართ, შემდეგი ვარჯიშები აუცილებლად გამოგადგებათ:
„შევეცდებით გასწავლოთ სავარჯიშოები, რომლითაც ავარჯიშებთ გონებას და შეამოწმებთ თქვენს მეხსიერებას. ეს ყოველდღიურადაც რომ გავაკეთოთ, არანაირი პრობლემა არ იქნება, ჩვენი მეხსიერება ამით მხოლოდ გაუმჯობესდება. პირველი სავარჯიშო შემდეგია: ეკრანზე გამოჩნდება სიტყვები: წითელი, ყვითელი, ლურჯი. თითოეული ეს სიტყვა სხვადასხვა ფერში განათდება, თქვენ უნდა თქვათ ის, რასაც დაინახავთ.თქვენ უნდა დაასახელოთ ფერები და არა სიტყვები.“
მეხსიერების გასაუმჯობესებლად ეფექტიანია ნახატების სავარჯიშოს შესრულებაც. თქვენ ყურადღებით უნდა დააკვირდეთ ნახატებს და შემდგომ შესაბამის კითხვებს გასცეთ პასუხი:
„მეორე სავარჯიშო ნახატების სავარჯიშოა. ეკრანზე გამოჩნდება ნახატები და შეგიძლიათ ამ ფოტოებს 20 წამი დააკვირდეთ. მერე დაიმახსოვრეთ და უნდა უპასუხოთ კითხვებს: რამდენი ნახატი იყო? რა ნახატი იყო მარცხნივ ზედა კუთხეში? ჩამოთვალეთ ეკრანზე არსებული ცოცხალი არსებები.“
„მესამე სავარჯიშოს ჰქვია 10 წუთი ბნელ ოთახში. ოთახს წრე უნდა დაარტყათ თვალებახვეულმა და ნახოთ, რამდენად გაქვთ დამახსოვრებული თქვენი ოთახი,“ - აღნიშნული სავარჯიშოების დახმარებით მეხსიერების გაუმჯობესებას წარმატებით შეძლებთ.