ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ისტორიული დღის, ანუ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის დამტკიცების შესახებ წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
,,ისტორიული დღე იყო 2020 წლის 10 დეკემბერი. FDA-მ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. 17 ხმა 4-ის წინააღმდეგ. ერთმა თავი შეიკავა. დარწმუნებული ვარ, იმ 17-დან ვერცერთი ვერ დაიძინებდა ამ საღამოს მშვიდად.
ნაცნობი შეგრძნებაა. სიკვდილთან ყოველი დამარცხებისას განუწყვეტლივ ფიქრობ, შეიძლებოდა თუ არა კიდევ რამის გაკეთება და შეცდომა ხომ არ დაუშვი სადმე; იქნებ ვერ იყავი საკმარისად გაბედული; იქნებ უფრო ფრთხილი უნდა ყოფილიყავი; იქნებ... იქნებ .. იქნებ ის ოთხი ადამიანი იყო მართალი; ისინიც ხომ ექსპერტები არიან? იქნებ ... იქნებ ...
დიახ, აქვს ვაქცინებს თავისი გართულებები. ყველამ ვიცით. მაგრამ კაცობრიობამ მიიღო მათი გამოყენების რისკი. პლანეტა ვერ გაჩერდება. ადამიანთა სამყარომ მიიღო და გაითავისა საკუთარ არსებობასთან დაკავშირებული ხიფათები, გათვალა უპირატესობები და პრაგმატული ნაბიჯებით გააგრძელა წინსვლა.
კოვიდმა მთელი წლით გაყინა პლანეტა; გადაასხვაფერა. ესპანური გრიპი ბევრად უფრო ფატალური პანდემია იყო, მაგრამ კოვიდი რატომღაც უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ალბათ იმიტომ, რომ მსოფლიო საოცრად დაპატარავდა და თან აჩქარდა. ინტერნეტმა შექმნა ეს ილუზია. ქვეყნებმა ერთმანეთის მოპირდაპირედ მდგარი კორპუსების მაცხოვრებლებივით დაიწყეს ერთმანეთის ფანჯრებში ჭვრიტინი, დაწვრილებით შეისწავლეს მეზობლების ქცევა, რუტინა; მოწმეები გახდნენ ერთმანეთის ბედნიერებისა და უბედურების, სიხარულისა და შიშის.
ნეტავ როგორ გავიხსენებთ ამ დღეს რამდენიმე წლის შემდეგ?
როგორც კაცობრიობის დიდი გამარჯვების დღეს? ასეთი სისწრაფით არასოდეს უმუშავია პლანეტის გაერთიანებულ გონს მიკროსამყაროს წინააღმდეგ. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში შეიქმნა ვაქცინა, ყველაზე ეფექტური და გამანადგურებელი იარაღი სამყაროთაშორის ბრძოლაში. რა სიზუსტის აღმოჩნდება ეს იარაღი? გასროლისას მსროლელსაც ხომ არ დააზიანებს? არავინ იცის აბსოლუტური სიზუსტით, მაგრამ მოცდა აღარ შეიძლება. მხოლოდ ვირუსი არ ემუქრება პლანეტას, შეუცნობელის მოლოდინის შიში დათრგუნავს და დააძაბუნებს.
ექიმებზე უკეთ არავინ იცის ამ შიშის ძალა. უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტი ხომ შიშით მანამ კვდება, სანამ თავად დაავადება მოერევა ორგანიზმს. ამ შიშის გავრცელება უნდა აღიკვეთოს. ვაქცინა იმედია, რწმენაა და იმდენად რაციონალურია ეს რწმენა, რამდენადაც მსოფლიო გონი ენდობა საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს.
შეუცნობლის მიმართ შიშის გამო პლანეტის ნაწილი შეგნებულად უარს იტყვის ამ ვაქცინაზე, მაგრამ ეს შიში აუცილებლად გაიფანტება დროთა განმავლობაში. როგორც კი ინფორმაცია, ცოდნა, გამოცდილება დაგროვდება, შიშის მოქმედების არეალიც შემცირდება.
მაგრამ, მაინც ... ნეტავ ვის უფრო მშვიდად სძინავს ამ ღამით, იმ 17-ს თუ იმ 4-ს?
ალბათ ერთ დღეს გავიგებთ. მანამ კი ყველას გილოცავთ პირველ ნაბიჯს ჩვენი ეგზომ მობეზრებული და ეგზომ მონატრებული რუტინის დასაბრუნებელ გზაზე,'' - აღნიშნავს ზურაბ გურული.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„სამწუხაროდ, მშობელი დღეში ათჯერ უზომავს ბავშვს ტემპერატურას. მან 37,3 ერთხელ მაინც შეიძლება დაიჭიროს,“ -თემურ მიქელაძე
პედიატრი თემურ მიქელაძე გადაცემაში „დილა უქმეებზე“ ბავშვებში სუბფებრილური ტემპერატურის არსებობის შესახებ საუბრობს და მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. თემურ მიქელაძის თქმით, უფროსები შეცდომას უშვებენ, როდესაც ბავშვს ტემპერატურას დღეში ათჯერ უმოწმებენ:
„კორონავირუსული ინფექციის შემდგომ სუბფებრილური ტემპერატურა 37,2-37,3 შეიძლება ისედაც დარჩეს. ტემპერატურას აქვს დღე-ღამის ცირკადული რიტმი. დღის გარკვეულ მონაკვეთში შეიძლება იყოს 36,5, შუადღეს ჯანმრთელ ადამიანშიც ავიდეს 37,3-მდე. ეს არის ნორმა. პანდემიის დროს მშობელი, სამწუხაროდ, დღეში 10-ჯერ უზომავს ბავშვს ტემპერატურას. მან ერთხელ მაინც შეიძლება დაიჭიროს 37,3. ეს არის ნორმა. ნუ შეგეშინდებათ, ეს ჩვეულებრივ ვითარებაშიც, კორონავირუსამდეც ასე იყო. ეს ტემპერატურა ამ შემთხვევაში არ არის საგანგაშო. უმეტეს შემთხვევაში ეს ტემპერატურა, თუ გადაზომავთ, უბრუნდება ნორმას. მთავარია, ტემპერატურის სწრაფი ავარდნა არ იყოს ზემოთ. სწორედ მაღალი მატების დროს შეგვიძლია ვიფიქროთ რაიმე გართულებაზე.“
თემურ მიქელაძე აღნიშნავს, რომ ბავშვს, რომელმაც კორონავირუსი მსუბუქად გადაიტანა, ზედმეტი კვლევების და ანალიზების ჩატარება არ სჭირდება;
„თუ ბავშვმა კორონავირუსი გადაიტანა უსიმპტომოდ სახლის პირობებში, მას არანაირი ანალიზი და ზედმეტი სტრესი არ სჭირდება. ჩათვალეთ, რომ ბავშვი არის ჯანმრთელი. უმეტეს შემთხვევაში ბავშვებს არანაირი კვლევა არ სჭირდებათ, თუ არიან ბინის პირობებში. თუ ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი, გამოწერის შემდეგ ექიმი წყვეტს ამ საკითხს. თუ იყო რაიმე ანთებითი რეაქცია, ამ პაციენტებს სჭირდებათ კვლევა. მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებს, რომლებიც ბინის პირობებში არიან, არანაირი კვლევები არ სჭირდებათ.“
„თუ ბავშვი კოვიდის გადატანის შემდეგ სუსტად არის, ის ფიზიკურად უნდა დატვირთოთ. თუ ბავშვი იტვირთებოდა ერთი საათის განმავლობაში, დავიწყოთ ათწუთიანი დატვირთვით და ნელ-ნელა გავზარდოთ დრო. თუ ბავშვი უკვე ერთი კვირაა ითვლება გამოჯანმრთელებულად, ერთი კვირის შემდეგ მას შეუძლია დაიწყოს ფიზიკური დატვირთვა. აქტივობა სრული დატვირთვის ათი პროცენტით უნდა დავიწყოთ. უმჯობესია, დატვირთვის დაწყებამდე მოზარდმა ექიმთან გაიაროს კონსულტაცია. ერთი თვის განმავლობაში ის ნელ-ნელა უნდა მივიდეს იმ დატვირთვამდე, რომელიც იქამდე ჰქონდა. ხშირად გავიყვანოთ ბავშვი გარეთ, გავაკეთებინოთ მარტივი ვარჯიშები, თუ სპორტითაა დაკავებული, ერთ თვეში დაუბრუნდება თავის ფორმას,“ - აცხადებს თემურ მიქელაძე.