Baby Bag

როდის უნდა მივიყვანოთ გოგონა გინეკოლოგთან?

როდის უნდა მივიყვანოთ გოგონა გინეკოლოგთან?

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. როდის უნდა მივიყვანოთ გოგონა გინეკოლოგთან? - ამჯერად მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. 

ბავშვთა გინეკოლოგია მოიაზრებს გოგონებზე მეთვალყურეობას დაბადებიდან 18 წლამდე.

ახალშობილ გოგონას აქვს რეპროდუქციული ფუნქცია, რომელიც ფუნქციონირებს. ექიმის მიერ ბავშვის პირველი გასინჯვა ხდება სამშობიაროში. მისი მიზანია, დავადგინოთ, არის თუ არა რაიმე ანატომიური ცვლილება გოგონას გენიტალიებში (გარეთა სასქესო ორგანოებში).

რა ასაკში უნდა მივიყვანოთ გოგონა გინეკოლოგთან, ამაზე ზუსტი პასუხი არ არის. ეს დამოკიდებულია ჩივილების არსებობაზე.

ზოგიერთ შემთხვევაში გოგონები დაბადაბისთანავე საჭიროებენ გინეკოლოგთან ვიზიტს.

რა ჩივილებით შეიძლება მოგვართოს ახალშობილის დედამ?

ახალშობილ გოგონას შეიძლება ჰქონდეს ჰორმონული კრიზი, თანმხლები სისხლიანი გამონადენით საშოდან, ასევე შესაძლოა იყოს სარძევე ჯირკვლების შესიება.

ზოგიერთ ახალშობილ გოგონას შესაძლოა ჰქონდეს მცირე სასირცხვო ბაგეების შეხორცება ან სხვა თანდაყოლილი პათოლოგია - საშოს შესავლის არარსებობა. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ბავშვთა გინეკოლოგს.

ასევე ხშირად გვხვდება ჩვილ გოგონებში სასქესო გზების ინფექციური პროცესი - ვულვიტი, რომელიც გამოწვეულია სასქესო ორგანოების არეში მიკრობების შეღწევით, რაც შესაძლოა იყოს განპირობებული არასაკმარისი ჰიგიენით, პამპერსის არასწორი გამოყენებით ან იყოს ალერგიული წარმოშობის, მაგალითად, ალერგიული რეაქცია სარეცხ ფხვნილზე, საპონზე ან რაიმე საკვებზე.

რა ჩივილები შეიძლება ჰქონდეს სკოლამდელ, 6-7 წლის გოგონას?

ამ ასაკის გოგონებში მაღალია ვულვიტისა და ვულვოვაგინიტის განვითარების რისკი მათი სასქესო ორგანოების ანატომიური აგებულების გამო. კერძოდ კი:

  • სასქესო ბაგეების არასრული დახურვა უკანა ნაწილში
  • ესტროგენის დაბალი დონე ორგანიზმში
  • საშოს ნეიტრალური ან ტუტე გარემო
  • იმუნიტეტის დაქვეითება


​ასევე შესაძლოა ჰქონდეს:

  • საკვერცხის კისტა
  • სასქესო ორგანოების განვითარების ანომალია
  • ნაადრევი სქესობრივი მომწიფება - მეორადი სასქესო ნიშნების გამოვლენა, სარძევე ჯირკვლების ზრდა, თმის ზრდა იღლიებსა და ბოქვენზე, მენსტრუალური ციკლის დაწყება 8 წლამდე.


​რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ აუცილებლად გინეკოლოგს?

აუცილებელია მიმართოთ გინეკოლოგს ყველა ჩამოთვლილი შემთხვევის დროს:

  • გარეთა სასქესო ორგანოების კანისა და ლორწოვანი გარსების სიწითლე, ქავილი, წვა და გამონადენი
  • წვა და ქავილი მოშარდვისას
  • მწვავე და ყრუ ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა არეში, მუცლის ზომაში მატება ან ფორმის ცვლილება
  • მენსტრუალური ციკლის არარსებობა 15 წლამდე
  • არარეგულარული მენსტრუალური ციკლი
  • ჭარბი მენსტრუაცია
  • 7 დღეზე მეტი ხანგრძლივობით მენსტრუაცია
  • მტკივნეული მენსტრუაცია
  • 2 თვეზე დიდხანს მენსტრუაციის გადაცდენა
  • ჭარბთმიანობა სახეზე
  • სტრიების არსებობა სხეულზე
  • ასიმეტრიულად განვითარებული სარძევე ჯირკვლები
  • ზრდაში ჩამორჩენა


​როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი გინეკოლოგთან ვიზიტისთვის?

სპეციალური  მომზადება არ არის საჭირო. გინეკოლოგიური გასინჯვა ბავშვთა ასაკში შემოიფარგლება გარეგანი ვიზუალური დათვალიერებით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი კვლევების ჩატარება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეიძლება დაინტერესდეთ

რა არის კლიმაქტერული სინდრომი იგივე კლიმაქსი და რა კვლევებს საჭიროებენ ქალბატონები ამ დროს?

რა არის კლიმაქტერული სინდრომი იგივე კლიმაქსი და რა კვლევებს საჭიროებენ ქალბატონები ამ დროს?

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია კლიმაქტერულ სინდრომზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

რა არის კლიმაქტერული სინდრომი (კლიმაქსი) ?
ფიზიოლოგიური პროცესის დროს ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს ცვლილებები ჰორმონულ დონეზე.
კლიმაქტერული სინდრომი თავის მხრივ მოიცავს:

  • პრემენოპაუზას (რეპროდუქციული ფუნქციის შეწყვეტას, იწყება 45-47 წლიდან)
  • მენოპაუზას (მენსტრუალური ფუნქციის შეწყვეტას, იწყება 51-53 წლიდან)
  • პოსტმენოპაუზა (იწყება 65-69 წლიდან)
რა იწვევს კლიმაქტერული სინდრომის დაჩქარებას?
კლიმაქტერული სინდრომის მაპროვოცირებელი ფაქტორებია:

  • სტრესი
  • გადატანილი დაავადებები
  • გადატანილი ოპერაციები საშვილოსნოსა და საკვერცხეებზე
როგორი მიმდინარეობა და რა სიმპტომები ახასიათებს კლიმაქტერულ სინდრომს?
ზოგიერთ ქალბატონში კლიმაქტერული სინდრომი მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის გარდა არაფრით არ ვლინდება. თუმცა არსებობენ პაციენტები, რომლებიც მძაფრად განიცდიან თავიანთ მდგომარეობას და აქვთ ჩივილები. ჩივილების გამოხატულება არის ადრეულ პერიოდში, შუა პერიოდში ან გვიან პერიოდში (ასაკის შესაბამისად). ასევე შესაძლებელია ჩივილები იყოს სამივე ზემოთ ჩამოთვლილ პერიოდში, ან მხოლოდ ერთ კონკრეტულში.
ადრეული პერიოდის ჩივილებია:

  • ადვილად გაღიზიანებადობა
  • აგრესიულობა
  • ოფლიანობა
  • ე.წ. „ალები“
  • თავის ტკივილი და თავბრუსხვევა
  • ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა)
  • არტერიული წნევის ცვალებადობა
  • დეპრესიული მდგომარეობა
შუა პერიოდის ჩივილებია:

  • კანისა და საშოს ლორწოვანის სიმშრალე
  • სასქესო ორგანოების წვა და ქავილი
  • შარდის შეუკავებლობა
  • თმის ცვენა
  • ფრჩხილების მტვრევა
გვიანი ფაზის სიმპტომებია:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
  • პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი
  • ართრიტი
რა კვლევებს საჭიროებენ ქალბატონები კლიმაქტერული სინდრომის დროს?

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • კოაგულოგრამა
  • გლუკოზის განსაზღვრა სისხლში
  • ჰორმონების განსაზღვრა სისხლში (ქალის ასაკის შესაბამისად)
  • ელექტროკარდიოგრაფია
  • ექოსკოპია
  • დენსიტომეტრია
  • მამოლოგის კონსულტაცია
  • რევმატოლოგის კონსულტაცია
როგორია კლიმაქტერული სინდრომის მკურნალობა?
მკურნალობაში იგულისხმება:
  • ჰორმონო ჩანაცვლებითი თერაპია (ჰორმონული პრეპარატების მიღება, რომლითაც მოხდება ორგანიზმში არსებული ჰორმონების დეფიციტის შევსება და გამოხატული ჩივილების მკურნალობა).
  • ფიტოესტროგენები და ფიტოჰორმონები (მცენარეული საშუალებების გამოყენება გამოხატული კლიმაქტერული სინდრომის ჩივილების სამკურნალოდ).
გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად