Baby Bag

როდის უნდა მივიყვანოთ გოგონა გინეკოლოგთან?

როდის უნდა მივიყვანოთ გოგონა გინეკოლოგთან?

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. როდის უნდა მივიყვანოთ გოგონა გინეკოლოგთან? - ამჯერად მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. 

ბავშვთა გინეკოლოგია მოიაზრებს გოგონებზე მეთვალყურეობას დაბადებიდან 18 წლამდე.

ახალშობილ გოგონას აქვს რეპროდუქციული ფუნქცია, რომელიც ფუნქციონირებს. ექიმის მიერ ბავშვის პირველი გასინჯვა ხდება სამშობიაროში. მისი მიზანია, დავადგინოთ, არის თუ არა რაიმე ანატომიური ცვლილება გოგონას გენიტალიებში (გარეთა სასქესო ორგანოებში).

რა ასაკში უნდა მივიყვანოთ გოგონა გინეკოლოგთან, ამაზე ზუსტი პასუხი არ არის. ეს დამოკიდებულია ჩივილების არსებობაზე.

ზოგიერთ შემთხვევაში გოგონები დაბადაბისთანავე საჭიროებენ გინეკოლოგთან ვიზიტს.

რა ჩივილებით შეიძლება მოგვართოს ახალშობილის დედამ?

ახალშობილ გოგონას შეიძლება ჰქონდეს ჰორმონული კრიზი, თანმხლები სისხლიანი გამონადენით საშოდან, ასევე შესაძლოა იყოს სარძევე ჯირკვლების შესიება.

ზოგიერთ ახალშობილ გოგონას შესაძლოა ჰქონდეს მცირე სასირცხვო ბაგეების შეხორცება ან სხვა თანდაყოლილი პათოლოგია - საშოს შესავლის არარსებობა. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ბავშვთა გინეკოლოგს.

ასევე ხშირად გვხვდება ჩვილ გოგონებში სასქესო გზების ინფექციური პროცესი - ვულვიტი, რომელიც გამოწვეულია სასქესო ორგანოების არეში მიკრობების შეღწევით, რაც შესაძლოა იყოს განპირობებული არასაკმარისი ჰიგიენით, პამპერსის არასწორი გამოყენებით ან იყოს ალერგიული წარმოშობის, მაგალითად, ალერგიული რეაქცია სარეცხ ფხვნილზე, საპონზე ან რაიმე საკვებზე.

რა ჩივილები შეიძლება ჰქონდეს სკოლამდელ, 6-7 წლის გოგონას?

ამ ასაკის გოგონებში მაღალია ვულვიტისა და ვულვოვაგინიტის განვითარების რისკი მათი სასქესო ორგანოების ანატომიური აგებულების გამო. კერძოდ კი:

  • სასქესო ბაგეების არასრული დახურვა უკანა ნაწილში
  • ესტროგენის დაბალი დონე ორგანიზმში
  • საშოს ნეიტრალური ან ტუტე გარემო
  • იმუნიტეტის დაქვეითება


​ასევე შესაძლოა ჰქონდეს:

  • საკვერცხის კისტა
  • სასქესო ორგანოების განვითარების ანომალია
  • ნაადრევი სქესობრივი მომწიფება - მეორადი სასქესო ნიშნების გამოვლენა, სარძევე ჯირკვლების ზრდა, თმის ზრდა იღლიებსა და ბოქვენზე, მენსტრუალური ციკლის დაწყება 8 წლამდე.


​რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ აუცილებლად გინეკოლოგს?

აუცილებელია მიმართოთ გინეკოლოგს ყველა ჩამოთვლილი შემთხვევის დროს:

  • გარეთა სასქესო ორგანოების კანისა და ლორწოვანი გარსების სიწითლე, ქავილი, წვა და გამონადენი
  • წვა და ქავილი მოშარდვისას
  • მწვავე და ყრუ ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა არეში, მუცლის ზომაში მატება ან ფორმის ცვლილება
  • მენსტრუალური ციკლის არარსებობა 15 წლამდე
  • არარეგულარული მენსტრუალური ციკლი
  • ჭარბი მენსტრუაცია
  • 7 დღეზე მეტი ხანგრძლივობით მენსტრუაცია
  • მტკივნეული მენსტრუაცია
  • 2 თვეზე დიდხანს მენსტრუაციის გადაცდენა
  • ჭარბთმიანობა სახეზე
  • სტრიების არსებობა სხეულზე
  • ასიმეტრიულად განვითარებული სარძევე ჯირკვლები
  • ზრდაში ჩამორჩენა


​როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი გინეკოლოგთან ვიზიტისთვის?

სპეციალური  მომზადება არ არის საჭირო. გინეკოლოგიური გასინჯვა ბავშვთა ასაკში შემოიფარგლება გარეგანი ვიზუალური დათვალიერებით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი კვლევების ჩატარება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ დავგეგმოთ ორსულობა, რა კვლევები ჩავიტაროთ?

როგორ დავგეგმოთ ორსულობა, რა კვლევები ჩავიტაროთ?

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. როგორ დავგეგმოთ ორსულობა, რა კვლევები უნდა ჩავიტაროთ და რომელი პროფილის ექიმს უნდა მივმართოთ? - მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია დღეს ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

რა არის ორსულობის დაგეგმვა?
ორსულობის დაგეგმვა (პრეგრავიდარული მომზადება) - კომპლექსური გამოკვლევაა, რომელიც მიმართულია ორსულობის დანაკარგების, ორსულობისა და მშობიარობის დროს გართულებების რისკების შესამცირებლად. უმჯობესია, ორსულობისთვის მზადება დაიწყოთ 3-4 თვით ადრე.
რა კვლევები უნდა ჩაიტაროთ?
პირველ რიგში, უნდა მიმართოთ გინეკოლოგს და ჩაიტაროთ:

  • გინეკოლოგიური ულტრაბგერითი კვლევა
  • საშოს ნაცხის ბაქტერისკოპია
  • პაპ-ტესტი
  • სასქესო ჰორმონები
  • ანალიზები ფარულ ინფექციებზე
  • სისხლის საერთო ანალიზი
  • შარდის ბაქტერიოლოგია
  • ვირუსული ინფექციები (B; C-ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი)
  • რამდენიმე შეწყვეტილი ორსულობის შემთხვევაში კვლევა ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომეზე
  • მიმართოთ ენდოკრინოლოგს, ჩააბაროთ ანალიზები ენდოკრინოლოგიური პროფილით (ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის გამორიცხვა, ჭარბი წონის არსებობის შემთხვევაში წონის კორექცია, დიაბეტის, ინსულინრეზისტენტობის და ა.შ. გამორიცხვა).

გამოიკვლიოთ პარტნიორი - მინიმუმ:

  • ნაცხი ინფექციებზე
  • სპერმოგრამა
  • საჭიროების შემთხვევაში თერაპევტის კონსულტაცია
  • საჭიროების შემთხვევაში გენეტიკოსის კონსულტაცია (თუ ოჯახურ ანამნეზშია რაიმე გენეტიკური დაავადება, ან მშობლების ასაკია 35 წელი და მეტი).
  • ექსტრაგენიტალური დაავადების დროს შესაბამისი პროფილის ექიმის კონსულტაცია და მეთვალყურეობა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად