Baby Bag

როგორი უნდა იყოს ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის გოგონების ჰიგიენა? - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციები

როგორი უნდა იყოს ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის გოგონების ჰიგიენა? - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციები

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. დღეს მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის გოგონების ჰიგიენაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. 

ახალშობილის ბავშვის დასაბანად დაგჭირდებათ შემდეგი ნივთები:

  • თბილი წყალი (და არა ცხელი)
  • ღრუბელი
  • საბავშვო საპონი (მყარი ან თხევადი)
  • მხოლოდ ბავშვისთვის განკუთვნილი სუფთა პირსახოცი
აუცილებელია შემდეგი ნორმების დაცვა:
ჩვილ ბავშვებში:

  • უპირველეს ყოვლისა, სანამ შეუდგებით ბავშის დაბანას, კარგად დაიბანეთ თქვენი ხელები
  • თქვენი ფრჩხილები მაქსიმალურად უნდა იყოს მოჭრილი, რათა არ მოხდეს ბავშვის კანის დაზიანება.
​აუცილებელია:

  • გოგონას სასქესო ორგანოების მაქსიმალური დაცვა უცხო მიკროფლორისგან (გახდა-ჩაცმისას უშუალოდ დააწვინეთ მისთვის განკუთვნილ სუფთა თეთრეულზე ან პირსახოცზე)
  • გარეგანი სასქესო ორგანოების დაბანა თბილი გამდინარე წყლით გარედან შიგნით (გარეთა სასქესო ორგანოებიდან ანუსისკენ და არა პირიქით)
  • ჩვილ ბავშვთა დაბანა სავალდებულოა დილას და ძილის წინ, ასევე ყოველი კუჭის მოქმედების შემდეგ
  • აუცილებელია ნეიტრალური PH-ის მქონე დასაბანი საშუალებების შერჩევა
  • უშუალოდ ბავშვისთვის განკუთვნილი რბილი პირსახოცი
  • სველი ხელსახოცის გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ხელსახოცი არ უნდა შეიცავდეს სპირტსა და ანტისეპტიკურ საშუალებას.
  • აუცილებელია პამპერსის გამოცვლა 2-3 საათში.
როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვის პამპერსი შეიცავს დიდი რაოდენობით ფეკალიებს და ეს ფეკალიები მოხვდა ბავშვის სასირცხვო ბაგეებზე?

ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ პამპერსის სუფთა ნაწილი გენიტალიების გასაწმენდად - წინიდან უკან ანუ გარეთა სასქესო გაბეეგიდან (თუ უკვე დასვრილია ფეკალიებით) ანუსისკენ. ამის შემდეგ სუფთა ხელებით ფრთხილად გადაუწიეთ გარეთა სასქესო ბაგეები, სუფთა ბამბის დისკით ან სველი ხელსახოცით (რომელიც არ შეიცავს სპირტსა და ანტისეპტიკს) ფრთხილად გაუწმინდეთ წინიდან უკან, ასევე სათითაოდ სასირცხვო ბაგეები. მხოლოდ ამის შემდეგ დაბანეთ ზემოთ აღნიშული რეკომენდაციის მიხედვით.

როგორია სკოლამდელი ასაკის გოგონების ჰიგიენის რეკომენდაციები?

ამ ასაკის გოგონებში მაღალია ვულვიტისა და ვულვოვაგინიტის განვითარების რისკი მათი სასქესო ორგანოების ანატომიური აგებულების გამო. კერძოდ კი:

  • სასქესო ბაგეების არასრული დახურვა უკანა ნაწილში
  • ესტროგენის დაბალი დონე ორგანიზმში
  • საშოს ნეიტრალური ან ტუტე გარემო
  • ადგილობრივად იმუნიტეტის დაქვეითება
ამიტომ:
  • ყოველდღიური ჩაბანა წარმოადგენს აუცილებლობას
  • აუცილებელია საცვლის ყოველდღიური გამოცვლა (ფიზიოლოგიური გამონადენი შარდის წვეთებთან ერთად რჩება საცვალზე, რაც იწვევს ნაზი კანის გაღიზიანებასა და ინფექციური პროცესის განვითარებას)
  • აუცილებლად ასწავლეთ გოგონას ტუალეტის ქაღალდის გამოყენება ყოველი მოშარდვის შემდეგ
  • საპნის გამოყენება დასაშვებია კვირაში 2-ჯერ
  • გოგონას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური პირსახოცი
  • პირსახოცი და საცვლები უნდა გაირეცხოს ცალკე, ოჯახის სხვა წევრების ტანსაცმლისგან დამოუკიდებლად


​​დაუცველი ჰიგიენის, მოჭერილი საცვლების, უხეში ტუალეტის ქაღალდის გამოყენების გარდა, ანთებით პროცესებს ასევე იწვევს მახვილა ჭიები, რომლებიც ბუდობენ მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილში. ზოგჯერ შესაძლებელია ეს ჭიები შეძვრნენ საშოში.

ნებისმიერი ასაკის გოგონებში უნდა მივაქციოთ დროული ყურადღება შარდის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის დროულ დაცლას, ვინაიდან მუდმივად გადავასებული შარდის ბუშტი და და ქრონიკული ყაბზობა (შეკრულობა) ზრდის ვულვიტის და ვულვო ვაგინიტის განვითარების რისკს.

გისურვებთ ჯანმრთელობას.

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაუთავებელი ტკივილი გულის არეში, ნაღვლის ბუშტის ან ღვიძლის ტკივილი, ნაწლავების აშლილობა,“ - გოგიტა გეგელაშვილი შფოთვითი აშლილობის სიმპტომების შესახებ

„გაუთავებელი ტკივილი გულის არეში, ნაღვლის ბუშტის ან ღვიძლის ტკივილი, ნაწლავების აშლილობა,“ - გოგიტა გეგელაშვილი შფოთვითი აშლილობის სიმპტომების შესახებ

ნევროლოგმა გოგიტა გეგელაშვილმა შფოთვითი აშლილობის დამახასიათებელი ნიშნების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პაციენტებს ხშირად აქვთ სომატური დაავადებების სიმპტომები:

​შფოთვითი აშლილობის დროს დამახასიათებელია რომელიმე დაავადების ნიღბით წარმოდგენა. ძალიან ხშირად უჩივიან ხოლმე გაუთავებლად გულის არეში ტკივილს, ნაღვლის ბუშტის ან ღვიძლის ტკივილს, ნაწლავების აშლილობას. ამას შინაგანი ორგანოების შფოთვასაც კი ეძახიან ხოლმე. შესაძლოა, იყოს აზრობრივი შფოთვა ან სომატური დაავადებების სიმპტომები იყოს წარმოდგენილი.“

გოგიტა გეგელაშვილის თქმით, გამოცდილი ექიმი გრძნობს, რომ სომატური დაავადების სიმპტომების მიღმა შფოთვითი აშლილობა დგას:

„გამოცდილი ექიმი ამას მაშინვე გრძნობს. სიმპტომები არის ბევრი და ობიექტური საყრდენი პარამეტრები არის ძალიან მცირე. ზუსტად ამ შეუსაბამობაზეა აგებული ექიმის ლოგიკა, რომელსაც წლების განმავლობაში აქვს საქმე ნამდვილ ავადმყოფობასთან და შენიღბულ ავადმყოფობასთანაც. ხშირად მოულოდნელი ხდება ხოლმე ექიმის ვერდიქტი, როდესაც ის პაციენტს უნიშნავს ანტიდეპრესანტს.“

​არ მოსწონთ პაციენტებს აღიარება, რომ მათ სჭირდებათ ანტიდეპრესანტი. ადამიანს ყოველთვის ესმის ფრაზა: „შენ ეს გეჩვენება.“ „გეჩვენებას“ როდესაც ემატება ანტიდეპრესანტი, პაციენტს ეს არ მოსწონს. აქ საჭიროა ექიმების დიდი რუდუნება, პაციენტის მუხლებში ჩავარდნა, დაყოლიება, დარწმუნება. შფოთვას ყველაზე კარგად ხსნის ანტიდეპრესანტი, მაგრამ მისი ეფექტი გვიან იწყება,“ - აღნიშნულ საკითხებზე გოგიტა გეგელაშვილმა რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

წყარო: რადიო ფორტუნა

წაიკითხეთ სრულად