„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„რაიმე ცალკე საგანი, სქესობრივი აღზრდა იქნება ეს თუ რაიმე სხვანაირი აღზრდა, არ არის საჭირო,“ - მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ სექსუალური აღზრდის პრობლემატიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექსუალური ქცევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქცევაა, რომლის გაკონტროლება მნიშვნელოვანია:
„სექსუალურმა რევოლუციამ გამოიწვია ნაადრევ ასაკში სექსუალური გამოცდილების დაწყება, რამაც გამოიწვია ფეხმძიმობები, აბორტები და ა.შ. ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ასეთი პროგრამა: „მხოლოდ თავშეკავება.“ მათ პირიქით დაიწყეს, ასწავლიდნენ მხოლოდ თავშეკავებას. თავშეკავება არის მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი. „არას“ თქმა შეუძლია მხოლოდ ადამიანს. ბავშვებს ბავშვობიდანვე ასწავლიან როგორ თქვან „არა,“ როგორ გააკონტროლონ ქცევა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქცევა არის სექსუალური ქცევა. მისი გაკონტროლება პირდაპირ კავშირშია მორალთან.“
მარინა კაჭარავას თქმით, ადამიანი ცხოველისგან მორალით განსხვავდება:
„მორალით განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან. ამ უკანასკნელს ეს არ სჭირდება არაფერში. თუ ეს იქნება სწავლება მორალური, ზნეობრივი, ოჯახზე, წმინდა სიყვარულზე, გამრავლებაზე, და-ძმობაზე, მეგობრობაზე ორიენტირებული, რატომაც არა. ბიოლოგიის, ანატომიისა და ფიზიოლოგიის სახელმძღვანელოში, ერთი დისციპლინის ქვეშ ამის სწავლება აბსოლუტურად აუცილებელი და მიზანშეწონილია. რაიმე ცალკე საგანი, სქესობრივი აღზრდა იქნება ეს თუ რაიმე სხვანაირი აღზრდა, არ არის საჭირო. ამის ფოკუსში ამოღება და ამის ცენტრალურ ფიგურად ქცევა არ არის საჭირო.“
„თუ ამბობ, რომ ხელები, ფეხები, თვალები, მაშინ ისე ასწავლე, როგორც ხელები, ფეხები და თვალები, როგორც სხვა სისტემები, ორგანოები. კარგად უნდა ასწავლო ეს, ყოველგვარი ეგზალტაციის, აჟიოტაჟის და მასხარაობის გარეშე. გენიტალიების გამოტანა ფართო ეკრანზე, ლაპარაკი იმაზე, რომ აქ არის სიამოვნების ზონა, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად არასაჭირო ინფორმაცია. 11-12 წლამდე ლატენტურია სექსუალობა. რატომ ვაღვიძებთ მას? რა საჭიროა?!“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა კაჭარავამ გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.